ხათების დედაქალაქის საიდუმლოებები
ალთუნ-სიმუსების დიდი ტური თურქეთში გრძელდება და, გზადაგზა ბევრ საინტერესო ამბის მოყოლას გპირდებით. იმასაც გეტყვით, რომ ბლოგი - "წერილები ჩემი ზურგჩანთიდან" სამეცნიერო ნაშრომი არ არის, შესაბამისად, მასში სამეცნიერო კვლევებზე სიღრმისეულად ვერაფრით გიამბობთ, მაგრამ შევეცდები, ჩვენი მოგზაურობით მცირედ მაინც შეგაგრძნობინოთ ის განცდები, რამაც ლამის სუნთქვაშეკრული გვატარა თუნდაც ამ 9 დღის განმავლობაში...
მოკლედ, ძველი ურარტუს ციხე-ქალაქის საოცრებებთან გამომშვიდობების შემდეგ გეზი ხათების უძველესი დედაქალაქისკენ - ალაჯაჰუიუკისკენ (Alacahoyuk) ავიღეთ. გულისფანცქალით მივდიოდით მხარეში, საიდანაც ვიწყებდით ძველი წელთაღრიცხვის საიდუმლოებებით მოცულ მიწისზედა თუ მიწისქვეშა ტალანებსა და გამოქვაბულებში ძრომა-ხეტიალს.
ასე, სუნთქვაშეკრულები და თვალგაფაციცებულები მივუახლოვდით ხათების დედაქალაქს. ძალიან შთამბეჭდავად მოჩანდა დედაქალაქიც და იქვე, მის მიმდებარედ, ეზოში მოწყობილი მუზეუმიც. მინიბუსიდან ჩამოსულებს მუზეუმის თანამშრომლები გამოგველაპარაკნენ, აშკარად კეთილგანწყობილები ჩანდნენ და გვასწავლეს კიდეც, საით უნდა წავსულიყავით... ალაჯაჰუიუკში ქვის ორი სფინქსი შემოგვეგება - დედაქალაქის კარიბჭის სიმბოლური მცველები. მგონი, გაუხარდათ ჩვენი დანახვა და მშვიდობიანად შევაბიჯეთ ქალაქის მთავარ "ქუჩაზე". ხან ქუჩებში დავსეირნობდით, ხან შემინულ არტეფაქტებს დავყურებდით, ხან ტალან-ტალან დავძვრებოდით და, ცხადია, ყოველ ნაბიჯს ფოტოსესიაც ახლდა.
ინფორმაციისთვის მოკლედ გეტყვით, რაც იქვე გვითხრეს და წყაროებშიც ამოვიკითხეთ: ხათის სამეფო ძვ.წ. XXIII საუკუნიდან ათასი წლის განმავლობაში არსებობდა დღევანდელი კაპადოკიის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ანატოლიაში - ტავრის მთებიდან (ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ, 1500 კილომეტრზე გადაჭიმული მთათა სისტემა თურქეთის სამხრეთ ნაწილში) პონტოს ანუ დღევანდელ შავ ზღვამდე. ამ სახელმწიფოში ხეთების წინარე კულტურის მქონე ხათები სახლობდნენ. ისტორიიდან ცნობილია, რომ ხათებს საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო ჰქონდათ. აქ მცხოვრები ადამიანები ლაპარაკობდნენ ხათურ ენაზე. ძვ.წ. II ათასწლეულში ხათურმა ენამ უკვე "მკვდარ" ენებში გადაინაცვლა. მას ხეთების სამეფოს დაარსების შემდეგ მხოლოდ ტექსტების შესადგენად იყენებდნენ. ხათურ ენაზე შედგენილი რელიგიური ხასიათის ტექსტებს მეცნიერებმა ხეთების დედაქალაქ ხათუსას ანუ დღევანდელი ქალაქ ბოღაზქოის არქივში მოაკვლიეს.
