კვლევის თანახმად, არავაქცინირებული პირები კოვიდ 19-ით გარდაცვალების 11-ჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სრულად ვაქცინირებულები
არავაქცინირებული პირები კოვიდ 19-ით გარდაცვალების 11-ჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სრულად ვაქცინირებულები, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ წარმოდგენილ კვლევაშია აღნიშნული.
"ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების, როდესაც "დელტა" ვარიანტი დომინანტური იყო, შესწავლისას აღმოჩნდა, რომ არავაქცინირებულების დაინფიცირების ალბათობა ოთხნახევარჯერ, ჰოსპიტალიზების - 10-ჯერ, გარდაცვალების კი 11-ჯერ მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულების",- განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ.
აშშ-ში ჩატარებული ორი სხვა კვლევაც ადასტურებს, რომ ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების წინააღმდეგ ძლიერ დაცვას გვთავაზობენ, თუნდაც უფრო გადამდები "დელტა" ვარიანტის პირობებშიც.
"ინტერპრესნიუსი"