"ყოფილი პრემიერისთვის მერობისთვის ბრძოლა დაბალ საფეხურზე ჩამოსვლაა"
"სწორია თუ არა ევროპასთან ჭიდაობა, მომავალი გვიჩვენებს"
უჩვეულოდ მთვლემარე საარჩევნო გარემო სკანდალურმა განცხადებებმა და მოულოდნელმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა შეცვალა. "ძალიან მოულოდნელი იყო გახარიას გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო მერობისათვის ბრძოლაში. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, ბოლოდროინდელ მოვლენებს შორის", - ამბობს ფსიქოლოგი და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. რატომ არის გახარიას მერობის კანდიდატობა მნიშვნელოვანი მოვლენა, რას ცვლის ეს პოლიტიკურ ველზე და ვის სასარგებლოდ შეიძლება თამაშობდეს ყოფილი პრემიერი, ამის შესახებ რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:
- ვერ ვიტყვი, რომ საარჩევნო პროცესი დინამიკური გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე დაასახელეს თავიანთი კანდიდატები, პროცესი იმაზე მშვიდად მიდის, ვიდრე მიჩვეული ვართ. თუმცა გამორიცხული არ არის მშვიდობიანი კილო ბოლოსკენ გამძაფრდეს.
ამჯერად წინასაარჩევნო გარემო მშვიდი, მაგრამ ცოტა უჩვეულოა. პროცესს უცნაურ ელფერს აძლევს გახარიას მერობის კანდიდატად დასახელება. გახარიას თვალით თუ შევხედავთ ვითარებას, წესით, მისი მიზანი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, ხელისუფლების ფორმირება და გაცილებით მაღალი პოზიციის დაკავება უნდა იყოს, ვიდრე ქალაქის, თუნდაც თბილისის მერობაა. საზოგადოდ, ადამიანს არ სჩვევია მაღალი საფეხურიდან დაბლა ჩამოსვლა, უკიდურეს შემთხვევაში, იმავეზე მაინც რჩება. ყოფილი პრემიერისთვის მერობისთვის ბრძოლა დაბალ საფეხურზე ჩამოსვლაა.
- "ქართული ოცნების" ლიდერების, მაგალითად, ირაკლი ზარქუას აზრით, გახარიამ იცის, რომ დედაქალაქში გამარჯვების თეორიული შანსიც კი არა აქვს და მისი ერთადერთი ამოცანა კახა კალაძისთვის ხმების წართმევაა. მეორე მხრივ, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გახარია კახა კალაძესთან სავაჭროდ იყო მისული და კალაძის ერთი გაღიმებაც კი საკმარისი იქნებოდა, რათა მერობის პოსტზე თავისი კანდიდატურა არ დაეყენებინა. - კალაძე ისეთი ადამიანია, ღიმილი არ უჭირს და მაინცდამაინც გახარიას რატომ შეხვდებოდა კოპშეკრული? რაც შეეხება გახარიას გადაწყვეტილების ლოგიკურობას, სიმართლე გითხრათ, მიჭირს ლოგიკის დანახვა, ვითომ საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის დამტკიცება სურდა? მოდი, ასე ვთქვათ, მის წინაშე რამდენიმე ვარიანტი იყო - შეეძლო არ ჩაბმულიყო მერობისთვის ბრძოლაში და კალაძისთვის დაეჭირა მხარი. ამ შემთხვევაში მოიგებდა კალაძის გულშემატკივრების ხმას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე; შეეძლო წამოეყენებინა პირობითი კანდიდატი, რაც იმავე შინაარსის მატარებელი იქნებოდა, მაგრამ ადგა და მის პარტიაში ყველაზე წონიანი ვინც იყო, ანუ საკუთარი თავი, დააყენა კანდიდატად.
შეიძლება გახარია იმიტომ შეერკინა კალაძეს, საზოგადოებისთვის თავისი ძალის დანახვება სურდა. თუმცა შერკინება გამარჯვებისთვის საკმარისი რომ არ არის?
- მაშინ რაშია საქმე? - კარგი, გეტყვით ჩემს ვერსიას, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვერსიაა და რეალობა ამის საფუძველს არ იძლევა. გახარიამ შეიძლება კალაძესთან კი არა, მელიასთან მოგებისთვის უფრო იბრძოლოს. მან ადრე თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თავისი ანგარიშები აქვს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ აჯობოს მელიას და გამოაცხადოს, კალაძეს ვუჭერ მხარსო. ასეთ შემთხვევაში ძალას აჩვენებს საზოგადოებას და კალაძის მხარდამჭერების გულსაც მოიგებს საპარლამენტო არჩევნებისთვის.
- ფიქრობთ, რომ გახარიას მელიასთვის მოგებისა და მისი ოპოზიციაში ჩანაცვლების რესურსი აქვს? - მელიასთვის მოგება სულაც არ ნიშნავს მის ჩანაცვლებას ოპოზიციაში. გახარიას "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველზე არავითარ შემთხვევაში არ ექნება გათვლა. ის იპოვის ხმების იმ რაოდენობას, რაც მელიას ამომრჩეველს გადააჭარბებს, და უკვე მოგებულია.