ხათების დედაქალაქი ალაჯაჰუიუკი ამავე სახელწოდების ბორცვის ქვეშ, გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. იგი ყველაზე მეტად ადრე ბრინჯაოს ხანის განსაკუთრებით მდიდრული სამარხებისა და ხათური პერიოდის არქიტექტურითაა ცნობილი. მეტად საყურადღებო აღმოჩნდა აქ ნაპოვნი ოქრომჭედლობისა და ბრინჯაოს მხატვრული ნიმუშები, რომელიც საკმაოდ გამოირჩეოდა დამზადების ტექნიკით თუ მხატვრული დამუშავებით. ეს ნიმუშები ცენტრალურ ანატოლიაში ამ დარგების ჩასახვასა და ადრეულ ხანაშივე მის დაწინაურებაზე მეტყველებდა. ალაჯაჰუიუკის ბორცვი თურქეთის დედაქალაქ ანკარის აღმოსავლეთით მდებარეობს და მათ შორის მანძილი 180 კილომეტრია. ამ ბორცვით მეცნიერები, თურმე, XIX საუკუნის ბოლოდან ინტერესდებოდნენ, მაგრამ ხათების დედაქალაქის საფუძვლიანი გათხრები მხოლოდ 1930-იან წლებში თურქმა არქეოლოგებმა - რემზი არიკ ორგუზმა და ჰამიტ კოშაიმ ჩაატარეს. გაითხარა ციტადელის შიგნით მდებარე სამეფო სამაროვანი 13 მდიდრული სამარხით. ცამეტივე სამარხი ეკუთვნოდა თითო, კონკრეტულ ადამიანს - ქალს ან კაცს და მასში თავმოყრილი იყო მდიდრული ნივთები, განსაკუთრებით ჭარბობდა - ძვირფასი ლითონისა და ბრინჯაოსგან დამზადებული სამკაული, იარაღი, სარიტუალო არტეფაქტები და სხვა. მეცნიერები ამბობენ, რომ აქ აღმოჩენილ ლითონის ნაწარმს ბევრი საერთო აქვს კავკასიის ლითონით მდიდარ კულტურასთან, რაც, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ანატოლიაში ინდოევროპულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების ინფილტრაციამ ანუ ურთიერთშერწყმამ გამოიწვია. შუა და გვიან ბრინჯაოს ხანებში (ძვ.წ. 2000- 1200 წწ.) ალაჯაჰუიუკი წამყვან ხათურ ქალაქად იქცა და მას მხოლოდ 30 კილომეტრი აშორებდა ქალაქ ხათუსასგან, რომელიც მომავალში ხეთების სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა.
რომ გავყურებდით, ალბათ, თითოეული საკუთარი ფანტაზიით ვხედავდით ამ, უხსოვარი დროის ქალაქს - ალაჯაჰუიუკს. როგორი იყო ჩემი წარმოსახვით? - როდესაც სიმაღლიდან მისი ფოტო გადავიღე, თვალწინ გადამეშალა დიდ სივრცეზე გადაჭიმული დასახლება, გარშემორტყმული კოშკებიანი გალავნითა და მონუმენტური სფინქსებიანი კარიბჭით - ორი სფინქსის ქვის სკულპტურით... სრულფასოვანი ქალაქი - ქუჩებითა და სახლებით, რომლებიც სავაჭრო ადგილებს - მაღაზიებს ესაზღვრება... ქალაქის კედლის შიგნით ფართო სასახლით, ღია შიდა ეზოთი და ოთახების რიგებით. იქ ქალაქის ელიტა ცხოვრობდა, იქვე კი - მათი მოსამსახურეები. შორიახლოს "ვხედავდი" ერთმანეთთან მწყობრად ჩამწკრივებულ ადამიანებს - ალბათ, რაღაც პროცესია იყო ან, სულაც - მამაკაცები სანადიროდ მიდიოდნენ... ეს ფრაგმენტი კარგად ჩანდა კარიბჭესთან ახლოს, ქვის ბლოკებზე ამოკვეთილ, რელიეფური ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარში (ამგვარ ნამუშევრებს ხათუსაშიც შევხვდით და მასზე მომდევნო ბლოგში გიამბობთ)... ტალანები? - ალბათ, რამდენ საიდუმლოს ინახავს ეს ბნელი და ვრცელი მიწისქვეშა დერეფნები, ვინ იცის, ვინ სად იმალებოდა, ვინ ვის სად ესმოდა თავს, ვინ ვის ესიყვარულებოდა... ასეთი იყო ჩემთვის ალაჯაჰუიუკი - ნანგრევებში გაცოცხლებული, გრანდიოზული და ულამაზესი! ალაჯაჰუიუკის ნამოსახლარი, როგორც ჩანს, ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის ბოლოს გაუკაცრიელდა, მაშინ, როდესაც, ზოგადად, ხათური იმპერია განადგურდა.
ხათების დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ იქვე მდებარე მუზეუმშიც შევიარეთ. სამწუხაროდ, დიდხანს ვერ დავყოვნდით, რადგან წინ ულამაზესი ხათუსა - ხეთების დედაქალაქი გველოდა.
(გაგრძელება იქნება)
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს