"ჩვენ ვერ მოვახერხეთ მასობრივი ვაქცინაცია, რომ მანამდე გამოვიმუშაოთ იმუნიტეტი, სანამ ახალი შტამი ჩვენამდე ჩამოაღწევს"
"ვისაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებოდა, ისინი ხვდებოდნენ კლინიკებში და ვისაც მართლაც სჭირდებოდა დახმარება, ისინი კლინიკებს მიღმა რჩებოდნენ. გართულებულ ეპიდვითარებასთან ერთად, ამანაც მიგვიყვანა ასეთ შედეგამდე"
რჩება თუ არა პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, რატომ გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შეიცავს თუ არა ვაქცინა ცოცხალ ვირუსს და იწვევს თუ არა "კოვიდ-19-ით დაავადებას? - ამ და სხვა საკითხების შესახებ ზოგადი პროფილის ექიმი, ეპიდემიოლოგი სოფო ქუთათელაძე გვესაუბრა.
- ხშირად ისმის საყვედური საზღვარგარეთ მცხოვრები და მომუშავე თქვენი კოლეგებისგან, რომ საქართველოში ეს ავადმყოფობა არასწორად იმართება, რომ, მაგალითად, "კოვიდის" დროს ინტუბირება დამღუპველია და ამძიმებს პაციენტის მდგომარეობას. არის თუ არა ეს სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიზეზი?
- ყველგან მოქმედებს ერთი და იგივე პროტოკოლი, გაიდლაინი, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და უცხოელი კოლეგების მიერ. მართებულად არ მიმაჩნია კოლეგების კრიტიკა, მით უფრო, ისეთი ადამიანების, რომლებსაც მართლაც დიდი წვლილი მიუძღვით მედიცინის განვითარებაში, მაგრამ გული მწყდება ასეთ დამოკიდებულებაზე...
არასწორი მართვის შედეგი არ არის ის, რაც დღეს ხდება, თუმცა ჩვენმა ექიმებმა ადამიანური რესურსი ამოწურეს. ალბათ, არის რაღაც ლაფსუსებიც, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ხშირად გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაა. ვისაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებოდა, ისინი ხვდებოდნენ კლინიკებში და ვისაც მართლაც სჭირდებოდა დახმარება, ისინი კლინიკებს მიღმა რჩებოდნენ. გართულებულ ეპიდვითარებასთან ერთად, ამანაც მიგვიყვანა ასეთ შედეგამდე. რაც შეეხება იმას, რომ არასწორია პაციენტის ინტუბირება და ეს ამძიმებს მათ მდგომარეობას - ვიმეორებ, რომ არსებობს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს ყველა ექიმი. დავდეთ ფიცი, რომ არ უნდა ვავნოთ პაციენტს და ეს არის მთავარი.
ინტუბაცია ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ხომ ვერ დაახრჩობ პაციენტს? აუცილებლად უნდა მიაშველო სუნთქვის აპარატი, რადგან ის უდიდეს რესურსს ხარჯავს. ფილტვების გარდა, ძალა ადგება სხვა ძირითად ორგანოებსაც. კოვიდი ხომ სისტემურ დაზიანებას იწვევს! ღვიძლი, თირკმელი, გული - ყველაფერი ერთდროულად შეიძლება დაზიანდეს. თუკი ადამიანის ორგანიზმს გადავტვირთავთ შედეგი არასასურველი იქნება. ამიტომ, მთავარია, ავადმყოფი დროულად და ადეკვატურად გადავიყვანოთ მართვით სუნთქვაზე, რაც უდიდესი დისკომფორტია, უპირველესად, სწორედ ექიმისთვის, რადგან ასეთ პაციენტს ორმაგი ყურადღება სჭირდება.
