"ისეთი ცხოვრება მაჩუქეს, რომელსაც ვერც კი ვინატრებდი" - კვირის პალიტრა

"ისეთი ცხოვრება მაჩუქეს, რომელსაც ვერც კი ვინატრებდი"

ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე 23 წლამდე ასაკის ეტლით მოფარიკავეებში საუკეთესო ტიტულის მფლობელმა ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფარიკაობა 17 წლის ასაკში დაიწყო, 4 თვის შემდეგ პირველად მიიღო მონაწილეობა უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეებში ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი (ხმალსა და რაპირაში) გახდა. 2017 წელს პოლონეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, მოსიყვარულე ოჯახში და არაჩვეულებრივი მეგობრების გარემოცვაში გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. ასე რომ, პროფესიით არქიტექტორი ვარ, თუმცა სპორტმა მთლიანად მოიცვა ჩემი ცხოვრება. ვთვლი, რომ ეს ორი საქმიანობა - სპორტი და ხელოვნება მეხმარება გავუმკლავდე ცხოვრებისეულ სირთულეებს..."

"საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი, ჩემმა მწვრთნელმა და გუნდმა შემაყვარა სპორტის ეს სახეობა. ყოველი ჩემი წარმატება მათი დამსახურებაა. საკმაოდ რთულია. ფიზიკურად ძალიან მოქნილი და სწრაფი უნდა იყო, ამასთანავე მნიშვნელოვანია სიზუსტე, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ფიქრსაც მოითხოვს და რაც უფრო ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, მით შედეგიანია შენი ფარიკაობა, ამ უნარ-ჩვევების შეძენას კი წლები სჭირდება..."

"ჩემი პირველი წარმატება 23 წლამდელთა შორის იყო, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და შემდეგ სამი წელი ვინარჩუნებდი ამ ტიტულს, თუმცა პარალელურად დიდებშიც გამოვდიოდი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო ჩემი მედალი სენიორებში, ასევე ყველაზე დასამახსოვრებელი გახლდათ გუნდური ასპარეზობა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლი ავიღეთ, ხოლო წელს ოქროთი ჩავანაცვლეთ. წლევანდელი ოლიმპიური ვერცხლი ყველაზე მეტად მიხარია..."

"პარაოლიმპიადაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს, იქ მხოლოდ საუკეთესოები მიდიან. ყველა სპორტსმენისთვის უკვე დიდი გამარჯვებაა ოლიმპიადაზე მოხვედრა. მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო თითოეულს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და ღირსეული მონაწილეობისთვის..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი

იხილეთ ასევე: "ცოლ-ქმარი ვიყავით წასულები და ყველა ახლობელი გვგულშემატკივრობდა, მეუღლემ რომ წააგო, ძალიან განვიცადე... თუმცა ჩვენი გამარჯვებით მათაც გაიხარეს"