"ჩემი შვილი ბანკის მოლარეა, შიგნით არის, ზოგიერთმა თანამშრომელმა მოასწრო გამოსვლა, ფანჯრიდან გადმოხტნენ"
ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალთან შეკრებილი ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკის შენობა რამდენიმე ადამიანმა დატოვა.
როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, თანამშრომლების ნაწილმა შენობა ფანჯრის მეშვეობით დატოვა და ახლა საპატრულო პოლიციის შენობაში იმყოფებიან.
"ჩემი შვილი ბანკის თანამშრომელია, მოლარე ოპერატორი. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შიგნით არის. ზოგიერთმა თანამშრომელმა მოასწრო გამოსვლა, გამოიქცნენ, ფანჯრიდან გადმოხტნენ და წამოვიდნენ. მათ გაგვაგებინეს. ზოგიერთი მათგანი პოლიციაშია დაკითხვაზე", - აღნიშნა ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი თანამშრომლის მამამ.
კიდევ ერთი ადგილობრივის ცნობით, ბანკის შენობიდან ორი ადამიანი გამოუშვეს.
"გოგონა გამოუშვეს შიგნიდან, ძალიან შეშინებული იყო, თანამშრომელია. კიდევ ერთი, ვინც გამოუშვეს, ის მომხმარებელი იყო, ჯერ არავითარი მოთხოვნები არ გაუჟღერებიათ, მგონი ერთი თავდამსხმელია. დაშავებით არავინ დაშავებულა, შეშინებულები არიან ყველა", - განაცხადა ადგილობრივმა.
ცნობისთვის, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შსს-ის ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. მათი ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.