"სააკაშვილი ალბათ ,ღრუბლებს გამოჰყვება და..."
"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე შემიძლია თქმა, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება"
"გიორგი გახარიამ მთელი პოლიტიკური სპექტრი ააფორიაქა, პროცესი გამოცოცხლდა, დაიძაბა და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უფრო დაიძაბება. უკვე იყო რამდენიმე მოულოდნელი გადაწყვეტილება. ეს ეხება გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, ასევე "სტრატეგია აღმაშენებელს", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც წინასაარჩევნო გარემოზე, პოლიტიკური ლიდერების მოულოდნელ თუ მოსალოდნელ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკური თამაშის თავისებურებებზე გვესაუბრება:
- ოპოზიციურ სპექტრში ძალიან ბევრს სურს გახდეს მესამე ძალა, თუმცა ამისთვის მხოლოდ სურვილი და სახელად "მესამე ძალის" დარქმევა არ კმარა. კარგია, რომ "სტრატეგია აღმაშენებელმა" ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის კონსოლიდირება შეძლო, მაგრამ მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნისთვის ეს საკმარისი არ არის.
…მერობის კანდიდატად გახარიას დასახელებამ ვითარება დაძაბა არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში და ეს ძალიან კარგად ჩანს როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის განცხადებებში. ამ ყველაფერმა პროცესი უფრო საინტერესო გახადა.
- ბოლო დრომდე მერობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად კახა კალაძე და ნიკა მელია ითვლებოდნენ, თუმცა გახარიას განაცხადმა ეს მოცემულობა შეცვალა. ახლა პროცესის როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ? თქვენი აზრით, გახდება გახარია მთავარი ოპოზიციური კანდიდატი და მელიას ჩაანაცვლებს? - გულწრფელად რომ გითხრათ, დღეს-ხვალ გამიჭირდება იმის თქმა, შეძლებს თუ არა გახარია მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად ჩამოყალიბებას. ადრე ვფიქრობდი და ახლაც მიმაჩნია, რომ გახარიას მეტი სიფრთხილე მართებდა, უფრო მეტად ორიენტირებული უნდა ყოფილიყო პარტიის გაძლიერებასა და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე. შეცდომად მიმაჩნია მისი ჩართვა მერობისთვის ბრძოლაში. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე უკვე შემიძლია თქმა, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება. ეს ძალიან კარგად იციან "ქართულ ოცნებაში". ამიტომაც უტევენ ასე ძლიერად გახარიას. თუ გახარია მეორე ტურში გავა, შეიძლება მართლაც ჩაანაცვლოს ნიკა მელია, ეს კი არც "ქართულ ოცნებას" აწყობს და არც "ნაციონალურ მოძრაობას". ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ სიტუაცია დუღს, ორ კვირაში დადუღდება და ბევრი რამ უფრო ნათლად გამოიკვეთება. კიდევ ერთი მომენტია - თუ გახარია მეორე ტურში გავა, რას იზამს "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის ამომრჩეველი? აი, ეს არის პრობლემა. აქ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მისაღები.
კალაძე-მელიას მეორე ტური - კალაძისთვის გაფორმებული გამარჯვებაა, კალაძე-გახარიას მეორე ტური - გაურკვეველია, რა შედეგით დასრულდება.
- თქვენ გამორიცხავთ, რომ გახარია და კალაძე შეთანხმებულად მოქმედებენ? - ვერ გეტყვით. თავისთავად ის, რომ გახარია კალაძესთან მივიდა, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. არ გამიკვირდებოდა, თუ გავიგებდი, რომ გახარია მართლაც კალაძის საქმის კურსში ჩასაყენებლად მივიდა მერიაში. ათწლიანი თანამშრომლობისა და მეგობრობის შემდეგ ეს ძალიანაც ლოგიკური და გასაგები ნაბიჯია.
- მაშინ კალაძე რატომ ამბობს, კარგად ვერც გავიგე, რა უნდოდა გახარიასო?
- ჩემი აზრით, კალაძემ ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ მართლა ვერ გაიგო, რისთვის მივიდა გახარია, არამედ იმიტომ, რომ კობახიძის საწინააღმდეგო განცხადების გაკეთება არ სურდა. კალაძეს რომ ეთქვა, დიახ, გახარია იმიტომ მოვიდა, რომ ტელევიზიიდან არ გამეგო მისი მერობის კანდიდატობაო, მაშინ კობახიძესა და მასთან ერთად მთელ პარტიას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ამიტომ გააკეთა შუალედური განცხადება. ფინანსებთან დაკავშირებული ვერსიაც არ დაადასტურა, ფაქტობრივად, საკითხი ღიად დატოვა.
