"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ აფრიკული ზღაპრის გმირად ვიქცეოდი" - რას ჰყვება ოგბუნუჯუს ქართველი მეუღლე ოჯახსა და შვილებზე - კვირის პალიტრა

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ აფრიკული ზღაპრის გმირად ვიქცეოდი" - რას ჰყვება ოგბუნუჯუს ქართველი მეუღლე ოჯახსა და შვილებზე

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ დარეგისტრირდა, მას მერე ამ ადამიანის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში დიდი ინტერესი გაჩნდა. ბატონი ოგბუნუჯუ საარჩევნო სუბიექტმა "ჩვენი გაერთიანებული საქართველო" წარადგინა.

ნიგერიელ მერობის კანდიდატს, როგორც თავად ამბობს, სურვილი აქვს, იმუშაოს იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობას ქალაქში არსებული პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს და ამისთვის გუნდიც ჰყავს.

ბატონი ოგბუნუჯუ საქართველოში უკვე რადენიმე წელია, ცხოვრობს, ჰყავს ქართველი მეუღლე და ამის დამდასტურებელი მასალას AMBEBI.GE-ს არქივიც ინახავს, კერძოდ კი ფაქტს, როდესაც ახლანდელი მერობის კანდიდატი, წლების წინ, თავისი კუთხის წარმომადგენლებმა თბილისში იბოს მეფედ აკურთხეს.

AMBEBI.GE რიჩარდ ოგბუნუჯუს მეუღლეს ხათუნა ხონელიძე-ოგბუნუჯუს ესაუბრა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- როგორ გაგვაცნობთ საკუთარ თავს - მოგვიყევით თქვენზე...

- დავიბადე ერთ პატარა, ლამაზ თბილისურ ოჯახში, მამაჩემი პლეხანოველი იყო, დედა სოლოლაკელი, მთელი ბავშვობა ამ ორ უბანში გავატარე... პროფესიით ექიმი-ვეტერინარი ვარ და მთელი ცხოვრებაა, პროფესიით ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ამას ვერაფერი შეცვლის. ახლა უცხოეთში სადოქტოროს ვიცავ. 30 წელზე მეტია, ამ სფეროში ვარ.

- რიჩარდ ოგბუნუჯუს მეუღლე ხართ და თავს ორი გვარით ხონელიძე-ოგბუნუჯუდ წარადგენთ, ხომ?

- რაც მე და რიჩარდმა ოჯახი შევქმენით, ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. სხვათა შორის, ძალიან სასიამოვნო და საამაყოა ჩემთვის საკუთარ გვართან ერთად, თავი ოგბუნუჯუდ წარვადგინო. რაღაცნაირად ჩვენი ერთობის ასე წარმოჩენა მსიამოვნებს. მეორე მხრივ, ეს ჩემთვის ამ ორი ერთი შეხედვით, სრულიად შორეული კულტურის გაერთიანების სიმბოლოც არის.

- წლების წინ, ისე მოხდა, რომ ვესწრებოდი იმ ცერემონიას, როდესაც ბატონი რიჩარდი საქართველოში ნიგერიელებმა მათი კუთხის მეფედ აკურთხეს, თქვენ კი - დედოფლად. როგორია მეფე-დედოფლის ცხოვრება საქართველოში?

- ერთი შეხედვით, ეს ცერემონია ნამდვილად გავდა ზღაპარს, მე სრულიად სხვა, ძალიან საინტერესო კულტურის ნაწილი გავხდი, თანაც აქ, ჩემს ქალაქში. ბავშვობაში, როცა აფრიკულ ზღაპრებს მიკითხავდნენ, ვერ წარმოვიდგენდი,რომ ერთ დღესაც ამ ზღაპრის გმირად მაქცევდა ჩემი მეუღლე... რეალურად კი - ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც გულისხმობს ზრუნვას საქართველოში მცხოვრებ აფრიკელებზე, ხანდახან მათი ფიზკური გადარჩენისთვის, ბრძოლას ჯანმრთელობისთვის.

აფრიკელი ხალხის უმრავლესობას, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს, ისინი ჩამოსვლისთანავე ცდილობენ, ისწავლონ ენა, მოერგონ ამ ქვეყანას, მაგრამ გამოწვევებიც ბევრია, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ მათ ამ დაბრკოლებების გადალახვაში დავეხმაროთ. ვცდილობთ, ავუხსნათ ერთი მთავარი წესი, რომ თუ ამ ქვეყანაში სწავლა, მუშაობა და ქართველ ხალხთან ინტეგრირება გვინდა, პატივი უნდა სცენ აქაურ კულტურას, ტრადიციებს და ხალხს.

- თქვენმა მეუღლემ გადაწყვიტა, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. როგორ შეხვდით ამ ამბავს?

- მე ვგულშემატკივრობ ამ ქალაქს, რადგანაც აქ დავიბადე და გავიზარდე, ასევე ვგულშემტკივრობ რიჩარდს და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ინტერესით ველოდები რა მოხდება.

- როგორ გგონიათ, გამარჯვების შემთხვევაში ის შეძლებს თბილისში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას?

- შესაძლოა, ბევრი ვერ ვთქვა მისი როგორც მერობის კანდიდატის გეგმებზე, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი, რომ რიჩარდი ცხოვრების ყველა ახალ ეტაპს კომფორტის ზონიდან გამოსვლით იწყებს და მუშაობა არ ეზარება. ასე იყო წლების წინ, როცა საქართველოში ჩამოვიდა და უამრავი დაბრკოლების და თითით ჩვენების მიუხედავად, აქ დაფუძნდა და ინტეგრირება შეძლო. მე ჩემი საქმე მაქვს და ზოგადად მგონია, რომ საკუთარ ქალაქს და საკუთარ ქვეყანასაც, რომ წაადგე, პირველ რიგში, შენი საქმე კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად უნდა აკეთო, მაგრამ ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა გრძნობ ძალას, რომ მეტი პასუხისმგებლობა შეგიძლია აიღო, რიჩარდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და მე გადავწყვიტე, გვერდით დავუდგე. გაგრძელება