როდის ამოვა ეკონომიკა პანდემიური "ორმოდან"?!
"ეკონომიკა გვეზრდება, თუმცა პარალელურად სამუშაო ადგილები გვიმცირდება და გვაქვს მძიმე სოციალური მდგომარეობა. ჩვენმა მოსახლეობამ ეკონომიკური ზრდა რომ იგრძნოს, ამისთვის უნდა მოიმატოს სამუშაო ადგილებმა და შემცირდეს უმუშევრობა, მოიმატოს ხელფასებმა საჯარო და
ბიზნესსექტორში, იმავდროულად, არ უნდა გვქონდეს ინფლაციის ასეთი მაღალი დონე"
საქართველოს მთავრობაში ბოლოს დროს ხშირად ამბობენ, რომ "მსოფლიოში უპრეცედენტო" ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (6 თვეში 12,7%) გვაქვს და რომ ამან ქვეყანაში დეპრესიული ფონი და მოსახლეობის ნიჰილისტური დამოკიდებულებაც შეცვალა. ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზეც უნდა აისახებოდეს, თუმცა რა ვუყოთ გაზრდილ ინფლაციას, რომელსაც მოსახლეობა უფრო მძაფრად აღიქვამს, ვიდრე ეკონომიკის "დუღილს"? ინფლაციის გაზრდას ექსპერტები არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან. კეთილ სურვილად რჩება ეროვნული ბანკის დაპირება, რომელიც 2021 წლის დასაწყისში აანონსებდა, რომ ინფლაცია კალაპოტში ჩადგებოდა და ქვეყანა წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდებოდა. "ჩვენმა მოსახლეობამ ასე თუ ისე რომ აღიქვას ეკონომიკური ზრდა, საჭიროა ინფლაცია მინიმუმ ერთნიშნა ნიშნულზე, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში 6%-ზე დაბლა მაინც ჩამოვიდეს... და თუ ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც შევინარჩუნეთ, 2022 წელს მოსახლეობა მას უკვე საკუთარ თავზეც იგრძნობს", - გვეუბნება ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე.
- ჩვენს მოქალაქეებს მუდმივად ესმით, რომ ეკონომიკა ძლიერდება, მაგრამ ვერ გრძნობენ. როდის და როგორ შეიძლება ეკონომიკურმა ზრდამ ისეთი ხასიათი შეიძინოს, რომ ეს რიგითმა მოქალაქეებმაც აღიქვან?
- ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, მეტ-ნაკლებად სწრაფად აისახება მოსახლეობაზე - როგორც წესი, ზრდის გავლენას 3-6 თვეში გრძნობენ. სამწუხაროდ, განვითარებით ჩვენს მსგავს ქვეყნებში, როგორც წესი, ასე პირდაპირ ეს არ ხდება. საქართველო ამის ნათელი მაგალითია. ეკონომიკა ყოველთვიურად გვეზრდება, თუმცა პარალელურად სამუშაო ადგილები გვიმცირდება და გვაქვს მძიმე სოციალური მდგომარეობა. ჩვენმა მოსახლეობამ ეკონომიკური ზრდა რომ აღიქვას, ამისთვის უნდა მოიმატოს სამუშაო ადგილებმა და შემცირდეს უმუშევრობა, მოიმატოს ხელფასებმა როგორც საჯარო, ისე ბიზნესსექტორში და, იმავდროულად, არ უნდა გვქონდეს ინფლაციის ისეთი მაღალი დონე, როგორიც ახლა გვაქვს. შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობ, რომ თუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ, 2022 წელს ეს მოსახლეობაზეც აისახება. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ინფლაცია. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად თუ ორნიშნა ინფლაცია გვექნება, ფაქტობრივად, ის ეკონომიკურ ზრდას "შეჭამს" და მოსახლეობაც ვეღარ იგრძნობს ზრდის დადებით ეფექტს.
საზოგადოებაც, როგორც წესი, ინფლაციას, ანუ ფასების საერთო დონის ზრდას, უფრო მეტად აღიქვამს, ვიდრე ეკონომიკურ ზრდას. როდესაც ეზრდებათ სურსათის ფასი, კომუნალური გადასახადი და ა.შ., ეს მყისიერად აისახება მათ ცხოვრებაზე, ხოლო ეკონომიკური ზრდა, რომლის საფუძველია საწარმოების რიცხვის ზრდა, ბიზნესის მდგომარეობის გაუმჯობესება, იმპორტ-ექსპორტის მატება, რიგით მოქალაქეებზე ასე სწრაფად არ აისახება. შესაბამისად, ჩვენმა მოსახლეობამ ასე თუ ისე რომ იგრძნოს ეკონომიკური ზრდა, საჭიროა ინფლაცია მინიმუმ ერთნიშნა ნიშნულზე ჩამოვიდეს, საუკეთესო შემთხვევაში, 6%-ზე დაბლა მაინც.
