კახა კალაძე ჟურნალისტებს: "კომპრომატი რა შუაშია, გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?" - კვირის პალიტრა

კახა კალაძე ჟურნალისტებს: "კომპრომატი რა შუაშია, გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?"

კომპრომატი რა შუაშია, გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია? - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, გადაიქცა თუ არა ნარკოტესტის ჩაბარება კომპრომატების ბრძოლად თუ ეს არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.

ის ასევე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, რომ საზოგადოებას ტესტებთან დაკავშირებით მალე საინტერესო ინფორმაციას გაანდობს.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მის წინააღმდეგ კომპრომატის გამოქვეყნებას, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვის საინტერესო აღარ არის.

"მოვუწოდე, მეგონა ყველას მხრიდან იქნებოდა მხარდაჭერა ამ მიმართულებაზე, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ყველგან არის შესაბამისი სივრცეები იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამის პოპულარიზაცია ყველა პოლიტიკოსისთვის პლუსია და არა მინუსი. არ ვიცი, იმდენი ვისაუბრეთ ამ თემაზე, საერთოდ აღარ არის საინტერესო, რამდენიმე დღის წინ წარვადგინე ურბანული პოლიტიკა და ვაპირებ მომდევნო დღეებშიც ვისაუბრო მნიშვნელოვან სიახლეებზე", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგიერთმა მერობის კანდიდატმა სამწუხაროდ, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით "ბანკებით" დაიწყო სირბილი, რისთვისაც უბრალოდ არ სცალია. ხოლო ნარკოტესტთან დაკავშირებით გახარია აცხადებს, რომ მალე მედიას "საინტერესო ინფორმაციას" გაანდობს.