"ხშირად მემართება ასე და გული მტკივა, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე"
"მაინც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რას იტყვიან ჩემზე. განვიცდი, როდესაც ჩემზე დაუმსახურებლად ამბობენ რამეს"
მომღერალ ბაბი კირკიტაძისთვის ერთფეროვანი აღმოჩნდა წლევანდელი პანდემიური შვებულება. რადგან ძირითადად სახლშია გამოკეტილი, ერთი სული აქვს, როდის დაიწყება ახალი სატელევიზიო სეზონი და როდის დაუბრუნდება საქმეს.
- "ადამიანის აღზრდა უნდა იწყებოდეს არა ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებით, არამედ აზროვნების შეცვლით და ხასიათის განმტკიცებით" (ონორე გაბრიელ მირაბო).
- დედაჩემი ძალიან დიდ დროს უთმობდა შვილების აღზრდას, გვარიგებდა, გვეუბნებოდა, რა იყო სწორი და რა - არასწორი. აფორიზმებს, ანდაზებს, იგავ-აგარაკებს იშველიებდა ამის ასახსნელად. ერთი სიტყვით, მართლაც დიდი ენერგია ჩადო ჩვენს აღზრდა-ჩამოყალიბებაში. ყოველთვის მაგალითს გვაძლევდა და კარგის ცუდისგან გარჩევას არა მხოლოდ შეგონებებით, არამედ თავისი საქციელით გვასწავლიდა. საკუთარი მაგალითით აღზარდო შვილები, ეს საუკეთესო ვარიანტია, თუმცა ის საუბარი და რჩევა-დარიგებებიც ილექება ქვეცნობიერში და საჭირო დროს გახსენებს თავს.
- "კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება" (მარკ ტვენი). - ძალიან გაგიმართლებს, თუ იპოვი სანდო და გულწრფელ მეგობარს, რომელიც მთელი ცხოვრება შენ გვერდით იქნება. იდეალური და მშვიდი ცხოვრებისთვის, რა თქმა უნდა, სუფთა სინდისი აუცილებელია, რადგან დამძიმებული სინდისით ძილიც კი გაგიჭირდება ადამიანს, არათუ სიცოცხლე. დაბოლოს, წიგნები, რომლებიც ყველაზე კარგ მეგობრად და განტვირთვის საუკეთესო საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა ბევრ რამესაც დავამატებდი ამ ჩამონათვალს, ჩემს შემთხვევაში კი იდეალური ცხოვრებისთვის აუცილებელია კონცერტები და ხალხთან ურთიერთობა.
- "მიჰყევი შენს გზას და ადამიანებმა რაც ენებოთ, ის ილაპარაკონ" (დანტე ალიგიერი). - ვეთანხმები ავტორს. ადამიანებს თუ სურვილი აქვთ ილაპარაკონ შენზე ან ცუდი, ან კარგი, მაინც იტყვიან, შენ კი მიზანს იმის გამო არ უნდა ასცდე, ვინ რას იტყვის. სწორი მიდგომა ესაა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რას იტყვიან ჩემზე. განვიცდი, როდესაც ჩემზე დაუმსახურებლად ამბობენ რამეს. დროთა განმავლობაში ეგუები ამ ყველაფერს.
- "ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი (ილია ჭავჭავაძე). - საბოდიშოდ არ უნდა გაიხადო საქმეო, დედამ იცის ხოლმე თქმა. სიტყვა მნიშვნელოვანია, დიდი ძალა აქვს, მაგრამ ქმედებებიც ბევრ რამეს განსაზღვრავს ურთიერთობებში. როდესაც შენი საქციელით სამჯერ და ოთხჯერ გულს მატკენ, მერე ბოდიშის თქმას აზრი ეკარგება, აღარაფერს შველის. ამის მიუხედავად, მაინც მიმიღია ბოდიში, რადგან არ მიყვარს კონფლიქტი და უზომოდ განვიცდი, თუ ვინმე ნაწყენია რამეზე. როგორც კი ბოდიშს მიხდიან, ამით ბედნიერი ვხდები, განა იმიტომ, რომ მე გავიმარჯვე და მართალი ვყოფილვარ, იმიტომ, რომ ეს კონფლიქტი დასრულდა. შეიძლება, იმ ადამიანთან ურთიერთობა საერთოდ აღარ გავაგრძელო, მაგრამ იმის გამო, რომ პრობლემა მოგვარდა, დიდ შვებას ვგრძნობ.
