"მიშა მოდის" მეჩვიდმეტედ... - მიშას შტამი!
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კვლავაც გვპირდება, რომ საქართველოში ჩამოვა. მსგავსი პირობა არაერთხელ დადო, თუმცა ქვეყნის საზღვარი ჯერ არ გადმოუკვეთავს. რა მოხდება, მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს? - ამ კითხვით რამდენიმე პოლიტოლოგს მივმართეთ.
"თუკი მიშა ჩამოვიდა, დახვედრის ადგილას მისი მოწინააღმდეგეც არანაკლები იქნება..."
რამაზ საყვარელიძე: - პეპლის ეფექტზე ლაპარაკობენ - ეს რომ არ მომხდარიყო, როგორ გაგრძელდებოდა ისტორიაო. ჩვენ - პირიქით. მიშას ეფექტი და პეპლის ეფექტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს... რომ ჩამოვიდეს, რა მოხდება?
- დიახ, დავუშვათ, ჩამოვიდა... - ერთი რამ ცხადია - საიდანაც უნდა შემოვიდეს, ამას განაცხადებს, რათა ხალხმა მოიყაროს თავი. ხალხის გარეშე შეიძლება ადვილად დაიჭირონ. უკრაინული გამოცდილება აქვს - ხალხმა იქ დაჭერას გადაარჩინა. განაცხადა, რომც დამიჭირონ, ხალხი ჩემს თავს გამოაშვებინებსო, ე.ი. გონების რომელიღაც კუნჭულში უზის ეგ აზრი, რომ შეიძლება მაინც დაიჭირონ!
- იქნებ მელიას მაგალითი ახალისებს? - ალბათ, თუმცა ნაწილობრივ. მელია ხალხმა ვერ გადაარჩინა, ის გადაარჩინა ევროპულმა მხარდაჭერამ.
მიშასთვის დასავლური მხარდაჭერა შეიძლება გამოსავალი არ იყოს, მაგრამ რომც გაჩნდეს ეს მხარდაჭერა, დგება მეორე, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არ იყო მელიასთან დაკავშირებით, კერძოდ, სააკაშვილის ბევრი მოწინააღმდეგე. გირგვლიანის საქმე შავ ლაქად რჩება, ოღონდ არა იმიტომ, რომ გირგვლიანის საქმე უნიკალური იყო სააკაშვილის პერიოდისთვის - ანალოგიური ბევრი აქვთ გაკეთებული, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ სხვა დატვირთვა მიანიჭა ამ შემთხვევას - ის იქცა სიმბოლოდ იმისა, რაც იმხანად ხდებოდა.
დღეს ძაღლს რომ ვასეირნებდი, ნაცნობი შემხვდა. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, მოვიკითხე. მიპასუხა, მიშას ჩამოსვლას ველოდები, უნდა წავიდე დასახვედრადო. თუკი მიშა ჩამოვიდა, დახვედრის ადგილას მისი მოწინააღმდეგეც არანაკლები იქნება...