- როდესაც ახალ-ახალი შტამები ჩნდება, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია კვლავ არის თუ არა პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ეფექტიანი იარაღი? - დღევანდელმა ვაქცინებმა კვლევის პერიოდის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა. რა შედეგს მოგვცემს მასობრივი ვაქცინაცია? თუ უმეტესობა აიცრება, ვირუსი ვეღარ გავრცელდება, შესაბამისად, ის ვეღარც მუტაციას განიცდის და ახალი შტამებიც აღარ წარმოიქმნება. ეს არის ვაქცინაციის მნიშვნელობაც და დანიშნულებაც, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მასობრივი ვაქცინაცია, რომ მანამდე გამოვიმუშაოთ იმუნიტეტი, სანამ ახალი შტამი ჩვენამდე ჩამოაღწევს და ასე შევაჩეროთ პანდემია. ვთქვათ, მე ავიცერი და ამით საკუთარი თავი დავიცავი, მაგრამ ჩემ გვერდით ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც დაცვა სჭირდებათ? მარტო 10 კაცის აცრა და დაცულობა დანარჩენებს ვერ უშველის.
ევროპისა და ამერიკის მაგალითმა აჩვენა, რომ ვაქცინაციის შედეგად სიკვდილიანობა შემცირდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აცრა განსაკუთრებით აუცილებელია ისეთი მაღალი რისკის ადამიანებისთვის, როგორიც არიან ქრონიკულად დაავადებული, ონკოლოგიური, ორგანოგადანერგილი თუ სხვა სისტემური დაავადების მქონე პაციენტები.
- იყო შემთხვევები, როდესაც ასაცრელად მისულებს ანტივაქსერი ექიმები დახვდნენ და სხვადასხვა გაურკვეველი მიზეზით უკან გამოაბრუნეს. ასეთ სიტუაციაში ადამიანი იბნევა და უჩნდება ეჭვი, სწორად იქცევა თუ არა. - თუ გგონია, რომ არასწორ რამეს აკეთებ, მაშინ აცრის კაბინეტში არ უნდა იჯდე! ასაცრელად მისულ ადამიანს ექიმი ასე არ უნდა მოექცეს. ჩემი პასუხი ასეთია: მე ავცერი ჩემი 25 და 20 წლის შვილები.
- მოსახლეობაში ისევ არსებობს სკეპტიციზმი, ვაქცინაციისადმი ირაციონალური შიში, ეჭვი, კითხვები, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, განგვიმარტოთ რამდენიმე საკითხი. იწვევს თუ არა აცრა უშვილობას და ახდენს თუ არა გავლენას გენეტიკურ მასალაზე? - გამორიცხულია, აცრამ გენეტიკურ მასალაზე გავლენა მოახდინოს! რნმ ვერ შეაღწევს დნმ-ში და ვერაფერს შეცვლის! ამაზე კვლევები ჩატარებულია ცხოველებზეც და ადამიანებზეც. რაც შეეხება უშვილობას, არაერთ ქალბატონს ვიცნობ, აცრის შემდეგ რომ დაორსულდნენ და პატარას ელოდებიან. მათგან ბევრი ჩემი კოლეგაა, ზოგი - ორჯერ აცრილი, ზოგი - ერთხელ, ასე რომ, ეს არის აბსოლუტური სიცრუე.
- შეიცავს თუ არა ვაქცინა ცოცხალ ვირუსს და გამოიწვევს თუ არა ის "კოვიდ-19"-ით დაავადებას? - არცერთი ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს. არის ვაქცინები, რომლებიც შეიცავს მკვდარ, დამუშავებულ ვირუსს, რომელსაც აქვს შესაბამისი ანტისხეულები. ის, რომ ვიღაცამ ვაქცინა გაიკეთა, გამოვიდა და ვირუსი სხვას გადასდო, ტყუილია.
