"ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას"

ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. აღნიშნულ კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა რიგ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო წარდგენილი. სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

ცვლილება შეეხებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს, რომელიც მიზნად ისახავდა მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობამდე გაზრდას დანიშვნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შესამცირებლად. ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ხარისხის გაზრდას. პრინციპები, რომელიც ამ ცვლილებას საფუძვლად ედო, ვენეციის კომისიის დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რეკომენდაციას ასახავდა.

„ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ მან 28 ივლისს საჯაროდ აიღო განახლებული ვალდებულება იმისა, რომ სასამართლო რეფორმების განახორციელება და ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიიღება მაინც მოხდებოდა.

ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ დანიშვნებს, ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“. წინა კვირას, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების არგადახდის კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამრიგად, საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით დღევანდელი ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში გარანტიების გაძლიერებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. ვიმეორებთ - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, - აღნიშნულია კარლ ჰარცელის კომენტარში.

"ინტერპრესნიუსი"