"ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ანტისხეულების მეტი რაოდენობა და კორონავირუსისგან ნაკლებად დაცული იყოს, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს ნაკლები ანტისხეულები, რომელიც მას მეტად დაიცავს" - კვირის პალიტრა

"ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ანტისხეულების მეტი რაოდენობა და კორონავირუსისგან ნაკლებად დაცული იყოს, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს ნაკლები ანტისხეულები, რომელიც მას მეტად დაიცავს"

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც ანტისხეულების დიდი რაოდენობა აქვს, შესაძლოა, კორონავირუსის ინფექციისგან ნაკლებად დაცული იყოს, ვიდრე ადამიანი, რომელსაც ანტისხეულების ნაკლები რაოდენობა აქვს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ამის მიზეზად ცერცვაძე ე.წ. უჯრედულ იმუნიტეტს ასახელებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, ნაკლები ანტისხეულების მქონე პირებს ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი აქვთ, რომელიც მას დაინფიცირებისგან იცავს და იმაზე უკეთაც, ვიდრე ვაქცინაციით ან კოვიდისგადატანით წარმოქმნილი ანტისხეულები.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგიონებში ჩატარებულ კვლევას, სადაც მოსახლეობის ნაწილი Covid 19-ის ანტისხეულებზე შეამოწმეს, ცერცვაძე ამბობს, რომ აღნიშნული კვლევით დადგინდება, როგორ იმუნიტეტს ტოვებს ვაქცინაცია და გადატანილი კოვიდინფექცია.

"ამ კვლევის საბოლოო შედეგი მე არ ვიცი, თუმცა, კვლევით ვნახავთ, როგორ იმუნიტეტს ტოვებს გადატანილი კოვიდინფექცია და როგორ იმუნიტეტს ტოვებს ვაქცინაცია, რა დონის იმუნიტეტი ვითარდება ერთჯერადი ან სრულად ვაქცინაციის შემდეგ, როგორია შედარებითი დონე იმუნიტეტის სხვადასხვა ვაქცინების გაკეთების შემდეგ. მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს ერთი რამ, რომ აქ კეთდება მხოლოდ ანტისხეულების ტესტი, რომელიც როგორც ბუნებრივი იმუნიტეტის, ასევე კოვიდგადატანილ ადამიანებში ვაქცინაციის შემდგომ იმუნიტეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტი. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შედარებით მეტი რაოდენობა ანტისხეულების და ის ნაკლებად იყოს დაცული, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს ნაკლები ანტისხეულები, რომელიც მას მეტად დაიცავს. ეს იმიტომ, რომ ანტისხეულები იმუნიტეტის ერთადერთი კომპონენტი არ არის. არსებობს კიდევ ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი, რომელიც ასევე ძლიერდება და რჩება გადატანილი კოვიდინფექციის შემდეგ და ასევე გამომუშავდება ვაქცინაციის შემდეგაც. სამწუხაროდ, ამ უჯრედული იმუნიტეტის სიძლიერის განსაზღვრა დღევანდელი ლაბორატორიული საშუალებებით, ჩვეულებრივ კლინიკებში შეუძლებელია საქართველოშიც და უცხოეთშიც. ჩვენ ვერ ვაფასებთ, რა დონეზეა უჯრედული იმუნიტეტი. უჯრედული იმუნიტეტის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ კვლევით ცენტრებში და მას პაციენტებს არავინ უკეთებს, მითუმეტეს, მასიურად. ანტისხეულების იმუნიტეტის შეფასება მნიშვნელოვანია, გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს, მაგრამ ვიცოდეთ, რომ არა აბსოლუტურ წარმოდგენას. თუ ვინმეს ანტისხეულები დაბალი აქვს, მან არ უნდა ჩათვალოს, რომ ის ავტომატურად დაუცველია და ვაქცინამ არ იმუშავა. არ არის გამორიცხული, რომ მას ძლიერი უჯრედული იმუნიტეტი გამოუმუშავდა, რომელიც დაიცავს და შეიძლება უკეთესადაც, ვიდრე ანტისხეულები. მე ვარ ცოცხალი მაგალითი, ადამიანი, რომელსაც კოვიდის გადატანის შემდეგაც და ვაქცინაციის შემდეგაც დაბალი ანტისხეულების რაოდენობა მაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მე უჯრედული იმუნიტეტი მიცავს, რადგან ძალიან ფართო შეხება მაქვს კოვიდიანებთან და ერთხელ რომ გადავიტანე ინფექცია, მას შემდეგ არ მემართება", - აღნიშნა ცერცვაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, საბოლოო დასკვნას იმისას, თუ როგორ მუშაობს უჯრედული იმუნიტეტი და ანტისხეულებით განპირობებული იმუნიტეტი ერთდროულად, სტატისტიკა მოგვცემს, რომელიც თვეების და წლების შემდეგ დაიდება.

"როცა ეს სტატისტიკა დაგროვდება, ამის შემდეგ შეგვეძლება შეფასება, როგორი იმუნიტეტი ჰქონდა ამ ხალხს და რომელი ვაქცინა როგორ იმუნიტეტს ტოვებდა, მაგრამ ჯერჯერობით ვინაიდან შეფასებას მხოლოდ ანტისხეულებით განპირობებული იმუნიტეტი ექვემდებარება, ამით უნდა დავკმაყოფილდეთ. კვლევა, რომელიც ანტისხეულების ტიტრის შესაფასებლად ტარდება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ეს არ არის აბსოლუტური კრიტერიუმი",- განაცხადა ცერცვაძემ.