"მე მაცვია თეთრი ხალათი და სიკვდილის ბოლომდე მის გახდას არ ვაპირებ - იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ ლეტალობის დღევანდელი ინდექსი, ვუსურვებ, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია"
"თუ რაიმე სასიკეთო ხდება სამყაროს ნებისმიერ წერტილში, დამერწმუნეთ, ეს ჩვენს პროტოკოლში ასახულია და აისახება", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ ექსპერტების ნაწილის აზრით, კოვიდის მართვის პროტოკოლი რეალობას აღარ შეესაბამება და მასში ცვლილებების შეტანაა საჭირო.
როგორც რატიანმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფო პროტოკოლი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს ეფუძნება და მასში ცვლილებების პარალელურად იცვლება.
"ბევრი კრიტიკა მიმიღია დაუსაბუთებელი. ეს დაავადება სულ 2 წელს ითვლის, აღნიშნულიდან გამომდინარე ამ დაავადების შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი არც მე ვიცი და არც წამყვანმა მეცნიერებმა, ვინც ამ ვირუსს დღე და ღამე სწავლობენ. ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ბოროტებას სიკეთე სჯობს - თუ მათ აქვთ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ჩვენ, დანაშაულიცაა, თუ ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. რაც შეეხება ჩვენს სახელმწიფო პროტოკოლს, ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლზეა დაფუძნებული, ამიტომ, როგორც იცვლება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლი, ცვლილება ხდება ჩვენი პროტოკოლისაც. თუ რაიმე სასიკეთო ხდება სამყაროს ნებისმიერ წერტილში, დამერწმუნეთ, ეს ჩვენს პროტოკოლში ასახულია და აისახება.
მე მაცვია თეთრი ხალათი, სიკვდილის ბოლომდე ამ ხალათის გახდას არ ვაპირებ. იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსები, რაც გასაოცარია, ვუსურვებ ჩემთან ერთად, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია და დაგვევიწყებინოს ყველა ბოროტება",- განაცხადა რატიანმა.