- ამან რა შეიძლება გამოიწვიოს? - სამოქალაქო დაპირისპირება, რაც აწყობს იმავე ქვეყანას, რომელსაც ადრეც აწყობდა ასეთი დაპირისპირებები - რუსეთს. ისევ იგივე ხელწერა იკვეთება... ჩნდება კითხვა: რატომ მოაწერა ხელი მიშელის დოკუმენტს "ნაცმოძრაობამ"? სავარაუდო ვერსიით (რომელიც ჩემთვის ლოგიკურია) იმიტომ, რომ მერე, თუ "ოცნებამ" ხმების 43% ვერ აიღო, ვადამდელი არჩევნები მოითხოვოს. ხელმოუწერელ პარტიას ამ მოთხოვნის საფუძველი არ ექნებოდა, ხელმოწერილს აქვს, ე.ი. ეს ხელმოწერა მომავალი შეჯახების მომზადების ერთ-ერთი საფეხური გახლავთ და თუ "ნაცმოძრაობა" ემზადება ჭიდაობისა და ბრძოლისთვის, ალბათ, მიშაც ემზადება. სავარაუდოდ, ამ საბრძოლო სულისკვეთებაში მიშას "ნაციონალების" იმედი აქვს, მაგრამ "ნაციონალებსაც" და მიშასაც აქვთ თუ არა გაცნობიერებული, რომ დაპირისპირების გამძაფრების შემთხვევაში შეიძლება მათ წინააღმდეგ უკვე მოსახლეობა გამოვიდეს? ის მოსახლეობა, რომელიც 2012-ში, როცა ბიძინა ივანიშვილი ემზადებოდა არჩევნებისთვის, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე შეიკრიბა. "ნაცმოძრაობამ" იმ რაოდენობის მეათედიც კი ვერ შეკრიბა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ის ხალხი ივანიშვილის დაძახილზე მისი სიყვარულით კი არ მივიდა, სააკაშვილის მიუღებლობით, ასე რომ, ეს ხალხი ისევ შეიძლება შეიკრიბოს, თუ სააკაშვილმა და "ნაცმოძრაობამ" არ გაითვალისწინეს, რომ მათ მხოლოდ ხელისუფლება არ უპირისპირდება, მათ უპირისპირდება ხალხიც.
- რომ არ ჩამოვიდეს სააკაშვილი, მაშინ რა მოხდება? - თქვენმა კოლეგამ მითხრა, თურმე დაუთვლია და ეს მისი მე-17 დაპირებააო.
- და მაინც, ჩამოვა? კი თუ არა? - ვფიქრობ, არა. უამრავი მიზეზი აქვს, რომ არ ჩამოვიდეს, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ხალხის წინააღმდეგობაა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რისთვის უნდა ჩამოვიდეს? დავუშვათ, მოითხოვეს ვადამდელი არჩევნები მიშელის დოკუმენტის გათვალისწინებით. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, დღევანდელი გამოკვლევებით, ვინ იმარჯვებს? "ქართული ოცნება". ანუ რისთვის უნდა ჩამოვიდეს - რომ ხელახლა გაიმარჯვოს "ოცნებამ"?
მაგრამ შეიძლება მას უნდა შტურმით ძალაუფლების აღება, რევოლუცია, რადგან იცის, რომ არჩევნებით, გინდ ვადამდელით და გინდ უვადოთი, ვერაფერს მიიღებს. რევოლუციის დროს ძალაზე მიდგება საქმე და დღეს, საბედნიეროდ, "ნაცმოძრაობას" არა აქვს საიმისო ძალა, რომ ხელისუფლება ამ გზით დაიბრუნოს. არც ხალხი ჰყავს იმდენი, ფერადი რევოლუციების სტილით, ხალხის რაოდენობით წალეკოს ხელისუფლება. არც იარაღი აქვს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი წამოიწყოს - ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ რადგან გამორიცხული არაფერია, უნდა დათვალო, არის თუ არა იარაღი მეორე მხარეს. იყო საფრთხე, რომ შეიძლებოდა მეორე მხარე შეიარაღებული ყოფილიყო; იყო საფრთხე საჯარისო ან პოლიციური ფორმირებების მიზიდვის, მაგრამ ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ. მერე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. მათ შორის იყო ღარიბაშვილის მინისტრად დანიშვნა, რამაც ძალოვან სტრუქტურებში ასეთი ქაოსური პროცესები შეაჩერა. დღეს აღარ არის მოსალოდნელი ქაოსი ძალოვან სტრუქტურებში, მაგრამ როცა გაქვს საქმე ხალხთან, ვინც გამუდმებით რევოლუციას გაიძახის, ასეთი საფრთხე მუდამ უნდა გვახსოვდეს.
