"არ ვეთანხმები, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი, რამეს ცვლის - იგივე ამოცანაა, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება"
რომ დადგება შედეგი, სადაც მკაფიო იქნება, რომ საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას" ვერდიქტი გამოუტანა მაღალი აქტივობით, ამას მოჰყვება ქვეყნის შიგნით წნეხი, თუ საჭირო იქნება პროტესტიც, ასევე წნეხი გარედან. ამ წნეხს ეს რეჟიმი, იმ პირობებში, როდესაც კონტროლი დაკარგული ექნება, ვერ გაუძლებს - ესაა გზა, რაც უნდა გამოვიყენოთ,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" "ცუდად აქვს საქმე", ეშინია და იყენებს გზავნილს - "ჩვენ ყველა ვარიანტში დავრჩებით".
"თუ ვითარება ისეთია, როგორსაც ამბობენ, რომ გამარჯვებულები არიან, მაშინ რატომ შეყვეს შარში თავი და რატომ ამბობენ, რომ იმ არალოგიკურ 43%-საც არ შეასრულებენ? რატომ იმეორებენ მანტრასავით, რობოტის მსგავსი სპიკერები, 1%-ც რომ ავიღოთ ვადამდელი არჩევნები მაინც არ იქნებაო? - იმიტომ, რომ ცუდად აქვთ საქმე, პრობლემა აქვთ ჩვენს მოქალაქეებთან მათი "მოღვაწეობის" შედეგების გამო. რადგან გრძნობენ საფრთხეს, იყენებენ მთავარ ინსტრუმენტს, რაც ყოველთვის იყო მათი ინსტრუმენტი. მათი მთავარი დასაყრდენი არის დაშინება-მოსყიდვა. ამ ვერტიკალში აქვთ ბზარი. თუ დადგება და უნდა დადგეს შედეგი, რომ საკვანძო ქალაქებში წააგებენ, თითქმის შეუძლებელი იქნება მათგან პოლიტიკური ვითარების იგნორირება. რომ დადგება შედეგი, სადაც მკაფიო იქნება, რომ საზოგადოებამ მათ ვერდიქტი გამოუტანა მაღალი აქტივობით, ამას მოჰყვება ქვეყნის შიგნით წნეხი, თუ საჭირო იქნება პროტესტიც, ასევე წნეხი გარედან - ამ წნეხს ეს რეჟიმი, იმ პირობებში, როდესაც კონტროლი დაკარგული ექნება, ვერ გაუძლებს. ესაა გზა, რაც უნდა გამოვიყენოთ.
არ უნდა დაგვაბნიოს უტიფარმა რიტორიკამ. სწორედ იმიტომ აქვთ ეს რიტორიკა, რომ ეშინიათ. რომ არ ეშინოდეთ და დარწმუნებული იყვნენ, ამ ზიანს არ მიიღებდნენ შიგნით და გარეთ, 43%-ზე იტყოდნენ, რომ ვასრულებთ, იმიტომ რომ ვიგებთო",- განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება იმას, როგორ შეიცვლება პოლიტიკური ვითარება, თუ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ჩამოვა, ბოკერია ამბობს, რომ ეს საკითხი არაფერს ცვლის. მისივე თქმით, "სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ყურადღება არ უნდა მიაქციონ".
"არ ვეთანხმები, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი, რამეს ცვლის. იმის მიუხედავად რას იტყვის ან იზამს სააკაშვილი, ამოცანა იცვლება თუ არა საზოგადოებისთვის? იგივე ამოცანაა, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ეს ცვლის თუ არა ამ ქვეყნის ამოცანებს და იმას, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს და მომავალში ძალაუფლება არავის ხელში იყოს, ამისთვისაა საჭირო არჩევნებამდე მისვლა. ჩვენი ამოცანაა ადამიანებამდე იმ გზავნილის მიტანა, რომ არჩევნებზე უნდა მოვიდნენ, ხმა მისცენ იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც მხარს უჭერენ, შეთანხმებულ კანდიდატებს ყველგან და არ მიაქციონ ყურადღება იმას, რა პროპაგანდა ექნება სააკაშვილის ჩამოსვლაზე ან მის დაჭერა-არდაჭერაზე ივანიშვილის რეჟიმს",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.