"რუსეთს ამას არასდროს ვაპატიებ"
დონბასის ტერიტორიაზე "Boeing-777"-ის ჩამოგდების შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა ტრაგედიისას დაღუპულთა მშობლები და ახლობლები ბრძოლას აქამდე არ წყვეტენ. მათ ჰოლანდიის სასამართლოს მიმართეს და ასე ცდილობენ, ოჯახის წევრთა სიკვდილში დამნაშავეებს პასუხი მოსთხოვონ.
როგორც ცნობილია, 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავ "Boeing-777"-ის კატასტროფას 283 მგზავრი, მათ შორის 80 ბავშვი და ეკიპაჟის 15 წევრი ემსხვერპლა.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ თვითმფრინავი რუსეთიდან უკრაინაში ჩატანილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "ბუკის" რაკეტამ ჩამოაგდო.
შავ სამოსში ჩაცმულ ადამიანებს ხშირად ნახავთ სასამართლო სხდომაზე, ისინი არც პროკურორები არიან და არც ადვოკატები, ისინი სწორედ იმ დაღუპულთა ოჯახის წევრები არიან, რომელთა სიცოცხლეც კატასტროფას შეეწირა.
"2014 წლის 17 ივლისი - ის დღეა, როცა გული ამომგლიჯეს. ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ხშირად ამბობენ, მამაკაცები არ ტირიანო, თუმცა მე ტირილის ძალაც აღარ დამრჩა", - ამბობს რობ ფრედრიკსი, რომელმაც ავიაკატასტროფისას 23 წლის ვაჟი დაკარგა, ის მის შეყვარებულთან ერთად დასასვენებლად მიფრინავდა.
"მისი თვითმფრინავი "ბუკის" რაკეტით ჩამოაგდეს. ეს ის დასვენება უნდა ყოფილიყო, რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდნენ და გეგმავდნენ, თუმცა ყველაფერი კოშმარად გვექცა. ისინი იმ ომში მოხვდნენ, რომელთან შეხება საერთოდ არ ჰქონდათ. ჩვენი ოჯახის ცხოვრება დაინგრა და ეს სამუდამო სასჯელია", - ამბობს ფრედრიკსი.
რობ ფრედრიკსი ერთ-ერთია გარდაცვლილთა 90 ნათესავიდან, რომლებიც სასამართლოზე სიტყვის წარმოსათქმელად მივიდნენ. საქმეზე სასამართლო პროცესი ჰოლანდიაში 2020 წლის მარტიდან განახლდა. ტრიბუნასთან ყველა სხვადასხვა ისტორიას ჰყვებოდა, თუმცა ამ ისტორიებს ერთი დასასრული აქვს - მათი ამბავი საბოლოოდ, ტრაგედიად იქცა.
"დაკრძალვის ცერემონია რამდენჯერმე გავმართეთ"
ადამიანთა უმეტესი ნაწილი "Boeing-777"-ით ჰოლანდიიდან მალაიზიისკენ დასასვენებლად მიფრინავდა, ზოგიერთი კი - სამსახურის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. ბორტზე 80 ბავშვი იყო.
"როცა ბავშვს დასასვენებლად უშვებ და ემშვიდობები, ვერასდროს იფიქრებ, რომ მას ვეღარასდროს ნახავ და ვეღარ ჩაეხუტები. სამწუხაროდ, ასეც მოხდა", - ამბობს პიტერ ბატსი, რომელმაც ავიაკატასტროფისას 12 წლის ვაჟი დაკარგა.
ტრაგედიის პირველ დღეებში დაღუპულთა მშობლები იძულებულნი იყვნენ, მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრები სხეულის ნაწილებით ამოეცნოთ.
აფეთქების შემდეგ "ბოინგის" და გარდაცვლილების სხეულის ნაწილები რამდენიმე კილომეტრის რადიუსში მიმოიფანტა. დაღუპულთა სხეულის ნაწილებს დონბასის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სპეციალისტები საქმეს სრულყოფილად ვერ ასრულებდნენ, ამიტომ მათ ადგილობრივი მოსახლეობა და მეშახტეები ეხმარებოდნენ.
"კრიმინალისტებმა სია გადმომცეს, სადაც ჩამოთვლილი იყო ჩემი გარდაცვლილი ძმისშვილის სხეულის ნაწილები, რომლის პოვნაც მოახერხეს", - ამბობს BBC-სთან საუბრისას პიდ პლაგი.