"ხმების ბანკი" ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად არსებობს და ჯერ კიდევ ხელუხლებელია. ეს არის ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს იმ მოტივით, რომ არც "ოცნების" პოლუსი სურს და არც "ნაციონალური მოძრაობის". თუ გახარიამ ამ ხმების ამოძრავება და თავის აქტივში ჩასმა მოახერხა, მაშინ მელიას ნამდვილად დაამარცხებს და თამაშგარე მდგომარეობაში ჩააყენებს.
- კალაძისა და კობახიძის განსხვავებულ ვერსიებს კალაძე-გახარიას შეხვედრის შესახებ როგორ ახსნით? - მერიის შენობაში დღის 11 საათზე საიდუმლო შეხვედრებს არ მართავენ. ესე იგი, შეხვედრას არც კალაძე და არც გახარია არ მალავდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ კალაძემ რაც იცოდა, ყველაფერი თქვა.
- მაშინ კობახიძის ვერსიას რა საფუძველი აქვს?
- ჩემი აზრით, კობახიძის ვერსია იმ კინოს გაგრძელებაა, როდესაც გახარია "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთქმულებაში დაადანაშაულეს. მერე, ალბათ, დაფიქრდნენ, რატომ შეიძლებოდა გახარია "ნაციონალებთან" შეთქმულიყო. თუ "ნაცები" გაიმარჯვებდნენ, ყველაზე დიდ ჯილდოდ გახარია პრემიერის პოსტს მიიღებდა, რაც ისედაც ჰქონდა. შესაბამისად, თანამდებობრივ ხეირზე საუბარი აბსურდული იყო და წამოაყენეს ფინანსური ინტერესის ვერსია.
- შეუძლებელია გახარიას არ სცოდნოდა, რომ კალაძეს მერიაში შეხვდებოდა თუ სხვაგან, ამას ყველა შემთხვევაში მოჰყვებოდა სკანდალი. როგორ გგონიათ, რისთვის დასჭირდა ასეთი აურზაური ყოფილ პრემიერს? ამასთან, გავრცელდა მოსაზრება, რომ მერიაში შეხვედრამდე გახარია კალაძეს წყნეთშიც ესტუმრა. - არ გამოვრიცხავ, რომ ნამდვილად რაღაც პოლიტიკური სვლების ნაკრები იყოს შეხვედრები. ერთი რამ ცხადია, ორივეს რიტორიკას ეტყობა, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა მათი საუბრები იმასაც ეხებოდეს, თუ როგორ გახდეს მათი ორთაბრძოლა ნაკლებად მტკივნეული როგორც ერთისთვის, ისე მეორისთვის.
- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ღარიბაშვილი გახარიასთან ყოველთვის კორექტული იყო და ძალიან უცნაურად მოგეჩვენათ, როცა ერთ დღეს უცებ მაზაკვალად მონათლა. - ერთი რამ ცხადია, ღარიბაშვილი ისეთი მონდომებით არ ლანძღავს გახარიას, როგორც მელიასა და სააკაშვილს, საზოგადოდ "ნაციონალურ მოძრაობას". გახარიას შემთხვევაში კი მხოლოდ ერთი რეპლიკით შემოიფარგლა და მგონი, ისიც გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ უცნაურია, როცა ქვეყნის პრემიერი თითქმის ყოველდღე, ყველა ღონისძიებაზე ყოფილი მმართველი გუნდის შეცდომებზე, დანაშაულებზე საუბრობს და რამდენად შესაძლებელია მისივე მხარდამჭერებსაც კი მოჰბეზრდეთ გამუდმებით ამ საკითხზე საუბარი? - ქართველი პოლიტიკოსები ხშირად იმაზე საუბრობენ, რაც თავად სურთ, და არა იმაზე, რისი მოსმენაც მსმენელს სჭირდება.
ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნება" უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას, რადგან ქვეყანას ღუპავს. თავის მხრივ, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ოპოზიცია, კონკრეტულად კი "ნაციონალები", უნდა მოვაშოროთ პოლიტიკური ველიდან, რადგან ქვეყანას აჯანჯღარებენ. ყველა მათგანი თავისას მიერეკება.
ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება - მობეზრების ეფექტი. სულ რომ წმინდა წყლის სიმართლე ილაპარაკო, თუ ამას ხშირად გაიმეორებ, მოჰბეზრდებათ შენი მოსმენა. მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა შეახსენონ სისხლიანი 9 წელი. კი, უნდა შეახსენო, მაგრამ ისე, რომ ყური დაგიგდონ. ისე კი არ უნდა მოაბეზრო ადამიანს თავი, რომ აღარც მოგისმინოს. პიარი ისევ არის "ქართული ოცნების" სუსტი წერტილი.
