"ჩემს დისიდენტობას სკანდალი მოჰყვა... არასოდეს არავის ვეპუებოდი"
"რა დროს დასვენება და მოგზაურობაა ამ პანდემიის დროს, ეს მაგიჟებს..." - მითხრა ქეთი დოლიძემ, ამ თემაზე ინტერვიუ რომ ვთხოვე. როცა დავაკონკრეტე, წარსული წლების მოგზაურობებისა და ძველი დროის ამბები მაინტერესებდა, ჩვენი საუბარიც შედგა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ყოველ ზაფხულს კიკეთში ვისვენებდით. კიკეთის გარდა, რაც მთავარია, ბებია-ბაბუას სახლი ჰქონდა მახინჯაურში, იქ ცხოვრობდნენ და მთელი სანათესავო მათთან ვიყავით. მამაჩემს ჰყავდა ორი ძმა - ბორისი, ვლადიმერი და ორი და - შუშანა და ვენერა. ასევე, ჰყავდა დეიდაშვილი მარიკა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა. რომ დავიბადე, მას ჩააბარეს ჩემი თავი, მარიკა მამიდა მზრდიდა. დედა მუშაობდა, ძალიან დაკავებული ქალი იყო, მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ასევე მყავდა რუსი ძიძა, "წოწია" ნიურა, რომელზეც ყველანი ვგიჟდებოდით, ისე გვიყვარდა და თან გვეშინოდა, მკაცრად გვზრდიდა..."
"მახინჯაურში რეჟიმში ვიყავით, დილის 7 საათზე გვაღვიძებდნენ, 8-ზე ვსაუზმობდით. აუცილებელი პირობა იყო, რომ დღის განმავლობაში გოგონებს 2 საათი უნდა გვეკითხა, მერე გვექარგა, შუადღისას - დაგვეძინა. ყოველდღე სუფრასთან დაახლოებით 14-15 კაცი ვსხდებოდით. "გადაპრანჭული" საჭმელი და ზედმეტი არაფერი გვქონია - სალათი, მჭადი, ყველი... კვირაში ერთხელ ვარია ან სხვა რამ იკვლებოდა..."
"მეშინოდა, ვინმეს არ ეთქვა, - აი, სიკო დოლიძის შვილია და იმიტომ დაუწერეს ნიშანიო. კარგად ვსწავლობდი, თუმცა პოლიტეკონომიაში საშემოდგომოც კი გამომყვა. ლექტორს ვუთხარი, - ამ საზიზღარი საგნის სწავლას არ ვაპირებ-მეთქი. ჩემს დისიდენტობას სკანდალი მოჰყვა..."
"არასოდეს არავის ვეპუებოდი. მამა ასე მზრდიდა და ამბობდა: ისეთ ქვეყანაში და ისეთი წყობის დროს ხარ გაზრდილი, დამნაშავე იქნები თუ არა, მაინც მონახავენ მიზეზს, რომ დაგსაჯონ, ამიტომ ნურაფრის გეშინია და ისე იმოქმედე, თითქოს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობო..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ნანული ზოტიკიშვილი