ვინ არის ავსტრალიელი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
ვინ არის ავსტრალიელი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და რა არის სავარაუდო მოტივი?
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ შსს-მ შანაე ბრუკის მკვლელობა გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 წლის შანაე ბრუკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული რ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავა, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“აღნიშნულ დანაშაულთან, სავარაუდოდ, ხელშეუხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა. მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაე ბრუკის გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა.
გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.”, - განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა მურადაშვილმა ბრიფინგზე.
31 წლის ავსტრალიელი ქალის მკვლელობა გახსნილია - რა განაცხადეს შსს-ში შანაე ბრუკის მკვლელობის საქმეზე?
შანაე ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. როგორც მისი მეგობრები და ნაცნობები აცხადებდნენ, შანაემ გარდაცვალებამდე ერთ-ერთ მათგანთან დარეკა. ზარის დროს ისმოდა მისი ხმა, ქალი შველას ითხოვდა.
ბრუკი მეორე დღეს მთაწმინდის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალს სხეულზე რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა.
თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი) მუხლით დაიწყო, შემდეგ კი გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის (სსკ 108-ე) მუხლით გაგრძელდა.
ambebi.ge-მ მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გაარკვია.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მკვლელობისთვის დაკავებული 33 წლის თბილისელი რაფიელ მუსაგალოვია, რომელიც დანაშაულს აღიარებს.
მუსაგალოვი შანაე ბრუკის მეზობლად, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყაჩაღობაა - თავდამსხმელი შანაე ბრუკს "აიფონ-12“-ის წართმევას უპირებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან გოგონამ ის ქვემოთ, ხრამში მოისროლა. როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ადგილზე დანით ხელი გაიჭრა და ადგილზე მისი სისხლის კვალი დარჩა. სწორედ გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა ბრალდებულის დნმ და მისი ვინაობაც.
როგორც წყარო გვეუბნება, მკვლელობაში ბრალდებულს მიმალვა არც უცდია და ის სამართალდამცველებმა დღეს საკუთარი სახლიდან აიყვანეს.