- თქვენი აზრით, თვითმმართველობის არჩევნები როგორ განსაზღვრავს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მომავალს და რა შანსს მისცემს პატარ-პატარა პარტიებს? - "ნაციონალურ მოძრაობას" გაწერილი, მკაფიო გეგმა რომ არა აქვს, ეს ბევრ რამეში ჩანს. ნახევარი წელი ქუჩაში იდგნენ და მერე პარლამენტში მხარი არ დაუჭირეს იმ საკითხის გატანას, რისთვისაც ქუჩაში იდგნენ. როცა მოქმედების მკაფიო გეგმა და მიზანი არა გაქვს, ყოველთვის შემთხვევითობაზე იქნები დამოკიდებული. ეგენი ისევ რევოლუციურ სცენარზე ფიქრობენ. ამის ვარაუდის საფუძველს მაძლევს ის, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ახლა მოაწერეს ხელი, მაშინ, როცა ამ დოკუმენტზე აღარავინ ლაპარაკობს. რა არის მათი მიზანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში? თუ "ქართული ოცნება" არ შეასრულებს ამ დოკუმენტით გათვალისწინებულ 43%-იან დათქმას, ისინი ერთ ამბავს ატეხენ. დოკუმენტზე ხელი რომ არ ჰქონდეთ მოწერილი, ისე თამამი პრეტენზიები ვერ ექნებათ. თუ "ქართული ოცნება" 43%-ზე მეტს აიღებს, რაც მოსალოდნელია, მაშინ არჩევნების გაყალბებას მოიმიზეზებენ და ვნახავთ იმას, რაც ბევრჯერ გვინახავს.
რაც შეეხება გახარიას, ბევრი რამ არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე. კალაძე რომ მოუგებს, ცხადია, მაგრამ თუ მელიაც მოუგებს, მისი ადგილი აღარ დარჩება პოლიტიკაში. თუ ჩემი ვერსია გამართლდება, მელიას მოუგებს და კალაძეს გაუხსნის გზას, ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს - საპარლამენტო არჩევნებში კალაძის მხარდამჭერთა ხმებსაც დაიბევებს და შუაშისტურ ხმებსაც წამოიღებს.
- რა იქნება მაშინ, თუ "ოცნება" ვერ გადალახავს დათქმულ ბარიერს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე მაინც უარს იტყვის? - მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეეცდება, მაგრამ ეს არ გამოვა: ჯერ ერთი, ხალხი "ნაციონალების" დროშით აღარ გამოვა. გარდა ამისა, ამ პოლიტიკურ გუნდს ისევ გაუნაწყენდება ის ხალხი, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით პრინციპულ პოზიციას გამოხატავდა და ხელის მოწერაზე უარი პოზიტიურად აღიქვეს. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ამ დოკუმენტით ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი შეილახა.
- სახელდობრ რომელი ნაწილით? - დოკუმენტში მთელი რიგი საკითხებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას არ ითვალისწინებს. შეცდომებით სავსე დოკუმენტია, ევროპელებიც იმიტომ გაჩუმდნენ. ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიანაც მოეწონა, რომ საქართველომ პრინციპული პოზიცია დააფიქსირა. სხვათა შორის,
ქართველების დიდი ნაწილი ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმასაც პოზიტიურად შეხვდა. ბოლოს და ბოლოს, საქართველომაც შეძლო ხასიათის გამოვლენა და თქვა "არა".
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ხასიათის გამოვლენა ძვირად დაგვიჯდება? - ვნახოთ, ევროპასთან ხასიათის გამოვლენა ნამდვილად რისკიანია, მაგრამ უამისობაც გვარიანად ძვირი გვიჯდება. ვისაც არ ეზარება, ყველა ხელს გვიბრახუნებს მაგიდაზე, თითქოს ოროსანი მოწაფეები ვიყოთ. შეიძლება ევროპა ამის შემდეგ უფრო მეტი პატივისცემით მოგვექცეს და დაგვაფასოს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ უფრო გაგვიბრაზდნენ და ზეწოლაც იყოს. სწორია თუ არა ევროპასთან ჭიდაობა, მომავალი გვიჩვენებს.
- რამდენად მართებულია ეჭიდაო მეგობარს, როცა ამას მტერთან ვერ ახერხებ? - მტერი არასდროს გვაკლდა, მტერ-მოყვრის ხაზი კი ხშირად რწმენაზე გადიოდა. ამიტომაც გავხდით თავის დროზე ბიზანტიის პარტნიორები, თუმცა ვეჭიდავებოდით კიდეც. ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ არ არის სწორი პრინციპი მოყვარესთან თავის დახრა იმ მოტივით, რომ მტერს ვერ ერევი. რატომ? იმიტომ, რომ მოყვარემ შეიძლება ისეთი დაგმართოს, მტერიც რომ ვერ გიზამს. ამის კარგი მაგალითია რუსეთი, რომელიც ერთ დროს მეგობრად გვეგულებოდა. ბრიტანელებმა ძალიან სწორად თქვეს, პოლიტიკაში არ არსებობენ მტრები და მეგობრები, არსებობს ინტერესები.
ხათუნა ბახტურიძე