"შეიძლება გახარიას ბევრი რამ დააბრალო, მაგრამ ნარკოტესტზე სპეკულაცია წარმოუდგენელია - შესაძლოა, ხვალ დააბრალონ, რომ წყალბადის ბომბს ამზადებს" - კვირის პალიტრა

"შეიძლება გახარიას ბევრი რამ დააბრალო, მაგრამ ნარკოტესტზე სპეკულაცია წარმოუდგენელია - შესაძლოა, ხვალ დააბრალონ, რომ წყალბადის ბომბს ამზადებს"

როგორც ჩანს, ამ თემასთან დაკავშირებით ვისაც ასაღელვებელი ჰქონდა, ის ადამიანი პირველი გაიქცა და ეს ნარკოტესტი ჩააბარა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც კახა კალაძის მიერ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტის ჩატარების ამბავს გამოეხმაურა.

კახა ქემოკლიძე ასევე გამოეხმაურა გიორგი მშვენიერაძის განცხადებას . იურისტის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მას აქვს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატზე (მისი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე) არსებობს კომპრომატ ჩანაწერი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული.

"ჩვენ კომპრომატების კი არა, დედამიწის ზურგზე არაფრის გვეშინია. ჩვენ ვართ შინაარსობრივი ადამიანები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებებით ვიყავით კეთილსინდისიერი, ასე თუ ისე წარმატებული, საქმიანი, საქმის გამკეთებელი, სადაც საჭიროა მიმწოლი პიროვნებები. თუკი ვინმეს რამე აქვს, გამოიტანოს და ვისაუბროთ შინაარსობრივად და არა ამ სპეკულაციების საფუძველზე. ჩვენ ასაღელვებელი არაფერი არა გვაქვს - საქმით ვართ დაკავებული. აქტიური საარჩევნო კამპანიაა, შესაბამისად, ყოველდღიური ცხრილი ინდივიდუალურად - მაჟორიტარების, მერობის კანდიდატის და ნებისმიერი თანაგუნდელის გაწერილია. ამიტომ, ამ ადამიანებს ბევრ სპეკულაციაში ვერ მივყვებით. თუ ვინმეს რამე აქვთ ასაღელვებელი, როგორც ჩანს, პირველები ისინი გაიქცნენ“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ამის დრო და საშუალება იქნება, მისი პარტიის ლიდერი აუცილებლად გაიკეთებს ნარკოტესტს.

"ბატონ გახარიას ეს ათჯერ და უფრო მეტჯერაც გაუკეთებია. ბოლოს მან აღნიშნული ტესტი საპარლამენტო არჩევნების წინ ჩააბარა, ამიტომ აქ რაღაც განსაკუთრებული სპეკულაციის საგანი არ არსებობს. იცით, მთავარი რა არის? ბატონმა გიორგი გახარიამ თავისი ორი უშუალო ოპონენტი - კალაძე და მელია შინაარსობრივ, სიღრმისეულ დებატებში გამოიწვია. ამ ორმა ადამიანმა, განსაკუთრებით კი ბატონმა კალაძემ, იმის ნაცვლად, რომ შინაარსობრივ პოლემიკაში, დებატებში მოვიდეს, გადაწყვიტა რომ რაღაც ნიუსი შეექმნა, სადღაც გაქცეულიყო და ჩაებარებინა რაღაც ტესტი“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

მისივე განმარტებით, არჩევნებამდე კიდევ ბევრი "მსგავსი ტიპის სპეკულაცია“ იქნება.

"შესაძლოა, გიორგი გახარიას ხვალ დააბრალონ, რომ ოჯახურ პირობებში წყალბადის ბომბს ამზადებს, ზეგ - "თალიბანთან“ თანამშრომლობაშიც დასდონ ბრალი. ახლა ძალიან ბევრი ასეთი ნიუსი იქნება. საქმით, საქმით დაკავდნენ, კონკრეტული საქმით პროექტებით და ამ დებატებისთვის მოემზადონ.

ჩვენ მათ სალაპარაკო საფუძველს არ ვაძლევთ - ამის საფუძველს თვითონ ქმნიან. იმის ნაცვლად, რომ შინაარსობრივ დებატებზე იფიქრონ, რომელზეც პირველმა გაუგზავნეს გამოწვევა - ამ ნიუსის გადასაფარად ჩვეულებრივი დეზინფორმაციის კამპანიას იყენებენ, რაც ერთ-ერთი ელემენტია, როდესაც გინდა რაღაცა ნიუსი გადაფარო. ამ დროს ცდილობ რაღაც ახალი ნიუსი შექმნა. შეიძლება გახარიას ბევრი რამე დააბრალო, მაგრამ ნარკოტესტთან დაკავშირებით სპეკულაცია წარმოუდგენელია“, - განაცხადა ქემოკლიძემ.