- სამწუხაროდ, გახშირდა ფეხმძიმეთა გარდაცვალების შემთხვევები. ორსულობის რომელ ეტაპზეა აცრა რეკომენდებული? - საზღვარგარეთ არაერთი შემთხვევა დადასტურდა, რომ დედის ვაქცინაციის შედეგად მის ორგანიზმში წარმოქმნილი ანტისხეულები გადავიდა ბავშვის ორგანიზმში და ახალდაბადებულსაც იცავს. ფაქტობრივად, ბავშვი ამ ვირუსთან საბრძოლველად მომზადებული იბადება. საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის მაგალითით შემიძლია გითხრათ, რომ ფეხმძიმეების ვაქცინაცია შედეგიანია. ამ მიმართულებით ჩვენთან კვლევის პროცესი მიმდინარეობს და ჯერ შედეგები არ გვაქვს. თავდაპირველად ორსულობის პირველ ტრიმესტრში აცრას ერიდებოდნენ, მაგრამ ახლა სამივე ტრიმესტრში ურჩევენ და რეკომენდაციასაც აძლევენ.
- მეძუძურ დედებს მხოლოდ "ფაიზერით" აცრას ურჩევთ?
- ამ ეტაპზე "ფაიზერი" ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და ორსულებში 100%-იანი შედეგი აქვს.
- შესაძლებელია ორჯერ ვაქცინირებულების გრიპის ვაქცინით აცრა?
- ოქტომბრის დასაწყისში შემოვა გრიპის ვაქცინა და ვისაც გადაწყვეტილი აქვს, შეუძლია აიცრას, ოღონდ აცრებს შორის ერთი თვე უნდა იყოს გასული.
- ბევრი მიიჩნევს, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ ანტისხეულების გამო აცრა საჭირო აღარ არის. რა ვიცით დაავადების გადატანის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტისა და ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტის შესახებ? - არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური ანტისხეულები. ინფიცირების შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი ყველას განსხვავებული აქვს, ძნელია, მისი ეფექტიანობა განსაზღვრო, ვაქცინებში კი ანტიგენის დოზა სტანდარტული ოდენობითაა, ამიტომ ვაქცინირებისას შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ, როგორი იმუნური პასუხი ექნება ადამიანთა უმეტესობას. ეს არის მთავარი განსხვავება ვაქცინით გამოწვეულ იმუნიტეტსა და ბუნებრივ იმუნიტეტს შორის. ლაბორატორიული კვლევით შეიძლება განსაზღვრა, რა რაოდენობით არის ბუნებრივი და რა რაოდენობით - ხელოვნური ანტისხეულები.
ვაქცინაცია საჭიროა, რომ ბუნებრივად გამომუშავებულ ანტისხეულებს ხელოვნურად გამომუშავებული ანტისხეულები მიეხმაროს.
- სკოლების უსაფრთხოებისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და "იუნესკომ" "კოვიდ-19"-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რვა რეკომენდაცია დაამტკიცეს. ეს რეკომენდაციები განკუთვნილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის და ითვალისწინებს, რომ სკოლა უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება. ჩვენთან კვლავ დისტანციურად იწყება სასწავლო პროცესი. ამ სიტუაციაში ეს სწორი გადაწყვეტილებაა? - ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მე მოლებს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს გავაჩერებდი, რათა კოვიდინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი უფრო შემცირებულიყო და ბავშვებს საკლასო ოთახებში დაბრუნება შესძლებოდათ. ეს მშობლებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, თუმცა დღეს სკოლებში დასწრებული სწავლის დაწყება სავალალო და მიზანშეუწონელი იქნებოდა. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, რადგან ახალგაზრდები შინ მაინც არ სხედან, დასასვენებლადაც დადიან, კაფე-ბარებშიც, ამიტომ აუდიტორიებში აღვადგენდი სასწავლო პროცესს.…
დარწმუნებული ვარ, თუ კეთილგონიერება გვეყოფა და პასუხისმგებლობას ვიგრძნობთ, ამ პანდემიას აუცილებლად გავუმკლავდებით.
ნინო ჯავახიშვილი