"ახლახან ჯვარი დავიწერეთ და..." - როგორ მოხვდა ოჯახური წყვილიდან ერთ-ერთი კომპანია "ამაზონში", მეორე კი "მაიკროსოფტში"
ჩვენი პატარა ქვეყნის მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები წარმატების მაღალ საფეხურებზე სვლას განაგრძობენ და მსოფლიოში უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობით კიდევ უფრო გვაკვირვებენ. ამ პატარა ქვეყანას მართლაც ასობით საამაყო ახალგაზრდა ჰყავს, მათ შორის კი 25 წლის პროდუქტისა და პროექტის მენეჯერი გოგოც აღმოვაჩინე. ქეთო ბუხნიკაშვილი კომპანია "ამაზონში" ოპერაციების პროგრამის მენეჯერია, მისი მეუღლე დემეტრე შანშიაშვილი "მაიკროსოფტის" პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. ამ მიზანდასახულ და შრომისმოყვარე გოგოს, თავის და მეუღლის წარმატებასა და ცოტა - პირად ცხოვრებაზეც ვესაუბრე.
- მოგვიყევით თქვენს შესახებ, გაგვაცანით მეუღლეც...
- ბოლო ორი წელია, პრაღაში ვცხოვრობ. მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მიზნით გადავედი, თუმცა პანდემიის გამო სწავლის ონლაინრეჟიმში გადატანამ შანსი მომცა, სამსახური დამეწყო. ერთი მხრივ, ბევრის კეთების საშუალება მომეცა, თუმცა მეორე მხრივ, პანდემიამ საყვარელი საქმიანობისა და მოგზაურობის საშუალება შემიზღუდა. მე და ჩემს მეუღლეს ყველაზე მეტად ახალი ადგილების აღმოჩენა და გამოცდილებების მიღება გვიყვარს, სწორედ ამან განაპირობა სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გადასვლაც. ვცდილობთ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ სამოგზაუროდ. პანდემიის დაწყებამდეც დიდი გეგმები გვქონდა ამ მიმართულებით, 2020-ს ქვეყნის გარეთ შევხვდით იმ დიდი იმედებით, რომ მთელი წელი ვივლიდით ახალ ადგილებში. საბოლოოდ, მოგზაურობის ჩანაცვლება კარიერაზე კონცენტრაციით მოგვიხდა, რითაც სულაც არ ვართ უკმაყოფილო.
- დავიწყოთ მთავარი ახალი ამბით, რამდენიმე დღის წინ ჯვრისწერა გქონდათ, თქვენი სიყვარულის ამბავი გვიამბეთ.
- მე და დემეტრემ ერთმანეთი 5 წლის წინ სამსახურში გავიცანით და ვმეგობრობდით. ისე მოხდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გადავედით სასწავლებლად - დემეტრე ამერიკაში წავიდა მაგისტრატურაში, მე კი - ჩეხეთში. კონტაქტი შევინარჩუნეთ და სწავლის პერიოდში მოვინახულეთ კიდეც ერთმანეთი. მსგავს გამოცდილებას ვიღებდით, ერთმანეთს ვნახულობდით და კონტაქტს არ ვწყვეტდით, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა, საბოლოოდ კი, აქამდე მოვედით. ახლახან ჯვარი დავიწერეთ და ერთად ვაგრძელებთ ცხოვრებას პრაღაში.
- სოციალური ქსელი თქვენმა ამბავმა მოიცვა... ოჯახური წყვილი, რომელთაგან ერთ-ერთი Amazon-ის, მეორე კი Microsoft-ის პროგრამის მენეჯერი გახდა. ვისაუბროთ თქვენი წარმატების გზაზე...
- საქართველოში ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით ვმუშაობდი. ბაკალავრიატი და პირველი მაგისტრატურა საქართველოში და ავსტრიაში გავიარე, ბიზნესის მენეჯმენტისა და მარკეტინგის განხრით. ციფრული პროდუქტების მიმართ ინტერესმა განაპირობა სურვილი, სისტემური ინჟინერიისა და ინფორმატიკის მიმართულებით გამეგრძელებინა მეორე მაგისტრატურა. ჩეხეთის სამთავრობო სტიპენდიამ ამის საშუალება მომცა. შემდეგ, ვიდრე "ამაზონში" მოვხვდებოდი, ვმუშაობდი ჩეხეთში, ციფრული თამაშების დეველოპერულ კომპანიაში. "ამაზონთან" საკმაოდ ადრე მქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ პანდემიამ ჩემ წინააღმდეგ ითამაშა და მოლაპარაკებებიც დაპაუზდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა სიტუაცია დასტაბილურდა, განმეორებითი შემოთავაზება მივიღე და მარტში მათ გუნდს შევუერთდი.
