"მე მიპირისპირდება დიდი რესურსები და პარტიული ინტერესები"
"ისინი ხელოვნურად ცდილობენ ჩემს გარიყვას მოწინავე კანდიდატებისგან", - ამბობს პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე. შეგახსენებთ, რომ "ედისონ რისერჩის" კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პარტია "ხალხისთვის" მერობის კანდიდატი ანა დოლიძე მეხუთე ადგილზეა. მას მოსახლეობის 45% პოზიტიურად, 55% კი ნეგატიურად აფასებს. პირველ 3 ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარე ნიკა მელია იკავებენ. გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს პოზიტიურად მოსახლეობის 55% აფასებს, ნიკა მელიას - 46%. ამავე პოლიტიკოსებს ნეგატიურად აფასებს: გახარიას 45%, კალაძეს 45%, მელიას 54%. სოციოლოგიური კვლევა"ქართულმა ოცნებამაც" გამოაქვეყნა, რომელიც უშუალოდ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს ასახავს. კითხვაზე: - ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით გადანაწილდა: კახა კალაძე 56,1%, ნიკანორ მელია 28.3%, გიორგი გახარია 6,2%, ანა დოლიძე 2,2%, ანა ბიბილაშვილი 1,9%, გიორგი ლომია 1,3%, თამარ კეკენაძე 0,9%, მიხეილ ქუმსიშვილი 0,7%, სხვა კანდიდატები 2,4%. ვინ ან როგორ ცდილობს მის გარიყვას, ანა დოლიძე თავად გვესაუბრება.
- "ოცნებასა" და "ნაციონალებთან" აფილირებული ორგანიზაციები და ტელევიზიები პარტიული ინტერესების შესაბამისად ცდილობენ ჩემს იგნორირებას, არ მიწვევენ დებატებში, საუბრობენ მოწინავე სამეულზე და არა ოთხეულზე. 2017 წლის არჩევნებში, როდესაც ელენე ხოშტარია იყო მერობის კანდიდატი, ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მოწინავე ოთხი კანდიდატიდან ერთი ქალი იყო. ჩემს შემთხვევაში ეს რატომღაც პრობლემა გახდა. აი, ეს ორპოლუსიანობაა ჩემი მთავარი გამოწვევა ამ ბრძოლაში და არა თავად კალაძე, გახარია ან მელია. "ედისონ რისერჩის" კვლევიდანაც ჩანს, რომ თვე-ნახევარში ჩემი რეიტინგი 8%-ით გაიზარდა - 21 ივლისს მქონდა 38%, ახლა მაქვს 45%, მაშინ ვიყავი მერვე და ახლა ვარ მეხუთე ადგილზე. მე მიპირისპირდება დიდი რესურსები და პარტიული ინტერესები. ჩემისთანა დამოუკიდებელი კანდიდატი არც ერთ მხარეს არა ჰყავს.
- რატომ ცდილობენ თქვენს გარიყვას, კონკურენტუნარიანად არ აღგიქვამენ? - კონკურენტუნარიანად რომ არ აღმიქვამდნენ, არც ბანერების პრობლემა მექნებოდა და არც კვლევებში ჩემი სურათის ჩადება. ეცოდინებოდათ, რომ ვიღებ 200 ხმას და მორჩა. მე გვერდზე ჩამწია გიორგი გახარიამ, როგორც ჩანს, ვიღაცის დალაგებულ თამაშში არ ვჯდები. მათთვის საშიშია ჩემი გამოჩენა დებატებშიც და კვლევებშიც.
- შეიძლება "ოცნებას" გიორგი გახარიას შიშიც აქვს, მაგრამ ის ისეთ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, რომ მოდუნების საშუალებას არავის აძლევს.
- გახარია "ნაცმოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს. დააკვირდით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ტელევიზიები როგორ უწყობენ ხელს გახარიას და თავადვე გამოიტანეთ დასკვნა, თუ როგორ ჯდება ის ორპოლუსიან სისტემაში. ჩემი აზრით, ძალიან კარგად! სინამდვილეში თბილისისთვის არც კალაძეა სიკეთისა და სიახლის მომტანი და არც გახარია და მელია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს თვითმმართველობის არჩევნები არც არის. თბილისი მარტო მე მახსენდება! ზუსტად ვიცი, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს ძალიან გაუხარდა არჩევნებში ჩემი პარტიის გამოჩენა სწორედ ჩემი დამოუკიდებლობის მახასიათებლების გამო. ჩვენ გამოვაქვეყნეთ 6-პუნქტიანი ხედვა, დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, დამთავრებული უსაფრთხო ქალაქით. ეკოლოგიაზე ჩემ გარდა არავინ ლაპარაკობდა, ახლა ყველა ლაპარაკობს. დღეს უსაფრთხოებაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ერთ თვეში ყველა ალაპარაკდება. მჯერა, რომ ამომრჩეველი დაინახავს ჩემს ნაკეთებ საქმეს და ბრძოლისუნარიანობას.
- პრეტენზია გაქვთ, რომ ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვისაც არც "ქართული ოცნება" სურს და არც "ნაციონალური მოძრაობა" მხარს თქვენ დაგიჭერთ?
- ბოლო კვლევები ცხადყოფს, რომ კი. "ედისონ რისერჩმა" თქვა, რომ ჩვენს პარტიას აქვს 3%-იანი, ანუ ისეთივე მხარდაჭერა, როგორიც "ლელოს". "ლელო" არის პარტია, რომელიც მილიონებს ხარჯავს ამ არჩევნებისთვის. ეს აჩვენებს, რომ ხალხში ძალიან სერიოზული შიმშილია, მოთხოვნა პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც იდეასა და ღირებულებებზეა დაფუძნებული. ჩვენ გამოვიყვანთ იმ ხალხს ნიჰილიზმიდან, ვისაც არც "ოცნება" სურს, არც "ნაციონალები".
- თქვენ აქცენტს აკეთებთ იმაზე, რომ ხართ ბრძოლისუნარიანი და შემტევი, მაგრამ არჩევნების მოგებას ფინანსური და ადამიანური რესურსიც სჭირდება.
- ვინ არის დღეს ქალაქის მერი? მას უმაღლესი განათლებაც არა აქვს, მაგრამ რაღაცნაირად ართმევს თავს ქალაქის მართვას. მარტო კალაძის კი არა, დანარჩენი სამი კანდიდატის ბიოგრაფიაც გამოაქვეყნეთ, ჩემიც გვერდზე მიუდეთ და მერე ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, ვის აქვს ქალაქის მართვის რესურსი და კომპეტენცია.
- თუ მეორე ტური ჩატარდა და მოწინავე მერობის კანდიდატებიდან რომელიმეს მხარდაჭერა მოგიხდათ, თქვენი გადაწყვეტილება როგორი იქნება?
- მეორე ტურზე საუბარი, ორპოლუსიანობის დღის წესრიგი, ამომრჩევლისთვის თავში ჩადება იმისა, რომ ან "ქოცმა" უნდა გაიმარჯვოს ან "ნაცმა", აბსურდია. წინ კიდევ სამი კვირაა, გაცხარებული ბრძოლაა, კაცმა არ იცის, რა მოხდება ერთ საათში, არათუ ერთ თვეში.
ხათუნა ბახტურიძე