"წლის განმავლობაში, რამდენჯერმე გვაცნობეს, რომ ჩვენი ვაჟის სხეულის ნაწილები იპოვეს, ტრაგედიიდან ერთ წელში დაკრძალვის ცერემონია გავმართეთ, თუმცა დაკრძალვის შემდეგ კიდევ მოვიდა ცნობა და შემდეგ კიდევ ერთი კრემაცია გავმართეთ", - ამბობს პიტერ ბატსი.
"რახან დაკრძალვა ერთი წლის შემდეგ გავმართეთ, ამ ხნის განმავლობაში მომხდარს ვერ ვიჯერებდით. ვცხოვრობდით იმედით და არ გვინდოდა სიმართლის დაჯერება. არც ახლა და არც მომავალში არ შევეგუებით ამ ტრაგედიას".
"რუსეთს ამას არასდროს ვაპატიებ"
"ისინი იტყუებიან, ჩვენ ვიცით, რომ ისინი იტყუებიან და მათ იციან ამის შესახებ", - თქვა სასამართლო სხდომაზე რუსულად რია ვან დერ სტინმა, რომელმაც ავიაკატასტროფისას მამა დაკარგა.
"სიცრუე, ტყუილი - ეს ის მუდმივი ტაქტიკაა, რასაც ზოგიერთი იყენებს. ისინი კატა-თაგვობანას გვეთამაშებიან და ამ თამაშისას ჩვენ ვცდილობთ, ტყუილისგან სიმართლე გავარჩიოთ, ვცდილობთ, ჩვენი გარდაცვლილი ნათესავებისთვის სიმართლე დავადგინოთ", - განაცხადა ვან დერ სტინმა.
მსგავსი აზრი გამოთქვეს სხვა დაღუპულთა ოჯახის წევრებმაც. ზოგიერთმა რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულა.
"არასდროს ვაპატიებ რუსეთს და იმ ხალხს, ვინც გარეულია ჩემი მშობლების სიკვდილში. არასდროს ვაპატიებ მათ ქმედებას და იმას, რომ ტრაგედიიდან 7 წლის შემდეგ ისევ ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ", - ამბობს მეთიუ ჰორდერი, რომელმაც მშობლები დაკარგა.
როგორც ცნობილია, ჰოლანდიაში პროკურატურა მიიჩნევს, რომ თვითმფრინავი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "ბუკის" საშუალებით ჩამოაგდეს. ის უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან იყო ჩატანილი. სასამართლომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების სხვა ვერსიები გამოირიცხა, რადგან პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით საკმარისი მასალა შეაგროვა.
აფეთქებაში ბრალდებული რამდენიმე ადამიანი, რუსეთის სამი და უკრაინის ერთი მოქალაქე სასამართლოს წინაშეც წარდგა. სასამართლოზე წარადგინეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერებიც, სადაც ისინი დონბასის ტერიტორიაზე "ბუკის" გადატანის ამბავს ჰყვებიან და თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტზე სიხარულსაც გამოთქვამენ. თავად ბრალდებულები ყველაფერს უარყოფენ.
"ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ ბრალდებულები ბოდიშის მოხდასაც კი არ ფიქრობენ და ტყუილს აგრძელებენ. ისინი ყველაფერს უარყოფენ და არც გარდაცვლილთა მწუხარებას იზიარებენ. მე თუ მკითხავთ, ისინი თანაგრძნობის არმქონე მკვლელები არიან - ჩემი სიმართლე ის არის, რომ ჩემი შვილები სახლში დანაწევრებული დამიბრუნდნენ", - ამბობს ფრედრიკსი.
"ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას ამ მწუხარებით და ტრაგედიით. ვერცერთი სასჯელი ვერ იქნება იმ ტრაგედიის პროპორციული, რაც უდანაშაულო მგზავრების სიკვდილია".
"იმედი მაქვს, სასამართლო ერთხელ და სამუდამოდ გასცემს კითხვაზე პასუხს, რა მოხდა რეალურად. მინდა, სიმართლე ვიცოდე, იყო თუ არა ეს ქმედება გამიზნული, თუ ტრაგედია სრულიად შემთხვევით მოხდა. ვინ დგას იმ 298 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის უკან, რომელთა შორის ჩემი სამი შვილია", - ამბობს პიტერ ვან დერ მეერი.
"ჩვენი მწუხარება და გლოვა არასდროს დასრულდება და ეს არ არის სისუსტე, ეს სიყვარულის საფასურია", - განაცხადა პიტერ ბრატსმა, რომელმაც ავიაკატასტროფისას ვაჟი დაკარგა.