შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალს ოფიციალურად 10 სექტემბერს წაუყენებენ
ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალს ოფიციალურად 10 სექტემბერს წაუყენებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განუცხადა.
მან სულ რამდენიმე წუთის წინ მოინახულა რაფაელ მურსაკულოვი დროებითი მოთავსების იზოლატორში. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია კვლავ უცვლელია და ის დუმილის უფლებით სარგებლობს.
რაც შეეხება საქმის მასალებს, როგორც გოგლიჩიძე აცხადებს, ის საკმაო მოცულობისაა - 8 ტომია, შესაბამისად, მისი სრულად გაცნობა ვერ მოასწრო.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი გუშინ დააკავა.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ავტრალიის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.
"ინტერპრესნიუსი"