"საქართველოს გზა ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი - არ ვიცით, საით მიდის საქართველო" - კვირის პალიტრა

"საქართველოს გზა ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი - არ ვიცით, საით მიდის საქართველო"

საქართველოს გზა ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს წერია და ეს მთავრობის გაწერილი მიზანია, ამ მიზნისკენ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ ვხედავთ,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანის გეგმასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის.

"შარლ მიშელის შეთანხმება უკავშირდება საქართველოს და მისი მთავრობის სურვილს, ითანამშრომლოს ევროკავშირთან. გასულ წელს გვესმოდა, რომ არსებობდა გეგმები 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის შეტანაზე. ამას ვხედავთ ქაღალდზე, თუმცა ნაბიჯებს რომელსაც [ისინი] დგამენ, ამასთან სრულ წინააღმდეგობაშია. ვფიქრობ, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ [ისინი] მათ იყენებენ, იყენებენ როცა საქართველოს მთავრობას აწყობს. ახლა კი მას გვერდზე წევენ. ეს არაა ის, რისი დანახვაც ევროკავშირს სურს. ჩვენ გვინდა ვიყოთ პარტნიორები და თუ პარტნიორობა არ შეგვიძლია, ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები.

საქართველოს მთავრობა არ იქცევა, როგორც თანასწორი პარტნიორი. ბოდიში ჩემს მომდევნო კომენტარზე, მაგრამ ისინი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან. ჩვენ გვიწევს ხალხის გამოგზავნა, რომ შეთანხმებებზე მოილაპარაკონ. იყენებენ ევროკავშირს, როცა მათ ეს აწყობთ. პარტნიორები ასე არ იქცევიან. ან ვართ პარტნიორები, ან არაფერი არ ვართ.

გეტყვით, რომ საქართველოს გზა ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს წერია და ეს მთავრობის გაწერილი მიზანია, ამ მიზნისკენ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. არ ვიცით, საით მიდის საქართველო. ვერც იმას იტყვი, რომ ნამდვილად რუსეთისკენ მიემართება, რადგან არსებობს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა. ამიტომ, ალბათ, ეს არსაითკენ სვლაა. ჩვენ გვაინტერესებს, რა არის "ქართული ოცნების" საბოლოო მიზანი და გეგმა,"- განაცხადა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტარი მოახლოვებული არჩევნების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმები არ ტარდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ არ მოხდება ხმებით მანიპულაცია ან არ გაჩნდება ამის ეჭვები.

"ახლა ისე ჩანს, რომ პრობლემებს ვიხილავთ. პირდაპირ ვთქვათ, საარჩევნო რეფორმები არ ტარდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ არ მოხდება ხმებით მანიპულაცია, ან არ გაჩნდება ამის ეჭვები. თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება, არ არსებობს სისტემა, რომ ეს ეჭვები გადამოწმდეს და გაკეთდეს დასკვნა არჩევნები მანიპულირებული იყო თუ არა. მივიღებთ იმ სიტუაციას რაც გასულ წლის შემოდგომაზე ვნახეთ. ამის ხილვა არ გვინდა. თუმცა, თუ რეფორმები არ იქნება, სწორედაც რომ ასე მოხდება,"- განაცხადა გრეგოროვამ.

ის საქართველოს ხელისფლების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არსებობს მიზეზები, რატომაც არ იღებს საქართველო სესხს, თუმცა ამის მიუხედავად, ეს [ნაბიჯი] რეფორმების კუთხით პროგრესს ცუდად წარმოაჩენს.

"ერთი მხრივ, ძალიან კარგად მესმის, რატომ ხდება ეს, ეს დახმარება კორონავირუსის პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენასთანაა კავშირში. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ არ ვიყავით, ერთადერთი, ვისგანაც საქართველოს მთავრობამ სესხი აიღო. საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნიდან სესხებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტზე მეტზე შეზღუდვაა. ამ ზღვარს მიაღწიეს და გასაგებია, რომ რაიმე უნდა ექნათ. თუმცა, ცოტა არის იყოს შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულად ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით მოიქცნენ ასე, რადგან ის უკავშირდებოდა რეფორმებს, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის გაუმჯობესებას. ევროკავშირს ახლა, რა თქმა უნდა, აშფოთებს ის თუ როგორ გაგრძელდება ეს რეფორმები.

არსებობს მიზეზები, რატომაც არ იღებენ სესხს, თუმცა ამის მიუხედავად, ეს [ნაბიჯი] რეფორმების კუთხით პროგრესს ცუდად წარმოაჩენს, რადგან ამ კუთხით რეალური პროგრესი არ ყოფილა. სესხზე უარის ფონზე, რომლის საფუძველშიც რეფორმების პირობა იყო ჩადებული, ჩვენ გვაშინებს ის, თუ რას ნიშნავს ეს და საით მიდის საქართველო,"- განაცხადა ევროპარლამენტარმა.