- ინფლაციის დონე მართლაც საკმაოდ მაღალია. საწვავის ფასის ზრდას ყველაფრის გაძვირება მოსდევს ხოლმე. როდის და რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ 11,9%-იანი წლიური ინფლაციის შემცირებას, მთლად მიზნობრივ მაჩვენებლად მიღებულ 3%-მდე (როგორ პროგნოზსაც ეროვნული ბანკი აკეთებდა) თუ არა, თქვენი თქმის არ იყოს, 6%-ზე დაბლა მაინც? - ინფლაციის ასეთ ზრდაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ეროვნული ბანკია. როცა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი იზრდებოდა, ის მუდმივად იმეორებდა, რომ ეს ინფლაციაზე გავლენას არ ახდენდა. როცა ეს პროცესი გრძელდებოდა, ის შესაბამის ნაბიჯებს არ დგამდა. დღეს მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ განაპირობა ბევრი პროდუქციის, მათ შორის სასურსათო პროდუქტის ფასის ზრდა. როდესაც გაქვს ამხელა იმპორტი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება გავლენას მოახდენს ფასების საერთო დონის ზრდაზე, ასევე ნავთობის ფასებზე და ყველა სხვა მიმართულებით. შესაბამისად, მივიღეთ მაღალი ინფლაცია. ამის დასტაბილურება საკმაოდ რთული იქნება.
არ ველი, რომ წლის განმავლობაში შევძლებთ, და წარმოუდგენლადაც მიმაჩნია, რომ მიზნობრივ მაჩვენებლამდე ჩამოვალთ, თუმცა იმედია, ამჯერად მაინც ეროვნული ბანკი უფრო გონივრულად მიუდგება ამ საკითხს და ყველანაირად იზრუნებს, რომ ინფლაცია დაახლოებით 6%-ს მაინც ჩამოსცდეს.
- ნავთობზე ფასების ზრდა ხომ არ არის ჩვენზე დამოკიდებული? რატომ არ იაფდება საწვავი, როცა საერთაშორისო ბაზარზე მისი ფასი დაბლა იწევს და ეროვნული ვალუტის კურსიც, ასე თუ ისე, დასტაბილურდა? - რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული და გლობალური ბაზრის თამაშის წესებს ვექვემდებარებით. ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი იყო და ამან გამოიწვია საწვავის ფასის ერთბაშად ავარდნა და რეკორდულად გაზრდა. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ფასი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა - 2-3 თვეა ნავთობის ფასები ქვემოთ ჩამოდის. იმავდროულად, დასტაბილურდა ეროვნული ვალუტის კურსი. შესაბამისად, ყველა ლოგიკით ჩვენთან საწვავის ფასი უნდა შემცირებულიყო.
იმპორტიორი კომპანიები, სამწუხაროდ, როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასები იზრდება, მაშინ სწრაფად რეაგირებენ და როცა ფასები მცირდება და ლარიც დასტაბილურებულია, ფასებს დაბლა არ სწევენ. ნავთობიმპორტიორები ცდილობენ მაღალი მოგების ნახვას. თორემ ჩვენთან საწვავის ფასი, ვფიქრობ, 10 თეთრით მაინც უნდა შემცირებულიყო.
- დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო ფასები როგორც საწვავზე, ასევე ხორბალზე, დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოეთიდან ემიგრანტთა გზავნილებსაც. რა ტენდენციებია ამ მხრივ? - სამწუხაროდ, საქართველო ემიგრანტებზე ჩამოკიდებული ქვეყანა გახდა - გადმორიცხვები წლიდან წლამდე იზრდება. ერთი შეხედვით ეს კარგია, თუმცა, მეორე მხრივ, ქვეყნიდან ადამიანების გადინებაა ცუდი. წლეულს ემიგრანტების გადმორიცხულმა თანხებმა ინვესტიციების მაჩვენებელსაც გადაასწრო, რაც კარგი არ არის. თუ გვსურს ძლიერი და განვითარებული ქვეყანა ვიყოთ, ინვესტიციების რაოდენობა უფრო მზარდი უნდა იყოს, უნდა გაძლიერდეს ეკონომიკა, შემცირდეს ინფლაციის მაჩვენებელი, უნდა ვიზრუნოთ არა ემიგრანტების გადმორიცხული თანხების გაზრდაზე, არამედ ისე გავაძლიეროთ ეკონომიკა, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. ნავთობსა და ხორბალთან მიმართებაში კი ჩვენ გლობალურ ბაზრებზე ვართ დამოკიდებული. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასი, ბუნებრივია, ჩვენზე ყოველთვის მოახდენს გავლენას და როდესაც ამას ემატება ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ეს კიდევ უფრო უარყოფითად აისახება ქვეყანაზე. სწორედ ამიტომ გვჭირდება მყარი ეროვნული ვალუტა და ძლიერი ეკონომიკა და თუ კომპანიებიც კეთილსინდისიერად მოიქცევიან (ჩვენ გვაქვს კონკურენციის სააგენტო, რომელმაც მუდმივად უნდა ადევნოს თვალი ისეთ სენსიტიურ ბაზრებს, როგორიც ნავთობისაა), ფასების ასეთი მაღალი ზრდა აღარ გვექნება. ყოველ შემთხვევაში, როდესაც გლობალურ ბაზარზე გაიზრდება ფასი, ჩვენთანაც გაიზრდება, შემცირებისას - შემცირდება.
