"ქუჩის ბიჭების დიპლომატია ქვეყნისთვის დამღუპველია"
"ჩვენი ხელისუფლება და ევროკავშირი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ"
მმართველი გუნდის უარი ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე და ამ გადაწყვეტილების გამო მითქმა-მოთქმა ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის საფრთხეზე, თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკური ძალების მუშაობა, მოსალოდნელი შედეგები და საგარეო ფაქტორები - ეს არის საკითხები, რომლებზეც "კვირის პალიტრა" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
- წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. თქვენი აზრით, როგორ მუშაობენ მმართველი გუნდი და ოპოზიციური ძალები?..
- სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ აღმოგვაჩნდა "ნაციონალებისა" და "ოცნების" დაპირისპირების პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის რესურსი. ამიტომაც
ძნელი წარმოსადგენია, ადგილობრივმა არჩევნებმა პოლიტიკური რელიეფი მნიშვნელოვნად შეცვალოს.
ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს არ სურს დაინახოს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის მკვეთრად გაუუცხოვდა საზოგადოების უდიდეს ნაწილს. უკვე რამდენიმე განაცხადი მოვისმინეთ იმის შესახებ, რომ მესამე ძალა ჩამოყალიბდა. როდესაც განცხადებას აკეთებენ უკვე კარგად ნაცნობი და წარსულით დამძიმებული აქტორები, ან ისეთები, ვის შესახებაც არაფერი ვიცით გარდა ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიისა, ამ წამოწყებათა პერსპექტიულობაზე ლაპარაკი ძნელია. და მაინც, საზოგადოება ამგვარი ძალის გამოჩენას ელის.
მერის თანამდებობაზე რამდენიმე საინტერესო პირი იყრის კენჭს. ანა დოლიძეს კარგად იცნობენ, თუმცა ამ ეტაპზე მას ნაკლებად აქვს ხისტი ბიპოლარული სისტემის დანგრევის რესურსი. რაც შეეხება გიორგი გახარიასა და მის პარტიას, ხშირად გამოთქვამენ ვარაუდს, რომ როგორც ოპოზიციონერი, გახარია ივანიშვილმა ხელოვნურად შექმნა, რათა ვითარების გაკონტროლება ხელიდან არ გაუშვას. ცხადია, კულუარული ინფორმაცია არა მაქვს, თუმცა გიორგი გახარია არ ტოვებს ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, ვინც "ოცნების" დანამატის როლს დასჯერდება და ამით თავს პოლიტიკური მოუსავლეთისთვის გაწირავს. თუნდაც ვარაუდები მართალი იყოს, ეს ყოველთვის სარისკო თამაშია. გავიხსენოთ, რომ ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორები თავის დროზე სწორედ შევარდნაძემ გამოარჩია და მათ დღემდე აბრალებენ, შევარდნაძის კრეატურები იყვნენო. არადა, სწორედ მათ შეძლეს ის, რაც იმდროინდელმა ოპოზიციამ ვერ შეძლო.
გიორგი გახარიას მოქმედებებში ჩანს თანამიმდევრულობა და რაციონალიზმი - სწორედ ის თვისებები, რომელთა დეფიციტიცაა ჩვენს მუდმივად ყალყზე შემდგარ კვაზირევოლუციურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის არ ცდილობს იყოს "მიშაზე უფრო მიშა"" ან "ბიძინაზე უფრო ბიძინა"" და დღეს სწორედ ეს ქმნის მის პოლიტიკურ კაპიტალს. ვერ ვიტყვი, როგორ წარიმართება მისი პოლიტიკური ბედი, რამდენად დიდი იქნება საზოგადოების ეს ნაწილი, მაგრამ ის კი შეიძლება ითქვას, რომ გახარიამ მნიშვნელოვან ნიშას მიაგნო პოლიტიკურ ველზე.
- ევროკავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ჯულიენ კრამპის განცხადება, რომ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილ ნაწილს, რადგან სათანადოდ ვერ შეასრულა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, საზოგადოების ნაწილმა "დემოკრატიის უკუსვლის" გაფორმებად შეაფასა; ზოგის თქმით, უარს ვამბობთ ევროკავშირის პოლიტიკურ ჩართულობაზე და საფრთხე ექმნება ქვეყნის საგარეო კურსს. რას ნიშნავს ხელისუფლების ეს ნაბიჯი?.. - პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებაში "ოცნება" ნამდვილად არ ჩამოუვარდება "ნაციონალურ მოძრაობას" და საეჭვოა, ხელიდან გაუშვას ასეთი ძლიერი ინსტრუმენტი. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესები ქვეყნის მომავალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დახმარებაზე უარის თქმა ხომ არსებითად იმას ნიშნავს, რომ უარს ამბობ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე და არ გინდა ამის შედეგები დაინახო. წარმოუდგენელია, პრემიერმა არ იცოდეს, რომ მისი განცხადება სწორედ ასე იქნება აღქმული.