- მეორე მხრივ, გახარია ის კაცი არ არის, არ სცოდნოდა, რა სკანდალი მოჰყვებოდა მის მერიაში სტუმრობას. - კი, მაგრამ, ალბათ, არ მიანიჭა ამას მნიშვნელობა. თუ გახარიამ წინასწარ გათვალა ეს სიტუაცია, მაშინ უნდა ითქვას, რომ ჭკვიანურად გაუთვლია - ეს აჟიოტაჟი მის წისქვილზე ასხამს წყალს. დღეს გახარიას ასეთი პოზიცია უჭირავს - არც "ქართული ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა". რაც უფრო მეტად დაარტყამენ მას ერთი ან მეორე, იმდენად მეტ ამომრჩეველს მიიყვანენ გახარიასთან. გახარიას დღეს პიარი სჭირდება. ამაზე მეტი პიარი კი რაღა გინდათ?! მთელმა მედიამ და პოლიტიკურმა სპექტრმა ორ-სამ დღეს გახარია-კალაძის შეხვედრაზე ილაპარაკა. ესე იგი, გახარიას განცხადებამ, რომ თავად იყრის კენჭს მერის პოზიციაზე, იმდენად ააფორიაქა პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, რომ იმის იქით ვეღარაფერს ხედავენ. ეს ყველაფერი მის სასარგებლოდ მუშაობს.
- მმართველი გუნდის აგრესიულ წინასაარჩევნო კამპანიას როგორ შეაფასებთ? რა შთაბეჭდილებას შეიძლება უქმნიდეს ამომრჩეველს პოლიტიკური ძალა, რომლის საბრძოლო სტრატეგიაში ერთ-ერთი მთავარი ხაზი ოპონენტების გამუდმებული ლანძღვაა? - "ქართული ოცნება" ისევ ცდილობს ამომრჩეველი ანტინაციონალური განწყობით მიიზიდოს. ეს სტრატეგია "ქართული ოცნების" სავიზიტო ბარათია. თუმცა თქვენ მართალი ხართ, ახლა განსაკუთრებულად აგრესიულ წინასაარჩევნო პოლიტიკას აწარმოებენ. რა არის მიზეზი? რაც უფრო ეცემა მმართველი გუნდის რეიტინგი, მით მეტად საჭირო ხდება სიტუაციის გამწვავება. არადა, "ქართულ ოცნებას" შეეძლო "ნაციონალური მოძრაობისთვის" ნაკლები ყურადღება, ენერგია, რესურსი დაეთმო და თავის გაკეთებულ თუ გასაკეთებელ საქმეებზე ესაუბრა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მმართველ გუნდს ამის საშუალებას აძლევს, სალაპარაკო ნამდვილად აქვთ, ყველა სოფელში თუ რაიონში რაღაც მაინც გაკეთდა: ზოგან ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ზოგან წყალი შევიდა და ა.შ. ამ საქმეების ხარისხი სხვა თემაა, მაგრამ რაღაც ხომ გაკეთდა, სალაპარაკო ხომ აქვთ?! ეს "ოცნებას" გაცილებით მეტ დივიდენდს მოუტანდა, ვიდრე ოპონენტების გახელებული კრიტიკა. მართლა თვალში საცემია პრემიერისგან ოპოზიციის, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა. გამოვა პრემიერი, იტყვის, რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" და ამდენივე დროს უთმობს "ნაციონალების" ლანძღვას. მეათე წელია "ქართული ოცნება" სტრატეგიას არ ცვლის, მაგრამ ზუსტად ასევე იქცევა "ნაციონალური მოძრაობა". ორივე პოლიტიკური ძალა ჯიუტი თხების პოზაშია. "ნაციონალური მოძრაობა" მეათე წელია ჯიუტად ცდილობს რევოლუციური ტალღის აგორებას. თუნდაც ბოლო დროს მიღებული კომიკური გადაწყვეტილება რად ღირს - შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს მაშინ მოაწერეს ხელი, როცა აღარავის არ სჭირდებოდა. რაღაც ლოგიკა ხომ უნდა დაინახო ადამიანმა ამა თუ იმ მოქმედებაში?! ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რადგან "ქართული ოცნება" გავიდა ხელშეკრულებიდან, დასავლეთის დამოკიდებულება "ნაციონალების" მიმართ უფრო პოზიტიური გახდებაო.
