ვინ არის პილოტი, რომელმაც თბილისი-ვენის ავიარეისის თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა და მგზავრები გადაარჩინა - კვირის პალიტრა

ვინ არის პილოტი, რომელმაც თბილისი-ვენის ავიარეისის თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა და მგზავრები გადაარჩინა

თბილისი-ვენის ავიარეისი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა. თვითმფრინავი თბილისის თავზე ორი საათის განმავლობაში დაფრინავდა, საბოლოოდ კი პილოტმა მისი უსაფრთხოდ დასმა მოახერხა.

"ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ თვითმფრინავი აფრენამდე პროტოკოლის მიხედვით შემოწმდა.

"ეს არის ავიაციაში უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი, როდესაც შასი არ დაიხურა გაფრენისას და პროტოკოლის შესაბამისად, ხომალდის მეთაურმა უნდა დასვას თვითმფრინავი აეროპორტში, გაიაროს თავიდან შემოწმება, აღმოფხვრას ხარვეზი, მიიღოს ნებართვა და განახორციელოს ეს რეისი, რაც პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდა. ყველაფერი არის ნორმაში და რეისი შესრულდება ხარვეზის გარეშე", - განაცხადა რომან ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, პილოტი, რომელმაც უსაფრთხოდ დასვა თვითმფრინავი, თემურ თოლომაშვილია.

"თემურ ტოლომაშვილი, უმაღლესი ხარისხის პილოტია, რომელმაც მშვენივრად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება, განახორციელა დაჯდომა პროტოკოლის შესაბამისად, უზრუნველყო საწვავის დაწვა, რათა უსაფრთხოდ განხორციელებულიყო დაჯდომა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაისვენებს, ხოლო სხვა პილოტი განახორციელებს რეისს თბილისი-ვენა შემოწმებული თვითმფრინავით", - ამბობს "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორი.

"ნამდვილი გმირი" - სწორედ ასე მოიხსენიებენ პილოტ თემურ თოლომაშვილს, რომელმაც დღეს ქვეყანა უდიდესი ტრაგედიისგან იხსნა. თბილისი-ვენის ავიარეისს აფრენიდან მალევე ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თვითმფრინავი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში თბილისის ცაზე დაფრინავდა, საბედნიეროდ, პილოტმა მისი უსაფრთხოდ დასმა შეძლო.

თემურ თოლომაშვილის გმირობის ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის შესახებ ზოგიერთი დეტალი გახდა ცნობილი.

"პატარა დირექტორის გმირი მამიკო! ნეკოს მამიკომ დღეს 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ჩვენი კაპიტანი!" - ვკითხულობთ "ფეისბუქ" გვერდზე - "ნეკოსია", აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გვერდი თოლომაშვილის ცოლს, თამარ მერლანს ეკუთვნის, ნეკო კი წყვილის პატარა შვილს ჰქვია.

"ჩემი ძმა, რძალი, წლინახევრის ძმიშვილი, და ასევე რძლის მამა და ძმა ისხდნენ მაგ რეისში, მადლობა ღმერთს და პილოტს გადავრჩით" - წერენ "ნეკოსიას" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში.

"ფეისბუქში" თოლომაშვილის შესახებ წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, მარიამ ჩხეიძე:

"დღევანდელი დღის გმირი თემურ თოლომაშვილი. გმირი პილოტი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა დღეს. შორიდან ვიცნობ თემურს, როგორც საოცარი ნეკოს არაჩვეულებრივ მამას. ნეკოს და მამას ურთიერთობა არის ცალკე ძალიან მაგარი თემა. მკვეთრად "მამიკოს გოგოა." ხშირად მითქვამს რომ ნეკოს ძალიან ძალიან მაგარი მამიკო ყავს. დღეს კი ნეკოს მამა საზოგადოებამ ასე გაიცნო უფრო ახლოს. როგორც გმირი რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

თამარ მერლანი და თემურ თოლომაშვილი შვილს ათი წელი ელოდნენ. ამის შესახებ თამარი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს:

"10 წელი ველოდებოდით ნეკოს. შემოდგომის წვიმიან დღეს დაიბადა ჩემი გაზაფხული. განსაკუთრებული გოგოა. თავზე ნიშნით დაიბადა და ვხუმრობთ ხოლმე, რომ უფალმა ვარსკვლავი მოწყვიტა და ჩვენთან გამოუშვა. ნეკო ნამდვილად არის უფლის საჩუქარი. სიკეთით სავსე გოგოა, თვალებში ციმციმა ვარსკვლავებით", - ამბობს თამარ მერლანი.

წყარო