"რუსეთის მთავრობასა და კრიმინალურ ქსელებს შორის საინტერესო კავშირები არსებობს" - რას წერს ამერიკული გამოცემა - კვირის პალიტრა

"რუსეთის მთავრობასა და კრიმინალურ ქსელებს შორის საინტერესო კავშირები არსებობს" - რას წერს ამერიკული გამოცემა

ამერიკული გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რუსეთი გავლენას ახდენს ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფებზე, მაგრამ მათ ვერ აკონტროლებს", რომელშიც ექსპერტთა ერთობლივი ანგარიშია მოცემული კიბერშეტევებთან დაკავშირებით.

მოხსენება-ანგარიშის მთავარი დასკვნა ასეთია: რუსეთმა ყველაფერი მშვენივრად იცის ჰაკერთა დანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედების შესახებ, მათთან მჭიდროდ აწყობილი კავშირები აქვს, მაგრამ მათ მოსკოვი დავალებებს არ აძლევს და მათ საქმიანობას არ აკონტროლებს.

ამასთან, "რუსეთის მთავრობის ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავე ჰაკერულ ჯგუფებთან განსხვავდება იმ ურთიერთობისაგან, რაც მათთან ჩინეთს ან ჩრდილოეთ კორეას აქვთ", - აღნიშნავს გაზეთი.

ექსპერტების აზრით, ვლადიმერ პუტინის სტრატეგია იმით გამოიხატება, რომ კრემლმა ხელი არ უნდა შეუშალოს ისეთ ჰაკერულ თავდასხმებს, რომელიც პრობლემებს უქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ, იმავდროულად, არ უნდა იყოს დაშვებული ისეთი "შეღწევები კომპიუტერულ სისტემებში, რომელსაც საერთაშორისო კრიზისების გამოწვევა შეუძლია".

"რასაკვირველია, მოსკოველი ბიჭები არანაირ ინსტრუქციებს არ იძლევიან იმისთვის, თუ რომელი ვებგვერდი როგორ უნდა გატყდეს, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის მთავრობასა და კრიმინალურ ქსელებს შორის ნამდვილად საინტერესო კავშირები არსებობს", - ციტირებს გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" კიბერუსაფრთხოების კერძო ამერიკული კომპანიის Recorded Future-ს აღმასრულებელი დირექტორის, ქრისტოფერ ალბერტის ნათქვამს.

მოხსენების დასასრულს აღნიშნულია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისა და ჰაკერული ჯგუფების ურთიერთკავშირი სამომავლოდ არ შესუსტდება და, სავარაუდოდ, კიდევ უფრო განმტკიცდება:

"საეჭვოა, რომ რუსეთის ამჟამინდელმა მთავრობამ უახლოეს მომავალში კიბერთავდასხმების წინააღმდეგ რაიმე ქმედითი ძალისხმევა განახორციელოს. შესაძლოა, კრემლმა მხოლოდ კოსმეტიკური ზომები გამოიყენოს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იქნება გამიზნული", - ნათქვამია ექსპერტთა ანგარიშში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