"იცით, რა­ტომ დავფრი­ნავ­დი 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში?" - რას ჰყვება მფრინავი, რომლის პროფესიონალიზმმაც 180 ადამიანი საფრთხისგან იხსნა? - კვირის პალიტრა

"იცით, რა­ტომ დავფრი­ნავ­დი 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში?" - რას ჰყვება მფრინავი, რომლის პროფესიონალიზმმაც 180 ადამიანი საფრთხისგან იხსნა?

5 სექტემბერს "ჯორჯიან ეარვეისის" კუთვნილ თვითმფრინავს, რომელიც ავიარეისს თბილისიდან ვენის მიმართულებით ასრულებდა, აფრენის შემდეგ, მალევე პრობლემები შეექმნა და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის თავზე დაფრინავდა. როგორც გაირკვა, ბოინგის შასი არ დაიხურა და პილოტმა საწვავის დაცლა გადაწყვიტა, რათა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დამჯდარიყო. ხომალდის ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. თბილისის აეროპორტში მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საბედნიეროდ, ყველაფერმა უმტკივნეულოდ ჩაიარა. როგორც ხომალდის მეთაური თემურ თოლომაშვილი ამბობს, ეს არ ყოფილა ავარიული დაშვება, ეს იყო არასტანდარტული სიტუაცია.

Ambebi.ge ხომალდის მეთაურს თემურ თოლომაშვილს ესაუბრა:

- ასეთი შემთხვევები ხდება ხოლმე... მარტო ჩვენს კომპანიაში კი არა, მსოფლიოში ალბათ ყველგან ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ეს უბრალოდ, ტექნიკური პრობლემა იყო. როცა დავჯექით, ტექნიკოსებმა შეამოწმეს და იგივე თვითმფრინავი ჩვეულებრივ გაფრინდა ვენის მიმართულებით. ვიდრე ჩვენ გავფრინდებოდით, ბოინგი, რა თქმა უნდა, მაშინაც შემოწმდა, ყველაფერი მწყობრში იყო, თუმცა მოხდა ისე, რომ შასი არ დაიხურა. პილოტის კაბინაში არის სიგნალიზაცია, რომელიც მიანიშნებს, აიკეცება თუ არა შასი. და მან მანიშნა, რომ მარჯვენა მხარეს არ აიკეცა. მეთვალყურეებს გადავეცით, რომ ვერ განვაგრძობდით ფრენას, ვერც დავეშვებოდით. გვინდოდა, თბილისის თავზე რამდენიმე წრე გაგვეკეთებინა, რათა გაგვეგო, რა და როგორ იყო. მოგვცეს ამის უფლება. ეს შევასრულეთ და მერე მივხვდით, რომ ერთი თვალი არ არის აკეცილი. ასეთი დეფექტით თვითმფრინავს არ შეუძლია განაგრძოს ფრენა დანიშნულების აეროპორტამდე, თვითმფრინავი ამ დროს სისწრაფეს ვერ განავითარებს.

პროტოკოლი ითვალისწინებდა, რომ საჭირო იყო უკან დავბრუნებულიყავით. შორს არც წავსულვართ, თბილისის აეროდრომის თავზე ვიტრიალეთ იმიტომ, რომ დასაჯდომი წონა იყო დიდი და საწვავი უნდა დაგვეყვანა მინიმუმამდე. არის თვითმფრინავები, რომლებიც ღვრიან საწვავს, მაგრამ ჩვენსას ასეთი კონსტრუქცია არ აქვს და საჭირო იყო, ბოინგს ემუშავა და საწვავი დამწვარიყო.

- რამდენ ტონაზეა ლაპარაკი?

- 7 ტონა საწვავი დაიწვა და ამას 2 საათი მოვუნდით.

- ამასობაში რა ხდებოდა სალონში, იყო პანიკა და მღელვარება?

