"საქართველო უპირატესობას ანიჭებს არა რუსულ-თურქულ, არამედ სომხურ-ქართულ სქემას" - რას წერს სომხური გამოცემა ფაშინიანის საქართველოში ვიზიტზე
სომხურ გამოცემა "ლრაგირში" ("Լրագիր") გამოქვეყნდა სტატია - "ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში საგანგაშო პირობებში გაიმართება" (ავტორი - ნაირა აირუმიანი). მასში ნავარაუდევია საკითხები, რაც უნდა განიხილონ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და მისმა ქართველმა კოლეგამ 8 სექტემბერს, შეხვედრისას.
"ვიზიტის დღის წესრიგის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა რეგიონული პარადიგმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თბილისში შეხვედრისას საუბარი იქნება, უპირველესად, "ჩრდილოეთ-სამხრეთის" დერეფანზე, რომლის შესახებაც ირანი, სომხეთი და საქართველო დიდი ხნის წინ ლაპარაკობდნენ, ასევე, პრემიერები ერთმანეთს გაუზიარებენ ხედვებს რეგიონული უსაფრთხოების თაობაზე.
ვიზიტი ახალ რეალიებში ხდება: პირველ რიგში, იმიტომ, რომ 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ, როგორც რეჯეფ ერდოღანი ამბობს, საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა თურქული მხარის მიერ შემოთავაზებულ "3+3 პლატფორმაზე" ("კავკასიული ექვსეული"). ფაქტობრივად, საქართველოს არ სურს, იმუშაოს რუსულ-თურქულ სქემაში, რომელსაც ანკარა და მოსკოვი რეგიონს თავს ახვევენ.
მეორე - საქართველო თავის სატრანსპორტო კომუნიკაციებს აუმჯობესებს, რომელიც სომხეთისთვისაც ძალზე სასარგებლოა: დაიწყო გვირაბის მშენებლობა საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც სომხეთის სატვირთო ავტომანქანების მოძრაობას შვებას მისცემს. გვირაბის მშენებლობის სტარტი აღქმული იქნა იმის სიგნალად, რომ თბილისი უარს ამბობს რკინიგზის გახსნაზე აფხაზეთის გავლით. ესეც იმის დადასტურებაა, რომ საქართველო უპირატესობას ანიჭებს არა რუსულ-თურქულ, არამედ სომხურ-ქართულ სქემას.
მესამე - თავის მხრივ, საქართველოს შეშფოთებას იწვევს რუსი მესაზღვრეების (სამხედრო ქვედანაყოფების) სავარაუდო გამოჩენა სომხეთ-საქართველოს საზღვარზე. გავიხსენოთ, რომ მოსკოვი და ბაქო მოლაპარაკებას აწარმოებენ რუსული ძალების განლაგების შესახებ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ პერიმეტრზე, რაც, ალბათ, იმით დასრულდება, რომ რუსი მესაზღვრეები თავიანთ "უფლებამოსილებას" სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან სომხეთ-საქართველოს საზღვარზეც გააგრძელებენ. რა მოჰყვება ასეთ სიტუაციას? მოჰყვება ის, რომ რუსებს სომხეთ-საქართველოს ავტოგზის გაკონტროლების შესაძლებლობა ექნებათ. ჯერჯერობით კი საქართველოსთან საზღვარი სომხეთის იურისდიქციის ქვეშ რჩება.
მასმედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, რუსეთი სომხეთისგან ითხოვს, რომ საქართველოსთან საზღვარი რუსმა მესაზღვრეებმა გააკონტროლონ. თუ ეს მართლაც მოხდება, ასეთი მდგომარეობა არც ირანისთვის იქნება სასურველი.
შექმნილ სიტუაციაში სომხეთს და საქართველოს შეუძლიათ შეაჯერონ საერთო ინტერესები და ისეთი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური "ჯაჭვი" შექმნან, რომელიც ორივეს უსაფრთხოების საერთო სისტემის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი და საქართველო თავიანთ სუვერენიტეტსა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს შეინარჩუნებენ", - ნათქვამია პუბლიკაციაში. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