- წლევანდელ 7 თვეში ბიუჯეტის დეფიციტი ყველაზე მაღალია ბოლო 10-წლიან პერიოდში, რაც გასაგებია, რომ პანდემიას უკავშირდება. მაშინ, როცა დეფიციტის დაფარვის ერთ-ერთი გზა ვალების აღებაა, მთავრობა ვალების შემცირების პოლიტიკას აცხადებს. ეკონომიკის ზრდა იმდენად ხელშესახებია, რომ დეფიციტის შევსებისთვის გარეშე ფინანსური ინიექციები არ დაგვჭირდება? - ამ 7 თვის მონაცემებს თუ შევხედავთ, არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკონომიკა მომდევნო თვეების განმავლობაშიც ისე "დაიქოქება", რომ პანდემიით შექმნილი დეფიციტი წლეულს აღმოიფხვრება. თუმცა ეს ჯერ არ არის ასეთი მასშტაბის პრობლემა.
შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურები ერთგვარ პაუზას აკეთებენ და ელოდებიან, როგორ განვითარდება მომდევნო თვეებში პროცესები, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა, დეფიციტის რა ნაწილს შეავსებს ის და ამის მიხედვით გადაწყვეტენ, რამდენად შეავსონ ბიუჯეტი საგარეო ვალითაც. წარმოუდგენლად მეჩვენება, ჩვენმა ეკონომიკურმა ზრდამ მთლიანად შეავსოს დეფიციტი. ვფიქრობ, ამისთვის ვალის აღება მაინც დაგვჭირდება.
- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ პანდემიით შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებს თანდათან ვძლევთ და "ორმოდან" ამოვდივართ? ხომ არ არის კვლავ უკუსვლისა და ეკონომიკის შეფერხების საფრთხე? - ეკონომიკური პროცესი ნამდვილად დადებითია. კარგია, რომ გვაქვს ორნიშნა ზრდა და ეს თვეებია გრძელდება. ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ეკონომიკა ახერხებს პანდემიისგან შექმნილი პრობლემების დაძლევას. ცხადია, ამ შემთხვევაშიც ეკონომიკა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დღეს ვეღარ ვახერხებთ, რომ ეკონომიკა ცალკე წარმოვიდგინოთ, რადგან თუ კვლავ გართულდა ვითარება და მეტი შეზღუდვა დაწესდა, ბუნებრივია, ეს ეკონომიკასა და ქვეყანას უკან დახევს. პრემიერი მუდმივად აცხადებს, რომ ლოკდაუნი აღარ იქნება, თუმცა უპირველესი საფიქრალი ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეა და თუ მდგომარეობა გართულდა, ამ გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა კვლავ მოუწიოთ. სრულ ჩაკეტვას არც ვგულისხმობ, წერტილოვანმა შეზღუდვებმაც შესაძლებელია ეკონომიკა მეტ-ნაკლებად შეაფერხოს. ამიტომ ჩვენი მოქალაქეების ვალიც არის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ვაქცინაციის ტემპი და ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდეს. თუ სიტუაცია დასტაბილურდა, ვფიქრობ, ეკონომიკა იმდენად დაძრულია, რომ შეძლებს პანდემიის "ორმოდან" ამოსვლას. სხვა საკითხია, უფრო წინ წასვლა და იმ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამოსწორება, რომელიც ისედაც გვქონდა ქვეყანაში, პანდემიამ მეტად დაამძიმა.
- საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორების ეკონომიკურ ვითარებაზე რას გვეტყვით, რაც ჩვენი ლარის კურსზეც ახდენს ხოლმე გავლენას? - ევროპის ქვეყნები და აშშ-ც უფრო მარტივად ახერხებენ პროცესის მართვას, რადგან ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები არიან, მათ ზურგს უმაგრებს ევროკავშირი, აქვთ დიდი ფინანსური რესურსი და კრიზისის გადალახვასაც ახერხებენ. ევროპა და ამერიკა წინ მიდიან და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან. თურქეთიც ძლიერი ეკონომიკის ქვეყანაა და მართალია, იქ ეპიდვითარება გართულდა, ეკონომიკის გაძლიერებას განაგრძობს. ჩვენ უკვე არა მარტო კონკრეტულ ქვეყნებზე, არამედ უკვე გლობალურ ბაზარზე ვართ დამოკიდებული. ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზიც მეტ-ნაკლებად იყო გლობალურ ბაზარზე ფასების დონის ზრდა.
ყველა ქვეყანაზე, რაც უნდა ძლიერი ყოფილიყო, გავლენა მოახდინა პანდემიამ, შეზღუდვებმა და, ბუნებრივია, განაპირობა ფასების ზრდა მთელ მსოფლიოში.
თუმცა ჩვენ მაინც უფრო მეტად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე უნდა ვიფიქროთ და უფრო ნაკლებად ვიქნებით გლობალური რყევების მონაწილე. რაც უფრო ძლიერი გვექნება ეკონომიკა, მით ნაკლები გავლენა ექნება მასზე გლობალურ რყევებს.