მართალია, ამგვარი განცხადებები პრემიერს კლერიკალისტური და პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერით უზრუნველყოფს, მაგრამ ვეჭვობ, გაცილებით მეტ ხმას დაკარგავს. სანუკვარი 43%-ის გადალახვა შეიძლება შეუსრულებელ ამოცანად იქცეს. თუმცა ჩემთვის მთავარი კითხვა ისაა, თუ ვინ შეძლებს ამ ხმების აღებას. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში დიდხანს იფიქრეს, სანამ პრემიერი განცხადებას გააკეთებდა, რომ თავად თქვეს ტრანშზე უარი. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათო, გაისმა პასუხად. ის ეშმაკობები, რაც ყოველდღიურ ურთიერთობებში ჯერ კიდევ დასაშვებია, ხოლო ზოგიერთ წრეებში ჭკუის ნიშანიცაა, პოლიტიკაში, მით უმეტეს, ევროპულ პოლიტიკაში არცთუ შორსმჭვრეტელ ხედვაზე, უფრო მეტიც, პოლიტიკური კულტურის დეფიციტზე მიგვანიშნებს.
კაკუტასა და ქუჩარას ლოგიკით ევროპული პოლიტიკა არ კეთდება. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რბილად რომ ვთქვათ, ამის შემდეგ უფრო ნაკლებად ესმით მათი. ასე თუ გააგრძელეს, საბოლოოდ მიიღებენ არასასურველი პარტნიორის დამღას (თუ უკვე არ მიიღეს) და ეს სავალალოდ აღიბეჭდება ქვეყნის ბედზე.
- ხომ არ შეუქმნის ეს გადაწყვეტილება საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას, მით უფრო იმ რეალობაში, როდესაც ავღანეთში ქვეყნის სათავეში "თალიბანი" მოვიდა, რასაც მსოფლიოში რადიკალური ისლამის გაძლიერებასაც უკავშირებენ? - საფრთხე აშკარაა. ერთადერთი საგარეო აქტორი, ვინც გაგებით შეხვდება ამ ნაბიჯს, რუსეთია. შესაბამისად, გვსურს თუ არა, მის ორბიტაში მოქცევის რისკი იზრდება. მხოლოდ სასამართლო სისტემას არ ეხება საქმე. როგორღაც იოლად მიივიწყეს ანაკლიის პორტის ისტორია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო გზების განვითარების გარეშე გეოპოლიტიკურ ჩიხად შეიძლება იქცეს. ანაკლიის პორტი ერთ-ერთი უდიდესი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს იმისა, რომ 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგად ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ ჩიხს დავაღწიოთ თავი და ქვეყანამ განვითარების უმნიშვნელოვანესი ისტორიული იმპულსი მიიღოს. უამისოდ ჩვენს სახელმწიფოებრიობას მტკიცე საძირკველი ვერ ექნება. სწორედ ასეთივე ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ნავთობსადენს და გავიხსენოთ, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ რუსები მის გაყვანას. ამჯერად მხოლოდ კითხვას დავსვამ - პრემიერის უარი დახმარების მიღებაზე და ლავროვის მიერ გამოთქმული რუსეთის მზაობა, ჩვენთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აღადგინოს, დროში ლამის რომ დაემთხვა ერთმანეთს - შემთხვევითია?.. პრემიერისთვის ყველაზე კარგი ის იქნებოდა, გვევარაუდა, რომ ის უბრალოდ დააბნია პოლიტიკურმა ცხოვრებამ და უნებურად უშვებს შეცდომებს, რომელთა გამოც კრემლში სიამოვნებით იღიმებიან.
რაც შეეხება ავღანური მოვლენების გამო საფრთხეს, ძალაუფლებაში მოსულ "თალიბანს", ადრე თუ გვიან, მოუწევს საერთაშორისო ცხოვრებაში ამა თუ იმ ხარისხით მისაღები სახელმწიფოებრივი ძალის იმიჯის შეძენა. პერმანენტულ ისლამურ რევოლუციას, გარდა სურვილისა, დიდი რესურსები სჭირდება. იგივე გზა განვლო ირანმაც ისლამური რევოლუციის შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, დღევანდელი ირანი შეუდარებლად უფრო მშვიდი და ნაკლებად რადიკალურია ისლამური რევოლუციის პირველ ხანებთან შედარებით.
გასაგებია, რომ ამერიკელებმა ავღანეთიდან გამოსვლა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, მაგრამ ეს ისე უნდა გაეკეთებინათ, გამოსვლას გამოქცევის სახე არ მისცემოდა.
