"გული თუ არ ჩადე საქმეში, იქ წარმატება შეუძლებელია, ამიტომ, ამ გულს მე ჩავდებ ზუგდიდის მერიაში"
ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ზუგდიდში ანზორ მელია, მშობლიური სოფლის, ნარაზენის მოსახლებას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან სიკეთის გაკეთებაში, საქმის კეთებაში, სიყვარულში და "სწორედ ამ შემთხვევაში აღორძინდება საქართველო".
"მომეცა საშუალება, მოვსულიყავი იმ კუთხეში, სადაც დავიბადე და აღფრთოვანებული ვუყურებდი ყველაფერს. ეს ხალხი არ უნდა გარბოდეს უცხოეთში და არ უნდა ტოვებდეს ოჯახებს. უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან სიკეთის გაკეთებაში, საქმის კეთებაში, სიყვარულში - მაშინ აღორძინდება საქართველო. გული თუ არ ჩადე საქმეში, იქ წარმატება შეუძლებელია, ამიტომ, ამ გულს მე ჩავდებ მერიაში. მე ყველას მერი ვიქნები - სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების. არ შეიძლება, მერი მხოლოდ ერთ პარტიას ეკუთვნოდეს. მერად არჩევის შემდეგ, პირველი, რასაც გავაკეთებ, ჩემს ნარაზენს მივხედავ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას. მე სიტყვას არასოდეს ვღალატობ",- განაცხადა მელიამ.
"ინტერპრესნიუსი"