- სალონში არ გავსულვარ, ამის დრო არ მქონდა, სტიუარდესები შემოდიოდნენ და ვეკითხებოდი - იქ რა ხდება? როგორც ასეთი, პანიკა არა, მაგრამ ყველას ერთნაირი ნერვები ხომ არ აქვს და ზოგიერთი მგზავრი, მეტად ნერვიულობდა, ზოგიც - ტიროდა, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილი, 180 მგზავრიდან 20-30 თუ იყო ასეთ მდგომარეობაში. მგზავრებს ქართულ და ინგლისურ ენებზე მივმართეთ (ვინაიდან იყვნენ უცხოელებიც), რომ არაფერი საშიში არ არის, უბრალოდ, საჭიროა ვიფრინოთ, რათა დავწვათ საჭირო საწვავი, რომ შევამციროთ დასაფრენი წონა. ზოგმა მგზავრმა ისიც თქვა, - დავინახე, შასები რომ აიკეცა და რატომ დავფრინავთ ასეო. რა დაინახეს, არ ვიცი, ვინაიდან, მე თვითონ ვერ ვხედავ იქ რა ხდება და ისინი - მით უმეტეს. ალბათ ეჭვი ჰქონდათ, რაღაც საშინელება ხდებოდა, ჩვენ კი ვამშვიდებდით.

- მსგავსი შემთხვევა აქამდე არასდროს გქონიათ? რა დაგეხმარათ იმ მომენტში, გამორიცხული არაა დაბნეულიყავით და შეცდომა დაგეშვათ...

- 35 წელიწადია დავფრინავ და ასეთი შემთხვევა არ მქონია. ამასთანავე, ტრენინგებს გავდივართ ამსტერდამში სიმულატორზე (ქართულად - საწაფი ჰქვია, რუსულად - ტრენაჟორი) , ხელოვნურად შექმნილ სიტუაციაში ვმუშაობთ სიმულირებულ რადართან და საკუთარ თავზე გამოვცდით ყველა სტრესულ სიტუაციას, რომლის წინაშეც რეალურად შეიძლება აღმოჩნდე. გავდივართ ყველა ისეთ სიტუაციას, რომელიც შეიძლება მოხდეს ჰაერში, აფრენის დროს ან დაფრენისას. 8 საათის განმავლობაში გავდივართ ტრენინგს, რა უნდა გააკეთო და როგორ იმ შემთხვევაში, თვითმფრინავის სისტემები რომ გაითიშოს. მსგავს რაღაცეებს ვაკეთებდით, თუმცა ზუსტად ასეთი შემთხვევა არ მქონია, მქონდა ნავიგაციური სისტემის გათიშვა.

- საწვავის საჭირო რაოდენობა რომ არ დაგეცალათ და ისე დაგესვათ ბოინგი, რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში?

- იცით, რატომ დავფრინავდი 2 საათის განმავლობაში? ყველა თვითმფრინავს აქვს თავისი ასაფრენი და დასაფრენი წონა, რომლის მეტობა ან ნაკლებობა არ შეიძლება, ეს ჩემი მოგონილი არაა, ბოინგის კომპანიის მიერაა მითითებული. იმიტომ დავფრინავდი, საწვავი რომ გამომემუშავებინა, რათა დასაჯდომი წონა დამეყვანა მინიმუმამდე. ზედმეტი წონა თუ იქნებოდა, შეიძლება მომხდარყო ის, რაც მოსკოვში მოხდა 2-3 წლის წინ - თუ გახსოვთ, დომოდედოვოს აეროპორტში დაჯდა თვითმფრინავი და მას ხანძარი გაუჩნდა. იმ თვითმფრინავს ჰქონდა ზედმეტი წონა. შასი მარტო ბორბალი არ არის, მთლიანი კონსტრუქციაა, რომელიც მიმაგრებულია თვითმფრინავზე და როცა ბოინგი დაჯდა, შასებმა გახეთქა ბაკი, საწვავი დაბლა გამოვიდა და გაჩნდა ხანძარი. გაგრძელება