"ამ ბრძოლაში ძალიან სუსტი კონკურენტები მყავს" - კვირის პალიტრა

"ამ ბრძოლაში ძალიან სუსტი კონკურენტები მყავს"

"თბილისი ქალაქი ქალაქში"- მზრუნველი და სამართლიანი, უსაფრთხო და სუფთა თბილისი, მწვანე ქალაქი, საქმიანი თბილისი, ჯანმრთელი და განათლებული თაობის თბილისი, მასპინძელი თბილისი, ძველი თბილისი... - ასე წარმოუდგენია 21-ე საუკუნის თბილისი "ლელოს საქართველოსთვის" მერობის კანდიდატ ანა ბიბილაშვილს. რამდენიმე დღის წინ გუნდის ლიდერებმა საზოგადოებას "ლელოს 9 ნაბიჯი - თბილისის მარშალის გეგმა" წარუდგინეს.

"თბილისი სიტი - ქალაქის საქმიანი და ფინანსური ბიზნესცენტრი, ისეთივე როგორიც ლონდონში, ფრანკფურტში... კინოქალაქი - რეგიონის კინოცენტრი, სამუზეუმო და საფესტივალო ქალაქი. ეს ნიშნავს იმ გეოგრაფიული პოტენციალის გაერთიანებას, რომელიც ამ ქალაქს აქვს. ამის კარგი მაგალითი ბილბაოა. განათლება - ჩვენ გვყავს უნიკალური ახალგაზრდობა, ამისათვის თბილისის მერია გამოყოფს სახსრებს და თავს მოუყრის აქსელერატორებსა და სტარტაპერებს, რომლებიც დაეხმარებიან სტარტაპკომპანიებს საერთაშორისო დონეზე გასვლაში და მოიზიდავენ ინვესტიციებს. სამედიცინო ქალაქი - დიღმის მიმართულება გადავაქციოთ საერთაშორისო მიმართულების სამედიცინო ცენტრად. მზრუნველი და სამართლიანი თბილისი - ჩვენი ამოცანაა არც ერთი უსახლკარო და მშიერი ბავშვი, არც ერთი ხანდაზმული ზრუნვის გარეშე, ბიუჯეტით მხოლოდ ეს შეუძლებელია. ამისათვის გვინდა კერძო და საჯარო ინიციატივა, ნამდვილი სოლიდარობა და ურთიერთობა. საქმით ვაჩვენებთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება ინსტიტუციურ დონეზე. უსაფრთხო და სუფთა ქალაქი - ყველა ევროპულ ქალაქში უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, შემოვიტანთ თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელიც ქალაქში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ქუჩების დაცულობას... ქალაქს ექნება თანამედროვე ნარჩენების გადამამუშავებელი მანქანა, აღარაფერს ვიტყვი ნარჩენების სეპარაციაზე. მწვანე ქალაქი - როცა ვლაპარაკობთ მწვანე გარემოზე, ლაპარაკია ევროპული სტანდარტის ნორმებზე. ქალაქს სჭირდება 3 ახალი პარკი, 100 ჰექტარი, რომელიც მოძებნილი გვაქვს... მტკვარი - სირცხვილია 21-ე საუკუნეში მტკვარი ასეთ მდგომარეობაში მოედინებოდეს, მოვიძიებთ ფინანსებს, რათა ქალაქში ასეთი დაბინძურებული მდინარე არ იყოს", - ასეთია "ლელოს" წინასაარჩევნო დანაპირები. წინასაარჩევნო სტრატეგიასა და პოლიტიკურ პროცესებზე "ლელოს" მერობის კანდიდატი გვესაუბრება:

- მე როგორც ურბანისტი, 15 წელია ვზრუნავ ქალაქზე, საცხოვრებელ გარემოზე. დღეს ქალაქში ადამიანის ინტერესები უგულებელყოფილია, რაც ჩემი მთავარი მოტივატორი გახდა, რათა ჩავრთულიყავი ბრძოლაში. ქალაქში მოქალაქეების ინტერესებისთვის, გარემოს დაცვისთვის ისედაც ხშირად მიწევდა ბრძოლა, როგორც აქტივისტს. მაგალითად, უკვე ორი წელია დიღმის ჭალების დაცვისთვის ვიბრძვით. ქალაქს სჭირდება ისეთი მმართველი, ვინც რეალურად აცნობიერებს პრობლემებს.