- ლევან მამალაძის ფეისბუკპოსტს თუ გაეცანით სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით? - მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის გეგმა რეალურია, ოღონდ ის ვერ ახერხებს რევოლუციური მდგომარეობის შექმნას, ამიტომ შეიძლება მისი ჩანაფიქრი ჩაიშალოს, თორემ მოსამზადებელი ნაბიჯები გადადგმული აქვსო. გულისხმობს ევროპელების გაფრთხილებას, ენჯეოების მობილიზაციას და ა.შ. მაგრამ მე არ მჯერა მოტივი, რატომ მაინცდამაინც ახლა გაამართლებს თავის დანაპირებს. თუ ამდენჯერ თქვა და არ ჩამოვიდა, ახლა რა შეიცვლება?!
"მეორედ მოსვლა თუ გინდა, ციხეშიც უნდა გაძლო!"
თორნიკე შარაშენიძე: - წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ მას, ადრე თუ გვიან, დაიჭერენ და ჩასვამენ. აი, ამის მერეა საინტერესო - რამდენ ხანს შეინარჩუნებს ციხეში სიმშვიდეს და მხნეობას. გასაგებია, რომ ვლაპარაკობთ ჰიპერაქტიურ ადამიანზე, რომელსაც ასე ადვილად გაჩერება არ შეუძლია, მაგრამ ის, დიდი ხანია, კომფორტულად ცხოვრობს და ახლა მის ასაკში დისკომფორტის ატანა ძნელია. თუ ციხეს რამდენიმე კვირა გაუძლო, შეიძლება ქვეყანაში რაღაც ტალღა აგორდეს, ქვეყნის გარეთაც ზეწოლა გაიზარდოს...
- თუ ვერ გაუძლო? - უკრაინაში აშკარად ვერ გაუძლო და ამიტომ მალევე გამოუშვეს. როგორც ამბობენ, პოროშენკოს დაუკავშირდა და იმან გამოუშვა. არ ყოფილა არასდროს ციხეში და მისთვის ჩაკეტვა რისკია. მთავარი გამოწვევა ეს არის მისთვის.
- რომ ჩამოვიდეს, აქ დახვდებიან როგორც მომხრეები, ისე - მოწინააღმდეგეები. - აქედან გამომდინარე, მთავრობას არ გაუჭირდება მისი ციხეში ჩასმა. მისი მთავარი იმედი იქნება ზეწოლა გარედან, ამ ზეწოლას კი დასჭირდება დრო და ამდენ ხანს გაძლებს ციხეში მშვიდად? თუ ვერ გაძლო და მოითხოვა, ჩქარა გამომიშვითო, მისი ეს მცდელობა ჩაფლავდება.
- ასეთ შემთხვევაში შესაძლოა "ნაცმოძრაობას" ზურგი შეაქციოს? - ერთია, არ იქნება ლამაზი მისი ასეთი საქციელი. იტყვიან, ჩამოვიდა და ვერ გაუძლოო, არადა, ციხეში გაძლეს მერაბიშვილმა, უგულავამ, ახალაია აქამდე უძლებს... რაღა ლიდერია, თუ ასეთ პრობლემებს ვერ გაუმკლავდება?! ლიდერობა, მესიობა, მეორედ მოსვლა თუ გინდა, ციხეშიც უნდა გაძლო!
"დასავლეთი სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს..."
