"გახარია ძალიან ცრუპენტელა და ორპირი კაცი აღმოჩნდა"
"როცა ადამიანს მეგობრად მიიჩნევ და მერე კონკურენტად უდგები, თეორიულად მაინც ქმნი მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობას"
"ნაციონალური მოძრაობის" დანამატი გახდი, გახარია!" - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას თბილისის მერობის კანდიდატობის შესახებ. როგორც ზარქუა ამბობს, გახარიამ იცის, რომ გამარჯვების თეორიული შანსიც არა აქვს და წაგებულ ომში შედის. შესაბამისად, მისი ამოცანა მხოლოდ ის არის, კალაძეს ხმები დააკლოს და "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურში გაიყვანოს. არის თუ არა გახარია რეალური საფრთხე "ქართული ოცნებისთვის" და რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მმართველი გუნდი, ამის შესახებ ირაკლი ზარქუა გვესაუბრება:
- სინამდვილეში გახარიას მიერ საკუთარი თავის დასახელებას მერობის კანდიდატად წინასაარჩევნო ბრძოლაში ბევრი არაფერი შეუცვლია. ჩვენ კარგად ვიცით, რაზე უნდა ველაპარაკოთ ამომრჩეველს და რა შედეგზე გავდივართ.
კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს. უბრალოდ, რომ უნდა მოგვეგო 60 ან 55%-ით, ახლა შეიძლება მოვიგოთ 50%-ით. ჩემთვის გახარია ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. ძალიან ცრუპენტელა და ორპირი კაცი აღმოჩნდა. თვეების განმავლობაში მაქსიმალურად ვარიდებდი თავს მასზე რაიმეს თქმას. როცა ჩემი თანაგუნდელები "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირისთვის უყენებდნენ პრეტენზიას, არ მჯეროდა. თურმე ვცდებოდი. ზუსტად იცის გახარიამ, კახასთან ბრძოლაში თეორიული შანსიც არ გააჩნია, მეორე ადგილზეც კი ვერ გავა და წინასწარ წაგებულ ომში მაინც შედის.
ჩვენ მხარეს არის კახა თავისი ინფრასტრუქტურული პროექტებით, განახლებული სკოლა-ბაღებით. მეორე მხარეს არის მწვალებელთა გუნდი, რომელმაც სკოლა-ბაღები გაყიდა, ბიუჯეტიდან 50 მილიონი მოიპარა. როდესაც ამ ორ ძალას შორის მიდის ჯახი და შენ მწვალებლებს უდგები გვერდით, იწყებ თამაშს იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლის პრემიერი და პირველი პირი იყავი წლების განმავლობაში.
გახარია პოლიტიკურ ველზე ვერაფერსაც ვერ შეცვლის, 5-6%-იანი მხარდაჭერა თუ ექნება. თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი პოტენციური მხარდამჭერებიდან თუნდაც ერთი ხმა გახარიასთან მიდის. ყველას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში, არჩევნებში მონაწილეობა თითოეული ჩვენგანის კონსტიტუციური უფლებაა. უბრალოდ, ადამიანურ ურთიერთობებზეა საუბარი - როცა ადამიანს მეგობრად მიიჩნევ და მერე კონკურენტად უდგები, თანაც იცი, მეორე ადგილზეც ვერ გახვალ, ესე იგი, ხელს უწყობ მწვალებელთა პარტიას და თეორიულად მაინც ქმნი მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობას.
- როგორ ფიქრობთ, გახარია გაბრაზებულია თუ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის შეთანხმებული? - ჩემი აზრით, ან დაბნეულია და მავნებლობს, ან შეაცდინა გარკვეულმა ჯგუფმა. მართლა არ მჯეროდა შეთქმულების თეორიების, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ფაქტი კი ის არის, რომ გახარიამ თავისი გადაწყვეტილებით ნიკანორ მელიას დაუჭირა მხარი და მწვალებელთა პარტიას დაუდგა გვერდით. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან და ვგრძნობთ მხარდაჭერას. კახა მერობის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატია.
- რა ხელს აძლევს გახარიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა და მის სასარგებლოდ მოქმედება? - არ ვიცი, "ნაციონალებისგან" რა ბენეფიტებს ელოდება, მაგრამ ის ვიცი, ეს კაცი, რომელიც გუნდში თითქმის ყველა წამყვან პოზიციაზე იყო, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობით და დამთავრებული პრემიერობით, სწორედ მაშინ გადგა განზე, როცა ყველაზე რთული პერიოდი გვქონდა. ის არც ისეთი გულადი და კარგი კრიზისმენეჯერი ყოფილა, როგორიც გვეგონა. კაცი პრემიერი იყო და ამბობს, არ მომწონდა, რაც გუნდში ხდებოდაო. თუ პრემიერობის დროს ვერაფრის გაკეთება შეძლო, რატომ უნდა დაიჯეროს ხალხმა, რომ როგორც თბილისის მერი ააყვავებს ქვეყანას? დროში, სივრცესა და ფანტაზიებშია დაკარგული.
- ირაკლი კობახიძის თქმით, მისი დაინტერესების მოტივი იყო ფული, როცა "ნაციონალებს გაურიგდა" და ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა, ახლა კი კალაძესთანაც სავაჭროდ მივიდა. - არ ვიცი, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. შეხვედრა შედგა, რაც ჯერ უარყო, შემდეგ აღიარა გახარიამ. თავად არის დაბნეული. ჩვენთვის არაფერი იცვლება, კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს და ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.
ხათუნა ბახტურიძე