დემეტრე საქართველოში, ციფრული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა. შემდგომ ამავე მიმართულებით (ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და მეწარმეობა) სწავლობდა ამერიკაში ფულბრაიტის პროგრამის დაფინანსებით. ევროპაში დაბრუნებამდე მუშაობდა ნიუ-იორკში, სტარტაპში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მწვანე ელექტროენერგიის გამოყენების მიმართულებით. 2021 წლის მაისიდან უკვე შეუერთდა "მაიკროსოფტის" პრაღის გუნდს.
- Amazon-ში მოხვედრაზე ბევრი ოცნებობს, რა გამოწვევებს უკავშირდება ამხელა კომპანიის თანამშრომლობა? - ამაზონში მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან მასშტაბია ძალიან ფართო და ჩვენი მომხმარებელი მილიონობით ადამიანია. ძალიან საინტერესო და განსხვავებული კულტურაა კომპანიაში, რასაც მარტივად ეჩვევი. ჩემი სპეციალობა ბრექსიტის შემდეგ ჩამოყალიბდა. ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სასაქონლო მიმოცვლა და მასთან დაკავშირებულ რიგ საოპერაციო საკითხებზე ვმუშაობ და უდავოდ საინტერესოა. "ამაზონში" მთელი რიგი ეტაპები გავიარე, სანამ "ოფერს" მივიღებდი - გავიარე ტესტირება და სამი ეტაპისგან შემდგარი გასაუბრება. ბოლო ეტაპი პანელური ინტერვიუ იყო, სამ სხვადასხვა გამსაუბრებელთან რიგრიგობით უნდა მესაუბრა. გასაუბრების სტრუქტურაც და კითხვებიც უჩვეულო იყო, თუმცა არასტრესული. ადრე ვფიქრობდი, რომ გლობალურ კომპანიაში მოხვედრა ურთულესი იყო, თუმცა ახლა ასე არ მეჩვენება, მთავარია მოინდომო.
- მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ, ონლაინ მუშაობთ, რას გეგმავთ როდესაც პანდემია მორჩება? - ამ ეტაპზე სახლიდან ვმუშაობ, ოფისში სულ ორჯერ ვიყავი მისული, ისიც - ნივთების წამოსაღებად და დასათვალიერებლად. პანდემიის გამო ნებაყოფლობითია სიარული, თუმცა მე ისე მივეჩვიე ჩემი მისაღები ოთახიდან მუშაობას, აზრადაც არ მომსვლია, ოფისში სიარული დამეწყო. თანამშრომლები კი ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით სამსახურის შემდეგ, რაც სოციალიზაციის საშუალებას გვაძლევს. საქართველოში ამ პერიოდში შვებულებით ორჯერ ვიყავი ჩამოსული, მიუხედავად "ჰოუმ ოფისისა", პრაღიდან ვმუშაობ და ჯერჯერობით ასე გავაგრძელებ.
- სამომავლო მიზნებსა და გეგმებზეც გვითხარით ცოტა რამ, დარწმუნებული ვარ, ეს წარმატების დასაწყისია და წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გელით... - "ამაზონში" მუშაობა საინტერესო გამოცდილებაა და კომფორტულად გაყინვას არ ვგეგმავ, მინდა, კომპანიასთან ერთად რაც შეიძლება წინ წავიდე. კონკრეტული გეგმა არ მაქვს, საკმარისია, უბრალოდ, გამოჩენილი შესაძლებლობები გამოვიყენოთ. დემეტრეც იმავეს აპირებს "მაიკროსოფტში". ჯერჯერობით მხოლოდ ოდნავ უფრო თბილ ქვეყანაში გადასვლას განვიხილავთ, პარალელურად კი, ბევრ მოგზაურობას ვგეგმავთ.
(სპეციალურად საიტისთვის)