"ჩვენ უფრო კარგად ვიცით ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რაც დღეს ქალაქში არსებობს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ უფრო კარგად ვიცით ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რაც დღეს ქალაქში არსებობს"

"ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს... თბილისში ბოლო 4 წლის განმავლობაში უამრავი პროექტი და რეფორმა განხორციელდა, ბევრი სიახლე რეალიზაციის პროცესშია და უფრო ხელშესახები გახდება ჩვენი ქალაქის მცხოვრებთათვის. გაგრძელდება თბილისისთვის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმა", - განაცხადა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ, რომლის აზრით, მისმა გუნდმა პანდემიისა და სხვა გამოწვევების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განახორციელა და ეს მათი გამარჯვებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. განხორციელებულ თუ განუხორციელებელ პროექტებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და სხვა საკითხებზე გიორგი ტყემალაძე გვესაუბრება:

- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ ურბანული პოლიტიკის, სატრანსპორტო თუ ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, ჩვენ უფრო კარგად ვიცით ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რაც დღეს ქალაქში არსებობს. გვაქვს უწყვეტი კომუნიკაცია თანამოქალაქეებთან, შევდივართ ყველა ეზოსა და სადარბაზოში და ვცდილობთ მაქსიმალურად განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღეთ ქალაქის გენერალური გეგმა, რომელიც ასახავს ქალაქის გრძელვადიან განვითარებას. ასევე მივიღეთ გენერალური გეგმის ეფექტიანად შესრულებისთვის აუცილებელი რეგულაციები. ეს გულისხმობს, რომ წერტილი დავუსვით პრაქტიკას, როდესაც დეველოპერულ კომპანიებს განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ შეეძლოთ გადაეჭარბებინათ ამა თუ იმ მშენებლობის მოცულობისთვის. განვაახლეთ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკიც.

- დაასახელეთ კონკრეტული პროექტი, რომლითაც თბილისის მოსახლეობა კმაყოფილია. - მაგალითად, ჭავჭავაძის პროსპექტი, რომელიც საპილოტეა, თვალსაჩინოებაა იმისათვის, თუ როგორ უნდა განვითარდეს დედაქალაქი. იგივე შემიძლია ვთქვა ორბელიანის მოედნის და დარეჯანის სასახლის სრულ განახლება-რეაბილიტაციაზე.

- ჭავჭავაძეზე განხორციელებული პროექტის გამო ბევრი მოქალაქე უკმაყოფილოა. - ჭავჭავაძის პროსპექტის პროექტში ჩვენ პრიორიტეტი მივანიჭეთ ქვეითად მოსიარულეებს. დღეს ყველა ასაკის ადამიანს, მოხუცი იქნება თუ ახალგაზრდა, შესაძლებლობა ეძლევა პროსპექტზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში ფეხით იაროს, ისეირნოს. შემდგომი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კერძო ავტომობილებზე კომფორტული და მოსახერხებელი სწრაფად გადაადგილებისთვის.

- თქვენი კონკურენტების აზრით, გასული 9 წლის განმავლობაში მეტის გაკეთება შეიძლებოდა ქალაქისთვის, კონკრეტულ მიმართულებებსაც ასახელებენ... - ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ თბილისისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა მდგომარეობაში იყო ქალაქი ადრე. დიახ, კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ აწი უნდა დავიწყოთ საქმის კეთება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკვე დაწყებული პროექტები. უკვე რეაბილიტირებულია ორბელიანის მოედანი, დედაენის ბაღი, გუდიაშვილის მოედანი... ვგეგმავთ უფრო მეტი ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციას, ვაპირებთ მოვიცვათ უფრო დიდი არეალი... ქალაქის თითქმის ყველა პარკი რეაბილიტირებულია ან ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მხოლოდ გეგმებზე არ ვსაუბრობთ, საქმე დაწყებულია და საჭიროებს გაგრძელებას. ეს დინამიკური პროცესია. 2022 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ - ავარიული ხუთსართულიანი სახლების რვასართულიანი სახლებით ჩანაცვლებას იმავე რეკრეაციულ ზონებში, იმავე კონტურებში, ახალ, თანამედროვე კომფორტულ სახლებს ვიხილავთ და ეს არ იქნება დეველოპერული კომპანიების აშენებული სახლები. მათ ააშენებენ მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული სამშენებლო კომპანიები.

- რომელ უბნებს შეეხება ეს პროექტი და რატომ 8 სართული?

- პროექტი შეეხება ხრუშჩოვკებს, რომლებსაც 60-წლიანი ექსპლუატაციის ვადა უკვე დიდი ხანია გაუვიდა და ავარიულია. ურბანული თვალსაზრისით, ხუთსართულიანის 8 სართულამდე გაზრდა პრობლემას არ წარმოადგენს, არსებული ლანდშაფტისთვის სრულიად მისაღებია. ამასთან, ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. სამი სართულის ნამატი შესაძლებლობას მოგვცემს რაც შეიძლება მეტი ავარიული სახლი ჩავანაცვლოთ.

- პარტია "მოქალაქეებმა" მთელი ქალაქის მასშტაბით გამოაკრეს ბანერები წარწერებით: "საქმეს მივხედოთ", "მტკვარი გასაწმენდია", "ბუკიას ბაღი გასახსნელია"... ამ მოწოდებების გათვალისწინებას თუ აპირებთ? - ჩვენს გეგმებსა და პროექტებში შეტანილია არა მარტო ბუკიას ბაღი, არამედ ქალაქის ყველა მწვანე ზონა. ბაღების, სკვერების აღდგენა-რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხდება და ყველა აქტივობა დეტალურადაა გაწერილი. ყოველდღიურად ვისმენთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს და მითითებებს. თბილისელებმა კარგად იციან, თუ რა სჭირდება მათ უბანს, ეზოსა და სადარბაზოს. ამიტომ სწორედ მათთან ერთად ვგეგმავთ ამხანაგობის პროგრამით გასათვალისწინებელ ღონისძიებებს, სარეკრეაციო სივრცეების მოწყობას, უბნის ურბანული ინფრასტრუქტურის განახლებას. ამას ემატება ის დიდი პროექტები, მიმართულებები და დარგები, რომლებსაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში აქტიურად ვახორციელებდით და მომავალშიც განვახორციელებთ. ახლაც, სულ რამდენიმე დღეში დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - სამანქანო ხიდის მშენებლობა ბაგებიდან საბურთალომდე.

- მტკვრის გაწმენდას თუ აპირებთ? - ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უამრავ მასშტაბურ ღონისძიებას ვგეგმავთ. გაშენებულია უამრავი სკვერი, პარკი, მწვანე ზონა... მუშაობა უწყვეტად მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, რომ მტკვრის გამწმენდ ღონისძიებებთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმების შესახებაც გესაუბროთ.

ხათუნა ბახტურიძე