- რამდენად გულწრფელი გეჩვენებათ ყოფილი პრემიერი, როცა ამბობს, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალების" მარტო დატოვება არ შეიძლება... მაიმუნობენ, ზღაპრებს, სპექტაკლებს დგამენ, მაგრამ მე ხომ ვიცი, სინამდვილეში როგორ ეკურკურებიან ერთმანეთსო. - თუ იცოდა, როგორ ეკურკურებიან ერთმანეთს, თავის დროზე ეთქვა. აქამდე სად იყო? ან ის მაინც უნდა თქვას, ამ კურკურის დასასრულებლად თავად რა გააკეთა. სანამ პრემიერი თავად იყო, მაშინ შეიძლებოდა? გახარიას სუსტი წერტილი "ქართული ოცნება" და მის წარსულზე ლაპარაკია, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობისთვის" სუსტი წერტილია სააკაშვილი. თავიდან სწორი პოზიცია ჰქონდა, როცა თქვა, რომ საქმეს გააკეთებს და არავის წინააღმდეგ არ იბრძოლებს. ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს განცხადებების გაკეთებას. ჯერ კიდევ გუშინ წამოვიდა "ქართული ოცნებიდან", გუშინ შეიძლებოდა "ნაციონალებისა" და "ოცნების" ერთად დატოვება და დღეს აღარ შეიძლება? რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ თავად უნდა გამშველებლის თუ შუაშისტური ძალის ფუნქცია?! მართალია, ჯერ კიდევ 2012 წლიდან ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ველზე მარტო დატოვება ამომრჩევლისთვის ტრაგედია იქნებოდა, მაგრამ შენ გუშინ რომ იყავი აქედან ერთ-ერთი გუნდის ლიდერი, დღეს ამას როგორ ამბობ? ან მაშინ ვერ აკეთებდი ანალიზს, რაც ძალიან ცუდია პოლიტიკოსისთვის, ან კიდევ ახლა ასე გაწყობს და იმიტომ ლაპარაკობ სხვაგვარად. ესეც ძალიან ცუდია. ესე იგი, სანამ გახარია ხელისუფლებაში იყო, მაშინ ყველაფერი კარგად იყო, ახლა კი ყველაფერი ცუდად არის?
- სააკაშვილი ისევ ახალ სიურპრიზებს გვპირდება. თქვენ რას ელით მისგან? - ალბათ, ღრუბლებს გამოჰყვება და საქართველოში ჩამოვა.…ისევ იმას იტყვის, რომ ხელისუფლება ცუდია, არჩევნებს გააყალბებს, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და დავასრულოთ... აბსურდული იყო მისი განცხადება, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის დახმარება არ მიიღო, ესე იგი, რუსული ორიენტაცია აქვსო. გასაგებია, ცუდია, რომ არ აიღო კრედიტი, მაგრამ როგორ არის ეს საკითხი რუსულ ორიენტაციაზე მიბმული, ვერ ვიგებ. ოპოზიციამ იმდენჯერ დაადანაშაულა "ქართული ოცნება" რუსულ ორიენტაციაში და იმდენჯერ თქვა, ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდესო, ამ ფრაზას აზრი დაუკარგა.
მთელი ათი წელია რუსეთისკენ მივდივართ. თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, რუსეთისგან თავი არც არასდროს დაგვიღწევია და "ქართული ოცნებაც" ზუსტად ისეთივე პროდასავლურია, როგორი პროდასავლურიც "ნაციონალური მოძრაობა" იყო.
პროდასავლურია ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუციებს აშენებს. თუ თქვენ მეტყვით, რომ რომელიმე ხელისუფლებამ საამისოდ იმუშავა, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი. ესე იგი, მტრები გაცილებით უკეთესად გვიცნობენ, ვიდრე თავად ვიცნობთ საკუთარ თავს. შემოგვიგდებენ პატარა პროვოკაციას და თვეების განმავლობაში გვყოფნის დაპირისპირებისა და ერთმანეთისთვის თავის მტვრევისთვის.
- ამ ვითარებაში როგორ აფასებთ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" მიერ მერობის ისეთი კანდიდატების დასახელებას, რომლებსაც საზოგადოება არც იცნობს. საინტერესოა, სხვა არჩევნის საშუალება არ ჰქონდათ თუ ესეც სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია? - "ლელომ" ძალიან უცნაური სვლა გააკეთა. როდესაც მერობის კანდიდატი არის არათუ ფართო საზოგადოებისთვის, ჩვენთვის, პოლიტიკით დაინტერესებული პირებისთვის, უცნობი ქალბატონი, პარტიის ერთ-ერთ ლიდერსა და გამორჩეულ პიროვნებას, ბადრი ჯაფარიძეს, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად ასახელებენ. პირიქით რომ ყოფილიყო, გასაგები იქნებოდა, მაგრამ... თუ ამას არ აკეთებ, საკრებულოს თავმჯდომარედაც უცნობი ახალგაზრდა დაგესახელებინა. მგონი, "ლელომაც" და "სტრატეგია აღმაშენებელმაც" მოვალეობა მოიხადეს მერობის ასეთი კანდიდატების დასახელებით.
- ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ორივე პოლიტიკური ძალა საბოლოოდ ნიკა მელიას დაუჭერს მხარს?
- ასე გამოდის! მაქსიმუმ ათას-ათასი ხმა აიღონ ერთმაც და მეორემაც.