"ცოლ-ქმარი ვიყავით წასულები და ყველა ახლობელი გვგულშემატკივრობდა, მეუღლემ რომ წააგო, ძალიან განვიცადე... თუმცა ჩვენი გამარჯვებით მათაც გაიხარეს"
ტოკიოს პარაოლიმპიადა 5 სექტემბერს დაიხურა და იქიდან ქართველები 3 ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ. პირველი ვერცხლი ხმლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა პირველივე დღეს, თამაშების გახსნისთანავე მოიპოვა. მომდევნო დღეებში პარალიმპიადის ვიცეჩემპიონის ტიტული პარაძიუდოისტებმა - ინა ქალდანმა (70) და რევაზ ჩიკოიძემ (+100) მოიპოვეს. სპორტსმენები სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ.
24 წლის ინა ქალდანი ოქროს მედლისთვის იბრძოდა. პირველ შეხვედრაში მან ძლიერი მექსიკელი პარაძიუდოსტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ სპორტსმენს სძლია. ინას ფინალში ასპარეზობა 26 წლის ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან მოუხდა და ფინალური პაექრობა ვაზარით დათმო.
ვერცხლის მედალი 24 წლის ინა ქალდანისთვისაც კარიერის უმნიშვნელოვანესი შედეგია, რადგან მან პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე პირველი მედალი მოიპოვა. თუმცა გული წყდება, საქართველოს ჰიმნი რომ ვერ ააჟღერა. ამბობს, რომ ახლა პარიზში გამართულ ოლიმპიადაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს და ბავშვობის ოცნებას აუცილებლად აისრულებს. ინა ქალდანთან ერთად ტოკიოში იმყოფებოდა მისი პარაძიუდოისტი მეუღლე გიორგი ქალდანი. ინასგან განსხვავებით, მას არ გაუმართლა და მეხუთე ადგილი აიღო.
ახლობლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოვაციებით შეხვდნენ სამშობლოში დაბრუნებულ სპორტსმენებს. ცოტა ხანში ქართველი პარალიმპიელები პარიზისთვის მზადებას დაიწყენებ და იქიდან უფრო მეტი მედლის ჩამოტანას გეგმავენ.
- ინა, გვიამბეთ თქვენზე, რატომ გადაწყვიტეთ ძიუდოზე გევლოთ და სპორტის ამ სახეობას დაუფლებოდით? - 10 წლის ვიყავი, ძიუდოში ვარჯიში რომ დავიწყე, "ჯუდო კლუბ ჯორჯიაში" ავიდგი ფეხი და ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მწვრთნელების, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მიღწევებში, თავდაუზოგავად შრომობდნენ და მასწავლიდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ გამარჯვება მომეპოვებინა. ჩემი პირველი მწვრთნელი გაიანე ხალხატიანი იყო. მან შემაყვარა სპორტის ეს სახეობა, მართლა უდიდესი შრომა ჩადო. მეორე მწვრთნელი კარენ არუთინიანი იყო. სხვათა შორის, მის დარბაზში გაიზარდა ძიუდოისტი გელა ზაალიშვილიც, ბავშვობაში ერთად ვვარჯიშობდით. ბევრი ღირსეული სპორტსმენი გამოზარდეს, მაგალითად, ლოლაძე, რომელმაც ევროპა მოიგო. კარგი სპორტსმენები იზრდებიან იმ დარბაზში, იმიტომ, რომ თავდაუზოგავად დ სრულიად უანგაროდ, თავდადებით ავარჯიშებენ ბავშვებს. მართლა მაქსიმუმს დებენ ბავშვებში.
ჩემი პრობლემების გამო ვერასოდეს ვდებდი სათანადო შედეგებს. რომ წამოვიზარდე, აქტიურად ვარჯიშს თავი დავანებე, რადგან უნდა მესწავლა და მემუშავა. სამოყვარულოში ვიყავი გადასული, მერე გავთხოვდი, ოჯახი შევქმენი და როცა ფეხმძიმედ დავრჩი, ექიმმა კატეგორიულად ამიკრძალა ბუნებრივად მშობიარობა. გენეტიკურად გვაქვს მხედველობის პრობლემა და ამიტომ საკეისრო კვეთა მირჩიეს. შვილის გაჩენის შემდეგ გამიუარესდა მხედველობა და ექიმებთან დავდიოდი. იმ ექიმმა რომ გაიგო, სპორტს მივსდევდი, მიამბო პარაძიუდოს შესახებ და იქიდან წამოვიდა იდეა, ამ გუნდში მივსულიყავი. ჩავერთე პარაძიუდოში და მოვედი აქამდე.
- თქვენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას, რომ 10 წლის გოგო ძიუდოზე შეხვედი? - მართლა სპონტანურად გადავწყვიტე 10 წლის გოგომ ძიუდოზე სიარული. ჩემი პირველი მწვრთნელი ქალბატონი გაიანე ხალხატიანი ჩემი კლასელის მეზობელი იყო და მან მირჩია მევლო ძიუდოზე. ფიზიკურად ყოველთვის ძლიერი ბავშვი ვიყავი და მონაცემები მქონდა. რომ მივედი, მომეწონა და იქიდან წამოვიდა ეს იდეა. ოჯახის წევრებმა რომ გაიგეს, ძიუდოზე დავდიოდი, გაგიჟდნენ, კატეგორიულ უარზე იყვნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხშირად ჩუმად მივდიოდი სავარჯიშოდ, მერე უკვე შეეგუვნენ და წინააღმდეგობა არ ყოფილა. ყველაზე ადეკვატურად მაინც მამა შეხვდა, საბოლოოდ, მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება და ძალიან მგულშემატკივრობდა. მამა საქართველოდან ადევნებდა ჩემს შეჯიბრს თვალს და, თურმე, სამი ღამე არ უძინია. მე ბოლო დღეს ვიჭიდავე და მან იმდენად განიცადა ჯერ გამოსვლა, შემდეგ ისე გაუხარდა ჩემი ვერცხლის მედალი, სრულიად ჯანმრთელ ადამიანს გულზე პრობლემა შეექნა და სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, სტენტირება დასჭირდა. აეროპორტში კი დამხვდა მამა, ძალიან ემოციური იყო ჩვენი შეხვედრა, მაგრამ მერე ბიძაჩემმა დამირეკა, კლინიკაში გადაგვყავს, ცუდად არისო, მადლობა ღმერთს, უკვე გამოწერეს. ექიმებმა გვითხრეს, დროზე ხართ მოსულები, თორემ შეიძლებოდა ფატალურად დასრულებულიყო მისი ჯანმრთელობაო, გული სულ დათრომბილი იყო. ზოგადად, მშვიდი ადამიანია, მაგრამ ეტყობა, ინერვიულა.
- თქვენ აღნიშნეთ, სპორტს სწავლის და მუშაობის გამო თავი დავანებეო, სად სწავლობდით? - სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი ბიზნესადმინისტრირებაზე, პირველი კურსი დავხურე, მაგრამ, სამწუხაროდ, სწავლა მერე ვერ გავაგრძელე, რადგან ოჯახური პრობლემები შემექმნა. 17 წლიდან ვმუშაობდი და მე ვიხდიდი ჩემი სწავლის ფულს, მაგრამ მერე სხვა პრობლემის გამო ვეღარ ვიხდიდი, ვეღარც ვვარჯიშობდი. ჩემი პირველი სამსახური ამერიკელების პიცერიაში იყო, იქ დავიწყე მუშაობა იმიტომ, რომ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა მაწყობდა, თან ვსწავლობდი. მაშინ დედა საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული, ოჯახში მუშაობდა, მაგრამ დედა ცუდად გახდა, სიმსივნე აღმოაჩნდა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო საქართველოში დაბრუნდა, აქ მკურნალობდა. დედა ავად მყავდა და სწავლისთვის დრო აღარ მრჩებოდა, უფრო მეტი უნდა მემუშავა. ვმკურნალობდით დედას მაქსიმალურად, ორ სამსახურში ვმუშაობდი, ზოგჯერ სამ ადგილასაც, თან გამოძახებით, მიმტანად ვმუშაობდი. სამწუხაროდ, დედა გარდაიცვალა, მერე უკვე სამსახურებსაც თავი დავანებე და სახლში ჩავიკეტე, ჩემს თავთან. სახლიდან აღარ გამოვდიოდი. ძალიან დეპრესიაში ვიყავი. ჩემმა მეუღლემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ როგორმე ეს დეპრესია დამეძლია, ჩვენ მაშინ შეყვარებულები ვიყავით და მისი დიდი ბრძოლით გამოვედი ამ მდგომარეობიდან. გიორგის ბავშვობიდან ვიცნობდი, სპორტსმენია, დღეს მის გვარზე ვარ. მერე გავთხოვდი, ოჯახი შევქმენით და როგორც უკვე გითხარით, ორსულობის დროს გამირთულდა მხედველობის მდგომარეობა. შვილი გვყავს, წამოიზარდა, 2 წლის და 9 თვის არის და მეც დავიწყე ბოლო დროს აქტიურად ვარჯიში. ახლა, ოლიმპიადიდან დაბრუნებულს, სასიხარულო ინფორმაცია მომაწოდეს - ჩემმა უნივერსიტეტმა დამიფინანსა ჩემი 4-წლიანი სწავლა მთლიანად. დიდი მადლობა მინდა, მათ გადავუხადო და ამით მომეცა საშუალება, ჩემი ოცნება ავისრულო, განათლება მივიღო და აუცილებლად დავამთავრებ უნივერსიტეტს. ისედაც ძალიან მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა და ამისთვის გზებს ვეძებდი. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ეს შანსი მომცეს. დღეს ბედნიერი და გახარებული ვარ, აუცილებლად ვისწავლი და ჩემს ოცნებას ავიხდენ.
- თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი? - მეუღლე კლუბში, "ქლაბ ჯორჯიაში" გავიცანი. მე რომ იქ დავიწყე ვარჯიში, ის უკვე ვარჯიშობდა, მასაც აქვს მხედველობის პრობლემა გენეტიკურად, ამიტომ იყო ჩვენთან ერთად ტოკიოში და მონაწილეობდა პარალიმპიადაში. სამწუხაროდ, გიორგი მეხუთე ადგილზე გავიდა. პირველ დღეს ბიჭებმა იჭიდავეს და წააგეს. ბოლო დღეს კი ვიჭიდავეთ მე და რევაზ ჩიკოიძემ, ჩვენმა გამარჯვებამ სრულიად გადაფარა მათი წაგებები, ყველანი გახარებულები იყვნენ ჩვენი წარმატებებით. თავიანთი მოგება, ალბათ, ისე არ გაუხარდებოდათ, როგორც ჩვენი მოგება გაუხარდათ. მე ძალიან მწყუროდა ოქრო, 100 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, ოქროს მედალს ავიღებდი და ქართულ ჰიმნს ავაჟღერებდი. შეჯიბრის დროს პატარა წვრილმანმაც არ უნდა შემიშალოს ხელი, ძალიან ემოციური ვარ და თუ რამე არ მომეწონებოდა, უბრალოდ, შეიძლებოდა დავბნეულიყავი. სეკუნდანტად ჩემი ექიმი წამომყვა. ყოველ შეხვედრაზე გასვლის წინ ის პულსს მისინჯავდა, სულ დამცინოდა ცივსისხლიანი ხომ არ ხარ, პულსი საერთოდ არ ისინჯებაო. დარწმუნებული ვიყავი ჩემს წარმატებაში და ისე ძალიან მინდოდა მოგება, რომ თავი შევამზადე და შეჯიბრის განცდა საერთოდ არ მქონდა. ოქრო რომ ვერ ავიღე, ძალიან შოკი იყო, სპორტში ფსიქოლოგია დიდ როლს თამაშობს, ვთვლი, რომ ფიზიკურად მაინც ჩაგვივარდა ვარჯიშები, შეკრებები არ გაგვივლია. იქ რომ ჩავედით, ჩაგვკეტეს კრანტინში და პირველი 12 დღე სულ კარანტინში ვიყავით. მთლიანი აგვისტო, რაც ტოკიოში უნდა გვევარჯიშა, ჩაგვივარდა, ალბათ, ამანაც იმოქმედა, თორემ იქიდან უფრო ბევრი მედლით უნდა დაბრუნებულიყო ჩვენი გუნდი. ვიბრძოლე მაქსიმალურად, მაგრამ ძალიან უხერხული მეტოქეა ბრაზილიელი გოგო ჩემთვის. რევანშის აღება მინდოდა, რადგან ერთხელ მასთან წავაგე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. მაღალია ძალიან, ძალიან დიდ დისტანციაზე ჭიდაობდა და ფიზიკურად არ მაძლევდა საშუალებას, რამე გამეკეთებინა. ვერ ვწვდებოდი ფიზიკურად. მე იქ მოსაგებად ვიყავი ჩასული, მაგრამ ფინალში წავაგე. ეს ოლიმპიადა პირველი იყო ჩემთვის, მანამდე "გრამპები" მქონდა აღებული. ბაქოშიც რუსთან ვიგებდი შეხვედრას, მაგრამ ბალოს კუნთი ჩამეხა და ჩახეული კუნთით ვიჭიდავე, მაშინ მესამე ადგილი ავიღე, იქიდან 2 კვირაში მომიწია ინგლისში თამაში, ისევ ამ ბრაზილიელთან და იქაც მესამე ადგილი ავიღე. ახლა ტრავმა არ მქონდა, მორჩენილი მქონდა ხელი, მაგრამ ფინალი წავაგე, სამწუხაროდ. ჩემთვის უხერხული მეტოქეა ეს გოგო თავისი სიმაღლის გამო, დისტანციაზე ჭიდაობს, მაღალია და ხელებს რომ გაშლის, ახლოს საერთოდ ვერ მივდივარ, მე კი შეკრული ჭიდაობის სტილს ვჭიდაობ.