- "ერთი ქალი არასდროს აღიარებს მეორის მშვენიერებას" (გოტფრიდ ლესინგი). - სისულელეა, რადგან მე, მაგალითად, ყოველთვის ვაღიარებ სხვა ქალის მშვენიერებას, ოღონდ ჩემი კრიტერიუმები ცოტა სხვანაირია. მეუბნებიან, კაცივით აფასებ ქალებსო. არ ვიცი, რას გულისხმობენ, მაგრამ ძალიან მომწონს ლამაზი ქალი და კომპლექსები არ მიჩნდება ამის გამო.
- "სიმდიდრე მსახურია ჭკვიანისა და ბატონი სულელის" (დეილაიუსი). - ნამდვილად ასეა. მიზნისკენ სწრაფვაში მთავარია ადამიანური თვისებები შეინარჩუნო. ფული აუცილებელია კომფორტისთვის; იმისთვის, რომ შენთვის, ახლობელი ადამიანებისთვის, მეგობრებისთვის ელემენტარულის გაკეთება შეძლო, თორემ რომ ვთქვა, ამის გამო უკადრებელს ვიკადრებ-მეთქი, წარმოუდგენელია. ფული ყველაფერი არ არის, მაგრამ ბევრ რამეს წყვეტს.
- "ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს და ნურც მეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ" (დემოკრიტე). - ჩემს შემთხვევაში გამონათქვამის პირველი ნაწილი უფროა სიმართლე. ხშირად მემართება ასე და გული მტკივა, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. საკმაოდ რთული საპოვნელია, მაგრამ უნდა შეძლო და ურთიერთობებში ოქროს შუალედი შეინარჩუნო. როდესაც ზედმეტად იხარჯები და საპასუხოდ სხვა რამეს იღებ, იმედგაცრუებული რჩები.
- "ჭკვიანი კაცი მტრისგანაც სწავლობს" (არისტოფანე). - ეს საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ზოგჯერ მე საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობ, არათუ მტრისგან. ვიცი, ასე არ უნდა მოვიქცე, რომ კიდევ ერთხელ მეტკინება გული, მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად. როდესაც ვიღაც მიყვარს, ბოლომდე გახსნილი და ერთგული ვარ. შენ გსიამოვნებს, რომ ვიღაცისთვის იხარჯები, ის კი თვლის, ვალდებული ხარ და ეკუთვნის, ეს იწვევს გაუგებრობას და ტკივილს.
- "ადამიანისთვის დარდზე უარესი არაფერია" (მენანდრე). - დარდი გართმევს ჯანსაღად აზროვნების უნარს, სულ იმ პრობლემაზე ფიქრობ, სხვაზე ვეღარაფერზე. მქონია ფინანსური კრიზისიც, სხვა პრობლემებიც, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობისას დაშვებული შეცდომები უფრო მტკივნეულია ჩემთვის. დარდი ყველაფრის მტერია, კარგი არაფერი მოაქვს, მალე ბერდები და ნერვიული ხდები.
- "2 რამ ავსებს ჩემს სულს საკვირველებით: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში" (იმანუელ კანტი). - მე რომ მგონია, აღარაფერი გამიკვირდება-მეთქი, ისეთ საოცრებებს ვიგებ, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. ეს სამყარო მრავალფეროვანია, სავსეა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანებით და ალბათ ყოველთვის გაკვირვებულები ვიქნებით. გარდა ამისა, ჩემს აღტაცებას და გაოცებას იწვევს ტექნოლოგიური განვითარება. რა თქმა უნდა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც მაოცებს.
- "კაცისა და ქალის მეგობრობას ძლიერ აქვეითებს დაღამება" (სტენდალი). - ეს ბევრჯერ მსმენია, მაგრამ არა მგონია, მართალი იყოს. ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს, გულწრფელები და სანდოები, საფრთხე არასდროს მიგრძნია (იცინის).
- "აქ ყველაფერი იყიდება, წარმატებაც კი" (ბალზაკი). - მგონია, რომ დიდი სურვილისა და მონდომების შემთხვევაში მაინც მიაღწევ იმას, რაც გინდა. შეიძლება გული გწყდებოდეს, რომ ვიღაც იოლად აღწევს ან ყიდულობს ამ წარმატებას, მაგრამ თუ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხარ, ვერავინ გაჯობებს.