ამერიკელი დემოკრატების ავღანური პოლიტიკა რომ არაადეკვატური იყო და არის, იმითაც ჩანს, რომ წამოსვლამდე ერთი თვის განმავლობაში ქაბულში აშშ საელჩოს თავზე ლგბტ პრაიდის დროშა იყო აღმართული. ეს ხდებოდა ულტრატრადიციონალისტურ ავღანეთში. ამერიკელი კონსერვატორები დღეს ბევრს და რიხიანად ლაპარაკობენ იმაზე, თუ ამ და მსგავსმა ფაქტებმა რა როლი შეასრულა ავღანური არმიის მორალურ პარალიზებაში.
- ისევ ევროკავშირის მაკროფინანსურ სესხზე გკითხავთ - როგორ შეიძლება ეს გადაწყვეტილება ქვეყანაზე, მის მომავალზე აისახოს მაშინ, როდესაც 2024 წელს გაწევრებაზე განაცხადის შეტანას აპირებს?.. - როგორ უნდა აისახოს, როდესაც ქვეყანა ვერ იღებს ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს იმის გამო, რომ მთავრობამ მისი მიღების პირობები არ შეასრულა, ხოლო პრემიერი აცხადებს, რომ თურმე ხელისუფლებამ თავად თქვა უარი ტრანშზე. აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლება და ევროკავშირი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და ხელისუფლების ყოველგვარი განცხადება 2024 წელს განაცხადის შეტანის თაობაზე თანდათან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ახალი ტენდერის გამოცხადებას ემსგავსება. ამას ისიც დავუმატოთ, თუ როგორი სოლიდარობა დამყარდა პრორუსულ კლერიკალისტურ ძალებსა და ხელისუფლებას შორის და სურათი უფრო და უფრო ნათელი ხდება. როგორ ფიქრობთ, ვის გაახარებდა პრემიერის განცხადება, რომ ევროკავშირი არ არის მისი უფროსი? განა შემთხვევითია სწორედ ამ დღეებში ლავროვის განცხადება, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად? მოკლედ რომ ვთქვა, ამგვარ პოლიტიკურ სალტომორტალეებს აუცილებლად ექნება საარჩევნო შედეგი, თუნდაც საკუთარი ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის პარალიზების სახით.
ახალგაზრდა "ოცნებელების" პოლიტიკური ქცევა იმდენად უხერხული აღმოჩნდა, აქამდე მდუმარედ მყოფმა პრეზიდენტმაც აღიარა, რომ "ნაციონალები" და "ოცნება" ერთნაირად ვნებენ სახელმწიფოს.
- რამდენად საფუძვლიანია მმართველი გუნდის მოლოდინი, რომელიც ირწმუნება, რომ არჩევნებში ხმების 43%-ს აიღებს? - როგორც ჩანს, ძველი სცენარი განმეორდება. მოსახლეობაში იქნება დიდი უკმაყოფილება, მაგრამ არ იარსებებს პოლიტიკური აქტორი, ვინც ამას პოლიტიკურ ფაქტად აქცევს. დღევანდელ ოპოზიციას ამის უნარი არ შესწევს. ამიტომაც ველი, რომ არჩევნები ამომრჩევლის პასიურობით ჩაივლის. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი ტრადიციულად აქტიური იქნება და არჩევნების შემდეგ განსაზღვრული დროის განმავლობაში ვითარებაც დაიძაბება.
"ნაციონალური მოძრაობის" მთელი პოლიტიკური რესურსი იმაში გამოჩნდა, რომ არ უერთდებოდა მიშელის დოკუმენტს, სანამ "ოცნება" იყო მიერთებული, და ხელი მოაწერა ახლა, როცა "ოცნება" გამოვიდა შეთანხმებიდან. ძნელია, ასეთ პოლიტიკურ ქცევას სერიოზული უწოდო.
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" ქცევის წესი დიდად არ შეცვლილა, რის გამოც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ხელისუფლების სათავეში მათ დაბრუნებას კვლავ საფრთხედ აღიქვამს.
ხელისუფლება კი თავისი უუნარობით, ძალაუფლების ნებისმიერი ხერხით შენარჩუნების მცდელობით, რისთვისაც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებასა და მარგინალურ ძალებთან თანამშრომლობასაც არ უკადრისობს, მორალური მარცხისთვის არის განწირული. თუმცა მოსახლეობაში არსებობს 2012 წლამდე "ნაციონალების" ქცევის შესახებ ძალზე მძიმე ხსოვნა. "ოცნების" მთავარი პოლიტიკური რესურსი დღემდე ესაა, თუმცა თვალნათლივ რომ ილევა, აშკარაა.
როგორც ჩანს, ხელისუფლება და მათი ლიდერი ნაკლებად ითვალისწინებენ, თუ რა მნიშვნელოვანი სიმპტომი იყო ამ რამდენიმე წლის წინანდელი ახალგაზრდული გამოსვლები და რომ პრორუსულ კლერიკალიზმთან თამაშებმა შეიძლება ეს მოძრაობა ხელახლა გაააქტიუროს. მის მონაწილეებს დღეს უკვე დიდი გამოცდილება აქვთ და იმედია, მაშინდელ შეცდომებს აღარ დაუშვებენ.