- გულშემატკივარ მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა, თქვენ რომ ვერცხლის მედალი აიღეთ? - მეუღლე მაძლევს რჩევებს, ყველანაირად მეხმარება ვარჯიშებზეც, შეჯიბრებებზეც, დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს. ორი სპორტსმენი, ცოლ-ქმარი ვიყავით წასულები და ყველა ახლობელი გვგულშემატკივრობდა, ყველას უხარია ჩვენი წარმატებები. მეუღლემ რომ წააგო, ძალიან განვიცადე. ეს იყო საშინელება. ყველაფერს ველოდებოდი, მაგის გარდა. მასზეც ძალიან იმოქმედა ფსიქოლოგიურად, იქ რომ ვერ ვივარჯიშეთ და თან იმ ფაქტმა, რაც ჩვენს კაპიტანს დაემართა.
- მაინც რა გახდა თქვენი კაპიტნის დაკავების მიზეზი, ის მოხსნეს თამაშებიდან და ცნობილია, რომ ინციდენტი მოუხდა სასტუმროს ადმინისტრაციასთან - გაუგებრობა იყო. ეს ამბავი ჩვენი გუნდისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა, ის ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო. ფაქტმა გუნდზე ძალიან იმოქმედა. რაც ვნახეთ, საერთოდ არ იყო ეს ჩვენი ბიჭების ჭიდაობა, ვერ იჭიდავეს. მომხდარის დეტალები ჩვენ თვითონაც არ ვიცით, არავინ არაფერი გვითხრა, ჩვენ ყველანი კარანტინში ვიყავით, ცალ-ცალკე ოთახებში და არავის არ გვქონდა ოთახიდან გასვლის უფლება, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.
- სახელმწიფომ ოლიმპიურ ჩემპიონებს თანხები გადასცა, პარაოლიმპიელებსაც გერგოთ ფინანსური პრიზები? - ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ. თუმცა თავიდან გვითხრეს, რაც პირველ ნაკადს ჰქონდა, იგივე უნდა მომხდარიყო პარაოლიმპიელებთანაც. ჩვენც ველოდებით. ემოციური იყო აეროპორტში დახვედრაც. ჩემი მწვრთნელი ვიქტორია გოგოლაშვილი დამხვდა, ძალიან დამღლელი 32 საათი ვიარეთ აეროპორტებში და დაღლილები ჩამოვედით, მაგრამ ამ გულთბილმა მოლოცვებმა ძალიან გაგვახარა და გაგვაბედნიერა. ახლა ვემზადები პარიზისთვის, იქიდან აუცილებლად ოქროს მედალი უნდა წამოვიღო. ძალიან მინდა, ავაჟღერო საქართველოს ჰიმნი და ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულო.
- ძიუდოისტ გოგოს ბავშვობაში თანატოლ გოგო-ბიჭებთან ხომ არ დაგჭირვებია ნასწავლი ილეთების გამოყენება? - უკონფლიქტო ვიყავი ყოველთვის და ამიტომ არასოდეს დამჭირვებია. ამ გამარჯვების შემდეგ მეგობარმა გოგონებმა გადაწყვიტეს, ვარჯიში დაიწყონ. ვფიქრობ, ბევრი მომბაძავს. ზოგადად, ფეხბურთიც მიყვარს ძალიან, მაგრამ ვერ ვთამაშობ, რადგან არ ვარ მოძრავი. ზანტი ვარ. ჩემი მწვრთნელი ხუმრობით "პანდას" მეძახის. ფეხბურთის სკოლაში მითამაშია. ჩვენი კლასის გოგონებმა მაშინ გავიმარჯვეთ სკოლაში, შიდა კლასებს შორის შეჯიბრის დროს. ფეხბურთი არის ჩემთვის ჰობის დონეზე და ჩვენს ქალ ფეხბურთელებსაც ვგულშემატკივრობ.
- რაიმე სახალისო ამბავიც ხომ არ მომხდარა ტოკიოში? - რევაზ ჩიკოიძეს ფინალში თამაშის დროს მუხლი ამოუვარდა და ამიტომ მოუწია ოქროს მედლის დათმობა. დიდი "ტაჩკით" მოგვყავდა ის სასტუმრომდე, "ტაჩკით" მივგორავდით ორი კილომეტის მანძილზე.
(სპეციალურად საიტისთვის)