- "სულელია, ვინც პოლიტიკაში ადამიანებსა და პარტიებზე მათი სიტყვების მიხედვით მსჯელობს" (ლენინი). - ყველამ იცის, რომ საარჩევნო დაპირებებიდან ბევრი რამ არ სრულდება. მთავარია, დაკვირვების შედეგად მიხვდე, ვინ რისი გამკეთებელია და შემდეგ ისე გააკეთო არჩევანი.
- "ქალებს ვუყვარვართ ჩვენი ნაკლოვანებების გამო" (ოსკარ უაილდი). - შეიძლება ასეც მოხდეს. როდესაც გიყვარს, გიყვარს თავის ნაკლოვანებებთან ერთად. გააჩნია, რა მოიაზრება ამ ნაკლოვანებაში.
- "მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე მეტოქე ქალის ლოგინში" (ონორე დე ბალზაკი). - ასეთი განწყობა არასდროს მქონია. თუ ჩემთან ყოფნა არ უნდა, სიკვდილი რატომ ვუსურვო? - იყოს იქ, სადაც ბედნიერი იქნება. საფლავში წოლას მტერსაც არ ვუსურვებ.
- "პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს (ბერნარდ შოუ). - რაც უნდა პრობლემები მქონდეს, გარეთ არაფერს ვიმჩნევ და ვიღიმი. ესეც დედამ მასწავლა. მოსაწყენი და მოსაბეზრებელი არ უნდა იყო სხვებისთვის, შენი პრობლემებით ტვირთად არ უნდა იქცე მათთვის. არ უნდა შეიმჩნიო უგუნებობა, უნდა გაიღიმო და თვითონაც დაგავიწყდება პრობლემები.
- "მეტისმეტი გულახდილობა ისეთივე უმართებულობაა, როგორც ტანთ გახდა და გაშიშვლება" (ბეკონი).
- არ არის აუცილებელი მეტისმეტი გულახდილობა. არის თემები, რომლებიც მხოლოდ შენია და ყველამ არ უნდა იცოდეს.
- "ვისაც შეცდომა არ დაუშვია, არასოდეს უცდია რაიმე ახალი" (აინშტაინი).
- რა თქმა უნდა, როდესაც რამეს აკეთებ, ამას თან სდევს წაგებაც, მოგებაც, შეცდომებიც. სწორედ ამის ხარჯზე ვითარდება ადამიანი, სხვანაირად შეუძლებელია წინ წახვიდე.
- "ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - მოღალატეები არიან. ცხოვრებაში უშვებ დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება - ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი). - მეც ასე ვფიქრობ, რომ ღალატის პატიება არასწორია, რომ მოღალატე კვალავაც გიღალატებს. თუ აპატიებ, იმ ადამიანთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტო, მეორედ რომ აღარ გატკინოს გული.
- "არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ" (მარკესი). - ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შენთვის ძვირფას ადამიანს შეიძლება გული ატკინო და აატირო კიდეც, მაგრამ გაუაზრებლად. ძალიან გულჩვილი და მტირალა ვარ, მაგრამ თუ ერთი ადამიანი მაინც არის ჩემ გარშემო, გამორიცხულია, ცრემლი გადმომივარდეს. მხოლოდ საკუთარ თავთან ვარ მტირალა.
- "ქალი სიყვარულისაგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება" (ერიხ მარია რემარკი). - ქალიც სულელდება, ვისზე რა გავლენას მოახდენს, არ იცი - სიყვარული ან გაგასულელებს, ან დაგაჭკვიანებს. სიყვარულს ხომ ახასიათებს სიგიჟეები და გამონაკლისები არც ქალები ვართ.
- "ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა" (მარლენ დიტრიხი). - ჭორაობა გვიყვარს ადამიანებს, თუმცა მგონია, უსაფუძვლო ჭორები დიდხანს ვერ ძლებს და ვერ ვრცელდება.
- "რაც უნდა მოხდეს, იარე წინ" (იოჰან ვოლფგანგ გოეთე). - აუცილებლად! ამის ყველაზე კარგი მაგალითი ჩემთვის ისევ და ისევ დედაჩემია, რომელიც ბევრჯერ კვლავ მყარად დადგა ფეხზე დაცემის შემდეგ. მე თვითონაც ბრძოლისუნარიანი ვარ. არის მომენტი, როდესაც მოვეშვები ხოლმე, მაგრამ ასეთ დროს ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მაძლევენ სტიმულს და ძალას, მეუბნებიან, რომ ამის დრო არ მაქვს, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა და ბევრი რამის გაკეთება უნდა მოვასწრო...
ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"