"მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომელთაც თანმხლები დაავადებები აქვთ"
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომელთაც რაიმე თანმხლები დაავადება აქვთ.
ამასთან, როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მყარი პოზიცია.
"ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო 12-დან 16 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ჩვენი ექსპერტების ჯგუფი განიხილავს ამ ეტაპზე იმ ბავშვების ვაქცინაციის ხელშეწყობას ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვთ, რაც ამძიმებს გამოსავალს კოვიდინფექციის შემთხვევაში.
მაგალითად, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ჩაატარა რისკის და სარგებლის ანალიზი, დასკვნა ჰქონდათ, რომ ჯანმრთელ ბავშვებში 12-დან 16 წლამდე კოვიდი არ ქმნის იმგვარ რისკებს, რომ ვაქცინაციის სარგებელი იყოს ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე მათი დასკვნა დადებითია იმ ბავშვებთან მიმართებით, ვისაც აქვს რაიმე თანმხლები დაავადებები და მათ აცრიან. ამ მიმართულებით ვმსჯელობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს მყარი პოზიცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ",- განაცხადა გაბუნიამ.