ვახტანგ ძაბირაძე: - რა მოხდება, თუ მიშა ჩამოვა საქართველოში? უსათუოდ დააპატიმრებენ. ის ვერ შემოვა ვერც სომხეთიდან, ვერც აზერბაიჯანიდან, ვერც აფხაზეთიდან, ვერც რუსეთიდან. რუსეთიდან შემოსული სააკაშვილი თავის პროევროპულობას ბოლოს მოუღებს, სომხეთი და აზერბაიჯანი ამით ჩვენთან ურთიერთობას არ გაირთულებენ, ამიტომ ერთადერთ გზად თურქეთი რჩება, თუმცა, არც თურქეთი დაუშვებს ამას, ამიტომ ყველაზე რეალური, თუ ჩამოსვლას გადაწყვეტს, საჰაერო გზაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემებს ვერ გაექცევა. საქმე ის არის, რომ ეს თემა ისეთი პოლიტიზებულია, მისი მუქარა და გამოხდომები - ისეთი არაადეკვატური, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება, ის დააპატიმროს. განაჩენი არსებობს და ის უნდა აღსრულდეს. სხვაგვარ მოქმედებას ნეიტრალური ამომრჩეველიც და სააკაშვილის მომხრეც ხელისუფლების მარცხად მიიჩნევს, ამიტომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არჩევანი არ აქვს.
- სააკაშვილის მოწინააღმდეგეები რას იზამენ?
- არ ვიცი... თუ მან მართლაც გადაწყვიტა ჩამოსვლა, შეიძლება განვიხილოთ ორი ვარიანტი. ერთია, რომ მან არ იცის ქვეყანაში არსებული ვითარება. გარემოცვა და მისი, ასე ვთქვათ, აქაური ქვეშევრდომები ეუბნებიან, ოღონდ შენ ფეხი დადგი თბილისის მიწაზე და მთელი საქართველო აჯანყდებაო. მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს პროცესის პროვოცირება, მაგრამ ახლა 2003 წელი არ არის და საზოგადოებაში ბუნტის განწყობა არ იგრძნობა.
- იქნებ დასავლეთის მხარდაჭერის იმედი აქვს? იქნებ როგორც მელია გამოუშვეს ციხიდან, ისეთ ბედს ელის...
- არა, დასავლეთი სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს...
- რატომ? - იმიტომ, რომ დასავლეთისთვის სააკაშვილი არის გაჭრილი პოლიტიკური ფიგურა. მისი ერთადერთი საყრდენია ის ამომრჩეველი, რომელიც მას ყოველთვის მხარს უჭერდა. ისინი ცოტანი არ არიან, მაგრამ არც იმდენი, რომ მათმა აქტიურობამ საზოგადოება აიყოლიოს და ევროპა ამას ხედავს.
ერთ-ერთ ინტერვიუში ვურჩიე სააკაშვილს, ლეხ ვალენსას ბიოგრაფიას გაეცნოს, რომელიც მასთან შედარებით გაცილებით მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურა იყო, სოლიდარობის თავკაცი, პატიმრობაში ნამყოფი... ანტიკომუნისტური მოძრაობა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოშიც ვალენსას"სოლიდარობის ტალღით იყო გამოწვეული, მაგრამ ხუთწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ურჩიეს, რომ მისთვის ეს საკმარისი იყო და შემდეგ არჩევნებზე კენჭი აღარ ეყარა, რადგან პოლონეთში უკვე სხვა პოლიტიკური რეალობა იყო და ვალენსასნაირი ფიგურა იქ აღარავის სჭირდებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილს დასავლეთი მხარს არ დაუჭერს. არც იმაზე ფსონის დადება გაამართლებს, რომ თუ დააპატიმრებენ, მას ხალხი გაათავისუფლებს. დარწმუნებული ვარ, თუ მართლაც გადაწყვიტა ჩამოსვლა, ის გამართავს კონსულტაციებს პარტნიორ ქვეყნებთან და ამ კონსულტაციებზე მას ამას დაუფარავად ეტყვიან, ისევე, როგორც 2012-ში ურჩიეს, ხელისუფლება გადაებარებინა. ცხადია, მისი ჩამოსვლა სიტუაციას გაართულებს, არასტაბილურ გარემოს შექმნის. რა თქმა უნდა, ამით სარგებლობას ჩვენი "კეთილისმყოფელი" მეზობლები ეცდებიან, მაგრამ არა მგონია, ეს პროცესები ისეთი მასშტაბური იყოს, რომ დიდი ძვრები მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, სამოქალაქო დაპირისპირებას არ ველოდები...
