"თუ "ოცნება" 43 %-ს ვერ მიიღებს, გარანტიას გაძლევთ, რომ დასავლეთი ჩვენს გვერდით იქნება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება" - კვირის პალიტრა

"თუ "ოცნება" 43 %-ს ვერ მიიღებს, გარანტიას გაძლევთ, რომ დასავლეთი ჩვენს გვერდით იქნება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება"

თუ 43%-ზე ნაკლები დაფიქსირდება"ქართული ოცნების“ ხმები, გარანტიას გაძლევთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება საქართველოში. ზუსტად ვიცი პარტნიორების განწყობა. პარტნიორები ჩვენს გვერდით იქნებიან შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე. მათთვის ეს 43% ძალაშია, არსად წასულა და ამას ღიად ამბობენ, - ამის შესახებ "მესამე ძალა -სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ"პალიტრანიუსის“ გადაცემა"დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, მთავარი გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს და პარტნიორებიც ქართული საზოგადოების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუ ხალხის განწყობა არ იქნება ისეთი, რომ" აღარ გვინდა ასე ცხოვრება“, მაშინ დასავლეთის განწყობები ხელისუფლებას ვერ შეცვლის.

"ზუსტად ვიცი დასავლეთის განწყობაც, მაგრამ რაც მთავარია ეს იქნება ხალხის განწყობა, საქართველოს მოქალაქეების განწყობა, რომ ასე აღარ მინდა ცხოვრება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერც ამერიკა და ვერც ევროპა ქართველი ხალხის ნაცვლად ვერ გააკეთებს ამას. ჩვენს ნაცვლად ხომ არ გააკეთებენ, ჩამოხსნიან ხელისუფლებიდან და დასვამენ ვიღაცას ხელისუფლებაში? - ასე ვერ მოხდება ვერცერთ შემთხვევაში, ამიტომ ჩვენ ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ დასავლეთს.

დასავლეთში ელოდებიან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ხალხი რას იტყვის. 43% კი არა 30 როგორ უნდა აიღოს ასეთმა ხელისუფლებამ და აი, ამ შედეგს ელოდება აბსოლუტურად ყველა, დასავლეთიც.

ჩვენ ვაპირებთ ხალხს ავუხსნათ, რომ თუ ორპოლუსიანობის პარადიგმა არ შეიცვლება, არაფერი შეიცვლება. ჩემი აზრით, ახლა საზოგადოება სერიოზული დაკვირვების რეჟიმშია და ვფიქრობ, ბევრი სიურპრიზი გვექნება ამ არჩევნებზე. თუ ერთი და იგივე არჩევანს გააკეთებ, შედეგი არ შეიცვლება. არ უნდა წამოვეგოთ იგივე ხაფანგს, როცა"ქართული ოცნება“"ნაციონალური მოძრაობით“ აშინებს საზოგადოებას.

ქართულმა პოლიტიკამ არასერიოზული ელფერი შეიძინა. პარტნიორები შოკში არიან. ამას სერიოზულობა ხალხმა უნდა დაუბრუნოს და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას ხმა არ უნდა მისცეთ. ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ დასავლეთს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს და იმას, ნიკა მელიას დაუჭერს ვაშაძის პარტია მხარს თუ გიორგი გახარიას, თუკი არჩევნების მეორე ტური შედგება და კახა კალაძის მეტოქე რომელიმე აღნიშნული ოპოზიციონერი ლიდერი იქნება, ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ მხარი არც ნიკა მელიას და არც გიორგი გახარიას დაუჭიროს.

"ჩვენ"ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვთანამშრომლობთ პირდაპირ გეტყვით იმიტომ, რომ მესამე ძალის იდეაც ამაში მდგომარეობს, რომ ვართ ცალკე დამოუკიდებელი მიზიდულობის ცენტრი. ვიცი, ამის აშენებას დრო სჭირდება, მაგრამ სულ რომ მარტო დავრჩე ამ პროცესში, მაინც რაც სიმართლე მგონია, იმას ავაშენებ.

მეორე ტურში არ არის აუცილებელი, რომ ვინმეს დაუჭირო მხარი. შეიძლება არც დაუჭირო არავის მხარი, ეს ალტერნატივაც გვაქვს. დაველოდოთ პროცესებს და დაველოდოთ რა იქნება პირველ ტურში და რა იქნება მეორე ტურში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"მესამე ძალის“ ლიდერმა უშუალოდ გახარიას პარტიაზეც ისაუბრა და ივარაუდა, რომ ყოფილი პრემიერი"ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში მოქმედებს.

"გახარიასთვის ტრადიციულ ოპოზიციურ ამომრჩეველზე მუშაობა ძალიან რთული იქნება. ყველას ხომ რაღაც გაგვიკეთებია და საიდანღაც მოვდივართ. ოპოზიციურ ამომრჩეველს 20 ივნისი კარგად ახსოვს, გახარიას ხელით ორგანიზებული. ძალიან გამიკვირდება, რომ მხარდაჭერა მიიღოს ტრადიციული ოპოზიციური ამომრჩევლისგან.

ვფიქრობ, რომ თუ გახარია"ქართულ ოცნებას“ ბევრ ხმას წაართმევს კარგია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც ჩანს, ის მაინც"ქართულ ოცნებასთან“ აპირებს გაერთიანება-თანამშრომლობას, ასე ეტყობა ყოველ შემთხვევაში, ამიტომ გულწრფელად ვთხოვ ყველა მოქალაქეს, რომ შეცდომაში ნუ შევალთ.

ვთქვათ, დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, გახარია ვისთან ერთად წარმოგიდგენიათ თანამშრომლობის თვალსაზრისით? –"ქართულ ოცნებაზე“ საუბროობს ის ყოველთვის."მე ვარ ნამდვილი ქართული ოცნებაო“, ლამის ასე გამოსდის. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

არ მინდა ახლა, რომ დავაბრალო რაღაც, მაგრამ გარანტირებულად არ ვიტყოდი, რომ გახარიას მიერ თბილისის მერის არჩევნებში ჩართვა არის იმისთვის, რომ ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდეს. ნამდვილად არ მგონია, რომ ასეა, მაგრამ არ მინდა რამე დავაბრალო. მეც ბევრჯერ ვყოფილვარ დაბრალების ობიექტი. მერე ბოდიშებს მიხდიან. ასეთი არაფერი გამიგია - ტელევიზიით შეიძლება გაგინოს ადამიანმა, მერე ბოდიშები გიხადოს და მერე ისევ გაგინოს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"