"ასობით სკოლა დააფინანსა "ქართუმ" ჯერ კიდევ მაშინ, როცა ივანიშვილი არ იყო მოსული პოლიტიკაში, რაც სააკაშვილის მთავრობამ თავის პროგრამად მონათლა" - კვირის პალიტრა

"ასობით სკოლა დააფინანსა "ქართუმ" ჯერ კიდევ მაშინ, როცა ივანიშვილი არ იყო მოსული პოლიტიკაში, რაც სააკაშვილის მთავრობამ თავის პროგრამად მონათლა"

განათლების მიმართულებით, ვაშენებთ სკოლებს, ბაღებს, ასეულობით ახალი სკოლა აშენდა და გარემონტდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში თანამედროვე ევროპული სტანდარტებით.

"ისე არ იქნება, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა. ისიც, მათ მიერ გაკეთებული იყო უხარისხოდ შესრულებული. ფონდი "ქართუ" აფინანსებდა ხარისხიან სამუშაოს, ნამდვილად ღირსეულ პირობებს უქმნიდა მოსწავლეებს, ასეულობით სკოლის დაფინანსება მოხერხდა ფონდი "ქართუს" მიერ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი არ იყო მოსული პოლიტიკაში და ასე ეხმარებოდა ქვეყანას უჩუმრად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე. ირაკლი ქარსელაძე იყო ჩართული იმ შესყიდვებში, რომელიც განვახორციელეთ მაშინ ფონდი "ქართუს" ეგიდით და ივანიშვილის დაფინანსებით. ასეულობით მილიონი დაიხარჯა სკოლების რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელიც მაშინ სააკაშვილის მთავრობამ თავის პროგრამად მონათლა. ასი ათასი კომპიუტერი აქვს შეკვეთილი ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, ჯერ კიდევ მაშინ, მერხები, დაფები, სკამები, ყველა ის ინვენტარი, რომელიც სკოლებს სჭირდებოდა. ვინმეს გაუგონია ამის თაობაზე?! არავის, რადგან ჩვენ იმ დროს ამაზე არ ვლაპარაკობდით. ახლა გვაქვს უფლება, ვისაუბროთ და შევახსენოთ ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც დღეს უტიფრად გამოდიან და რაღაცებს იბრალებენ. ეს არის ჩვენი ხელწერა და ჩვენი საქმე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"