- ამდენი ფუჭი დაპირება მის მხარდამჭერებზე რა გავლენას მოახდენს? - ეს რომ გავაანალიზოთ, მაშინ ის კორპუსი უნდა განვიხილოთ, რომელიც სააკაშვილს უჭერს მხარს - ვინ არის ეს ხალხი და საზოგადოების რა ნაწილია. დავიწყოთ იმით, რომ დღეს გაჩნდა რაღაც გაუგებარი წარმონაქმნი - ვგულისხმობ "ნაცმოძრაობას", "ევროპულ საქართველოს", ხოშტარიასა და კიდევ არის ვიღაც ერთი, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებზე ხან ერთად გამოდიან, ხან ცალ-ცალკე. ეს წარმონაქმნი გაუგებარია იმიტომ, რომ თუ გინდა 43% არ აიღოს ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ჯობია პარტიებმა ცალ-ცალკე იყარონ კენჭი... განსხვავებული ამომრჩეველი ამ გუნდს მაინც არ შეუერთდება.
"ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი შეიძლება სამი ნაწილისგან შედგებოდეს: 1. ყოფილი ხელისუფლება, ანუ ის ადამიანები, ვინც იყვნენ თანამდებობებზე, მუშაობდნენ ბიუროკრატიულ აპარატში და ჰქონდათ ყველაფერი. ისინი ფიქრობენ, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილებს; 2. ბიზნესსისტემა, ანუ ისინი, ვინც იგებდნენ ტენდერებს და ჰქონდათ შემოსავალი; 3. ყველა ქვეყანაში არის ამომრჩეველთა კატეგორია, რომელიც მკაცრი პოლიტიკის მომხრეა, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაატარებს ამ პოლიტიკას: სააკაშვილი, სტალინი თუ ჰიტლერი. არის კიდევ პატარა ჯგუფი, რომელიც სააკაშვილს აღმერთებს. აი, სულ ეს არის... ამ ჯგუფების ნაწილმა შეიძლება დაიწყოს აქტიურობა, მაგრამ ეს არ იქნება განსაკუთრებული მოძრაობა. ამ ჯგუფებმა, განსაკუთრებით ელიტამ, მშვენივრად იციან, რომ სააკაშვილთან ურთიერთობა განსაზღვრავს, მაგალითად, მომავალი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიაში მათ ადგილს, ამიტომ ეს არ არის ის კატეგორია, რომელიც შეიძლება პოლიტიკური პროცესის დამწყები და გამგრძელებელი იყოს.
ფანატიკურად განწყობილი და რეპრესიების მომხრე მხარდამჭერთა ნაწილი შეიძლება გულგატეხილი აღმოჩნდეს, მაგრამ ისინი თვლიან, რომ სააკაშვილი რეგიონული მნიშვნელობის კი არა, როგორც თვითონაც ამბობს, უზენაესისგან მოვლენილი ფიგურაა და მათი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ისინი იტყვიან, რომ მათი ლიდერი ვერ ჩამოვიდა რაღაც მიზეზის გამო, მაგალითად, თვითმფრინავმა მარშრუტი შეიცვალა და თბილისის მაგივრად, ვთქვათ, ერევანში დაჯდა... თუმცა ასეთი ხალხი ცოტაა. დარწმუნებული ვარ, ყოფილი ნომენკლატურა და ყოფილი ბიზნესგარემო ისედაც მშვენივრად ხვდებიან, რა და როგორ ხდება, მაგრამ ხმამაღლა არაფერს იტყვიან. ასე რომ, თუ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გაუცრუებს მოლოდინს თავის მხარდამჭერებს და არ ჩამოვა, მისი რეიტინგი შემცირდება, თუმცა არ განულდება.