- როგორც ურბანისტი, რას ფიქრობთ, რა არის მთავარი თბილისისთვის? - მთავარი ის არის, რომ ადამიანებს ეს ქალაქი წაართვეს. ქალაქში ადამიანის მნიშვნელობას დაეკარგა ფასი, მის უსაფრთხოებას. დღეს ქალაქის მმართველები გადაწყვეტილებებს მოქალაქეთა საჭიროებებიდან გამომდინარე არ იღებენ. მათ გულგრილ დამოკიდებულებას ბუნებასთან, ჰაერის ხარისხთან, ხშირად ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

პირველად მოსაგვარებელი პრობლემაა კორუფციის, ნეპოტიზმის და არაპროფესიონალიზმის აღმოფხვრა, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მერია გამჭვირვალე იქნება ადამიანებთან ურთიერთობაში.

- კორუფციასა და ნეპოტიზმთან ბრძოლას პოლიტიკური ნებაც სჭირდება. ფიქრობთ, რომ ქალაქის მერი ამ გამოწვევას, ქვეყნის მმართველი გუნდის მხარდაჭერის გარეშე გაართმევს თავს? - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩვენ ძალიან ძლიერი და პროფესიონალი გუნდით ვართ წარმოდგენილი. თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს ქვეყანაში და ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას, რა არის მნიშვნელოვანი ქალაქისთვის და მისი მოსახლეობისთვის.

- რა გაძლევთ იმედს, რომ გაიმარჯვებთ ბრძოლაში, სადაც საკმაოდ მძიმეწონიანი ფალავნები იბრძვიან თავიანთი პოლიტიკური კაპიტალით, რეიტინგითა და გამოცდილებით? - ჩემი მეტოქეების ძლიერება რით განისაზღვრება, მათი პოლიტიკური კაპიტალითა და რეიტინგით თუ იმ განუხორციელებელი პროექტებით თბილისში და საზოგადოდ საქართველოში? რას სთავაზობენ ქალაქს? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებია.

- თუმცა თქვენი გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ რეფერენდუმია. - ნამდვილად რეფერენდუმია, მაგრამ ასევე არის თვითმმართველობის არჩევნებიც, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს კონკრეტული პრობლემები. თუ ასე შევხედავთ საკითხს, ამ ბრძოლაში ძალიან სუსტი კონკურენტები მყავს. მე მათგან არ მომისმენია, თუ როგორ ხედავენ თბილისის მომავალს, როგორ აპირებენ თბილისელების პრობლემების აღმოფხვრას.

- როგორც ჩანს, ამომრჩევლის განწყობები მაინც სხვაგვარია, მაგალითად, "ედისონ რისერჩის" კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პირველ 3 ადგილზე კალაძე, გახარია და მელია არიან. - ჩვენ ყურადღებით ვეცნობით ყველა სანდო ორგანიზაციის კვლევებს, მაგრამ ჩვენ ქუჩაშიც ვეცნობით ამომრჩევლის განწყობებს. როგორია მათი განწყობა, ეს არჩევნების მეორე დღეს გამოჩნდება.

- თქვენი "მარშალის გეგმის 9 ნაბიჯი" საინტერესო ჩანს, თუმცა, რატომ უნდა დაგიჯეროთ ამომრჩეველმა, რომ დაპირებებს შეასრულებთ? - იმიტომ, რომ პოლიტიკურ ველზე წარმოვადგენთ ერთადერთ გამორჩეულ გუნდს, რომელსაც ბევრი პროექტი აქვს საქართველოში განხორციელებული, რეალური საქმე უკეთებია და შემოუტანია ქვეყანაში ძალიან დიდი უცხოური ინვესტიცია. შესაბამისად, რასაც ვთავაზობთ ამომრჩეველს, იმ პროექტების გაგრძელებაა, რომელთა შესრულებაც ჩვენს გუნდს შეუძლია. ერთ ადამიანს კი არა, "ლელოს" მთელ გუნდს. "ლელოს" გუნდს კი საქმის კეთების დიდი გამოცდილება და შესაძლებლობები აქვს.

ხათუნა ბახტურიძე