"სახლში ძალიან ბევრმა ქალმა მოიყარა თავი და კიოდნენ. ვიღაცები მაფრთხილებდნენ, დაბლა არ ჩამოხვიდეო" - კვირის პალიტრა

"სახლში ძალიან ბევრმა ქალმა მოიყარა თავი და კიოდნენ. ვიღაცები მაფრთხილებდნენ, დაბლა არ ჩამოხვიდეო"

ისრაელში მცხოვრები ქალბატონი, ნანა შრიერი (ცოციაშვილი) საქართველოში ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. როცა მასთან ინტერვიუს ვწერდი, მისი სულის სიძლიერემ გამაოცა. ნანას ბავშვობაში ძალიან აკლდა ის, რაც ყველა ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს - ეს არის მშობლების სითბო და სიყვარული, გარშემომყოფების მოფერება. რთული ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ დაკარგა უმთავრესი - სიყვარულის უნარი.

ნანა შრიერი:

- საბუთების მიხედვით, დავიბადე საქართველოში, 1968 წელს, სავარაუდოდ - თებერვალ-აპრილში.

ვფიქრობ, ჩემი ბიოლოგიური დედა რუსი იყო. მან ჩემი თავი გადასცა ლუბა და შაბთაი კაკიაშვილებს, რომლებიც სტუმრად იმყოფებოდნენ მიშა და მანია კაკიაშვილებთან, ქობულეთში, ლენინის ქუჩა N6-ში. ქობულეთიდან წამიყვანეს ტყიბულში - რაია და ალიოშა ცოციაშვილების ოჯახში, რომლებიც ცხოვრობდნენ ოქტომბრის ქუჩა N7-ში. რაია და ალიოშამ მიშვილეს, ჩემზე ზრუნავდნენ, მაგრამ - ორწლინახევრის ასაკში კვლავ დედის გარეშე დავრჩი. როგორც ახლობლებმა მიამბეს, 1970 წელს ჩემს აღმზრდელ დედას მანქანა დაეჯახა.

- ბავშვობის წლებიდან რა გახსოვთ?

- სიზმარივით მახსოვს, რომ იმ დღეს, როცა დედა მოკვდა, მას მოუთმენლად ველოდებოდი. ბიძაშვილებთან ერთად ვიყავი. სახლში ძალიან ბევრმა ქალმა მოიყარა თავი და კიოდნენ. ვიღაცები მაფრთხილებდნენ, დაბლა არ ჩამოხვიდეო (სახლის მეორე სართულზე ვიყავი)... მახსოვს ჩემი თავი საბავშვო ბაღშიც, ღობეს მიმდგარი დედას როგორ ველოდებოდი. სხვების დედები მოდიოდნენ, ჩემი კი - არა.

იმ პერიოდში ეტყობა, მამას ჩემთვის არ ეცალა და ცოტა ხანი დედის მშობლებთან ვცხოვრობდი. თუმცა, ალბათ ბებიას გული ძალიან სტკიოდა, როცა მე მიყურებდა და ამ დროს, მისი შვილი ცოცხალი არ იყო, ამიტომაც, იქიდან მალე გამომიშვეს და საჩხერეში, მამაჩემის მშობლებთან ამოვყავი თავი. ბევრი მოგონება შემომრჩა ამ ქალაქზე. იქ ძალიან ლამაზი სახლი გვქონდა და ულამაზესი, საოცრად მწვანე ეზოც. თუთის, ქლიავის, ატმისა და ბლის ხეები იყო ირგვლივ. ეტყობა, ბუნებისა და ცხოველებისადმი სიყვარული იმ დროიდან მომყვება.

ასევე, მახსოვს "იავნანა", რომელსაც ბებია რახელ ცოციაშვილი ხშირად მიმღეროდა. ბაბუას - სიმონს მგონი, დიდად არ ვეხატებოდი გულზე. სულ ჩხუბობდა, ყვიროდა, არასდროს მეფერებოდა. სამაგიეროდ, ბებია კარგად მექცეოდა.

- მამა ხშირად გნახულობდათ?

- საქართველოში ყოფნისას მამასთან ურთიერთობა არ მახსოვს. მან საქართველოში ყოფნის პერიოდში მეორე ცოლი შეირთო... 1972 წელს, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად გამოვემგზავრე ისრაელში და დღემდე აქ ვცხოვრობ. 4 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან წამომიყვანეს. ისრაელში ჩამოსვლის შემდეგ, მამამ სხვა ცოლი მოიყვანა და სიცოცხლის ბოლომდე მასთან ერთად ცხოვრობდა.

- ისრაელში დაუახლოვდით მამას? - შედარებით - დავუახლოვდი. მასთან ახლოს ვცხოვრობდით მე და ბებია.

- დედინაცვალთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ახლა უკეთესი, ადრე კი დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. როცა მამამ ეს ქალი შეირთო, 6 წლის ვიყავი და ძალიან გამიხარდა. ვფიქრობდი, რომ ისევ სრულფასოვანი ოჯახი გვექნებოდა და მეც მომეცემოდა საშუალება, ვინმესთვის "დედა" დამეძახა. თუმცა, მან ვერ შეძლო ჩემთვის დედობა გაეწია. უფრო მეტიც, მკაცრად გამაფრთხილა, - "დედა" არ დამიძახოო. დიდად არ ვუყვარდი...

- როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ? - 40 წლისამ გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო სატელევიზო დოკუმენტურ პროექტში "მეხუბა როთ". ეს ერთგვარი რეალითი შოუა. იღებდნენ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას. გადაღებების დროს, სრულიად მოულოდნელად, როცა კამერა ჯერ კიდევ ჩართული იყო, ერთ-ერთ ნათესავს წამოსცდა, რომ მე აყვანილი ვარ და... თითქოს, ყველაფერი თავზე ჩამომენგრა. თუმცა, ეს სიახლე საჩუქარიც იყო ჩემთვის: ძველი ცხოვრება წამებში დასრულდა და სანაცვლოდ მივიღე რაღაც ახალი. ვიგრძენი, ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო. მკვდარი დედის ძლიერი მონატრება მტანჯავდა და მოულოდნელად აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, რომ გამიჩნდა შანსი, ცოცხალი დედა მეპოვა, მას ჩავხუტებოდი და მეგრძნო მისი სითბო ანუ ის, რაც მთელი ცხოვრება მაკლდა, რასაც გამუდმებით განვიცდიდი.

- რა იცით იმ ოჯახზე, რომელმაც გაგაშვილათ?

- სავარაუდოდ, ჩემი ბიოლოგიური მშობლები ქობულეთიდან არიან. ალბათ, დედას შვილის სანაცვლოდ, ფული მისცეს... როცა მამას ვთხოვე, ჩემს წარმომავლობაზე სიმართლე ეთქვა, იცრუა: მე მამაშენი ვარ. იმ პერიოდში, როცა ცოლი მყავდა, სხვა ქალისგან მეყოლეო. გადავწყვიტე, გენეტიკური ანალიზი გამეკეთებინა - მისი ნათქვამი სიცრუე აღმოჩნდა. "დეენემის" წყალობით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნახვერად ქართველი და ნახევრად - რუსი ვარ. სავარაუდოდ, ქართველი მამა იყო... საქართველოშიც ჩავედი, ბიოლოგიური მშობლები რომ მომეძებნა, მაგრამ მათ ვერ მივაკვლიე. ის ადამიანები, ვინც გამზრდელებთან მიმიყვანეს, ცოცხლები აღარ არიან, სხვებმა კი შეიძლება, რაღაც იციან, მაგრამ მიმალავენ... ბოლოს, როცა მამა ძალიან ცუდად იყო, დამპირდა, - ხვალ მოდი, სიმართლეს გეტყვიო, მაგრამ... იმ დღეს ფანჯრიდან გადახტა... და საიდუმლოც საფლავში წაიღო.

- როცა ადამიანი იგებს, რომ გაშვილებულია, ხშირ შემთხვევაში, ბიოლოგიური მშობლების პოვნის სურვილი არ აქვს. მათზე ბრაზობს კიდეც, - როგორ გამიმეტესო?

- მე კი დედაზე არ ვბრაზობ. რა ვიცი, როგორ უჭირდა, რა პრობლემები ჰქონდა? თან, სიცრუეში ცხოვრებას ჯობია, მწარე სიმართლე ვიცოდე. იქნებ იძულებული იყო, გავეშვილებინე? იქნებ, დედმამიშვილებიც მყავს და ამის შესახებ არაფერი ვიცი? ჩემთვის სისხლით ნათესავების გაცნობა დიდი ბედნიერება იქნება.

ჩემი მუსიკა, გულისფეთქვა და სურნელი, რომელიც გამუდმებით თან დამყვება, ეკუთვნის კონკრეტულ ქალს, რომელმაც დარწმუნებული ვარ, დამთმო და გამაშვილა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა. მე ვგრძნობ ჩემში სიყვარულის უნარსა და ძალას. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, დედას აუცილებლად შევხვდები. დარწმუნებული ვარ, სიყვარულის ნაყოფი გახლავართ და არ შეიძლება, სხვაგვარად იყოს. მჯერა, ვიღაც აუცილებლად დამეხმარება დედის პოვნაში ან მაპოვნინებენ რაიმე ისეთს, რაც მასთან იქნება დაკავშირებული.

- რას ეტყოდით ჩვენი მეშვეობით თქვენს ბიოლოგიურ დედას?

- შენ ჩემს გულში ხარ. ძალიან მინდა შევიგრძნო შენი სურვილი, გულში ჩაგიკრა და ბოლოს და ბოლოს, დაგიძახო ჩემთვის ასე ნანატრი სიტყვა - "დედა". თუ ამ სტატიაში საკუთარ შვილს ამოიცნობ, გთხოვ, გამომეხმაურე. გპირდები, არაფერს გისაყვედურებ. მინდა, ჩემმა შვილებმაც (ორი ქალიშვილი მყავს) გაიცნონ სისხლით ნათესავები. ძალიან გთხოვ, კიდევ ერთხელ ნუ დამკარგავ, შემომეხმიანე.

P.S. თუ ვინმეს გეცნობათ ნანა შრიერის მონაყოლი და მისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, უმორჩილესად გთხოვთ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)