"არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ჩემი კონკურენტი" - კვირის პალიტრა

"არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ჩემი კონკურენტი"

"ჩვენს ამომრჩევლებს სჯერათ, რომ "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნების დრო წავიდა"

"მე არა ვარ ჩემი კონკურენტებივით ცნობილი და რეიტინგული, ამიტომ ვშრომობ ძალიან ბევრს და ერთდროულად რამდენიმე ფლანგზე ვიბრძვი", - ამბობს პოლიტიკური პლატფორმის "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" თბილისის მერობის კანდიდატი, "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე თამარ კეკენაძე. "მას ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს", - ასე შეაფასა ახალი პლატფორმის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მერობის კანდიდატი.

ანალიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილის აზრით, "მესამე ძალამ", ისევე როგორც "ლელომ", მერობის კანდიდატები მოვალეობის მოსახდელად დაასახელეს. ისინი კონკურენციას ვერ გაუწევენ კახა კალაძეს, გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას. თამარ კეკენაძე ამის შესახებ გვიამბობს:

- მთავარი, რამაც გადამაწყვეტინა ამ გუნდთან ერთად ბრძოლა, ის არის, რომ პლატფორმა არ აერთიანებს მხოლოდ პოლიტიკურ ძალებს და შესაძლებლობას ქმნის მათთვისაც, ვისაც არ სურთ იყვნენ პარტიულები, მაგრამ სურთ ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთან, ამ პლატფორმაში არის ჩვენი ძველი პარტნიორი, რესპუბლიკური პარტია, რომელთანაც ჩვენ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით და ვართ ევროპული, ლიბერალური ღირებულებების მქონე ერთი ოჯახის წევრები. ამ გუნდთან ერთად ბრძოლა ჩემთვის ძალიან კომფორტულია.

- თუმცა კომფორტული არ იქნება ბრძოლა, რომელიც წინ გაქვთ. რით აპირებთ დაუპირისპირდეთ ძლიერ ოპონენტებს? - მართლაც, ჩემი კონკურენტები მძიმეწონიანი პოლიტიკოსები არიან. ისინი მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენენ. თუმცა ჩემთვის ეს დამაბრკოლებელი არ არის. მე გააზრებული მაქვს, რისთვის ვიბრძვი და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ჩემი კონკურენტი. დიახ, მე მათ მსგავსად ცნობილი და რეიტინგული არა ვარ. შესაბამისად, უფრო მეტი მუშაობა მიწევს, თანაც რამდენიმე ფლანგზე. დრო ძალიან ცოტა მაქვს. ამასთან, პრობლემას ქმნის პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეები - რთულია მოქალაქეებთან პირისპირ დალაპარაკება, ამას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არჩევნებზე. ყველაფრის მიუხედავად, "მესამე ძალა" მაინც ახერხებს განსხვავებული მეთოდების გამონახვას მისი მესიჯების ამომრჩევლამდე მისატანად. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის პოლიტიკური არჩევნები და ერთადერთი გზა "ქართული ოცნების" ხელისუფლების შესაცვლელად. თუ ოპოზიციური სპექტრი შევძლებთ და "ქართულ ოცნებას" 43%-ს არ ავაღებინებთ, რეალურად მოგვეცემა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა. თუმცა ამ პოლიტიკური ამოცანის მიღმა არც თვითმმართველობის როლი და დანიშნულება უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ პოლიტიკოსებს შესაძლებლობა გვეძლევა რაიონებსა და სოფლებში შევხვდეთ და ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ჩართვა მათივე რაიონების, სოფლებისა თუ ქალაქების პრობლემების მოგვარებაში. ძალიან მოტივირებული გუნდი გვყავს, მეც დიდი შემართებით ვარ და ვფიქრობ, შედეგსაც მივიღებთ.

- როგორც აღნიშნეთ, მთავარია, "ქართულ ოცნებას" არ მისცეთ 43%-ის აღების საშუალება. ეს რას ნიშნავს, მზად ხართ მეორე ტურის შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს დაუჭიროთ მხარი? - დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელად სათქმელია, ვინ გადავა მეორე ტურში ან საერთოდ იქნება თუ არა. ჩვენთვის პირველი ამოცანა "ქართული ოცნების" შეცვლის პროცესის დაწყებაა. ჩვენს ამომრჩევლებს სჯერათ, რომ "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნების დრო წავიდა. ვფიქრობთ, რომ ორპოლუსიანობა ძალიან აზიანებს ქვეყანას და ამომრჩევლისთვის განსხვავებული არჩევნის შეთავაზება გვსურს.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენზე? - "მესამე ძალის" წევრებს საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ ჩვენ-ჩვენს დარგში პროფესიონალები ვართ.

ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც მაქსიმალურად მალე დაუსვამს წერტილს პოლარიზებას, არა ვართ ორიენტირებული ნეგატივზე, ოპონენტების პირად ლანძღვაზე და რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ინოვაციური გეგმები, პროგრამები თბილისის, ქუთაისისა და ბევრი სხვა ქალაქისა თუ რაიონის განვითარებისთვის.

- რას უკავშირდება თქვენი ინოვაციური გეგმა? - მაგალითად, გვსურს თბილისი ვაქციოთ მაღალგანვითარებულ ქალაქად, სადაც ადამიანები ღირსეულად, უსაფრთხოდ იცხოვრებენ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ექნებათ. ამისთვის გვაქვს რამდენიმე მეგაპროექტი: მაღალტექნოლოგიური აიტი-ქალაქის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა და ფინანსური ორგანიზაციების გახსნა, ახალგაზრდების პროფესიული გადამზადება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. ასევე გვსურს თბილისის საჰაერო და ლოჯისტიკური სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენება, რაც პირველივე ეტაპზე 5 ათასამდე სამუშაო ადგილს ქმნის. გვაქვს ცალკე მიმართულება, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ თბილისელები მათივე უბნების განვითარებაში...

- თქვენს მთავარ გამოწვევად რას მიიჩნევთ?

- კოვიდრეალობაში საარჩევნო კამპანიის წარმოებას. "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს ამომრჩევლის დემოტივაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩვენ პოლიტიკური მნიშვნელობის თვითმმართველობის არჩევნებს ვატარებთ, "ოცნებამ" უარი თქვა პირობის შესრულებაზე, რაც 43%-იან ბარიერს უკავშირდება. უფრო მეტიც, აღნიშნა, 1%-იც რომ აიღოს, მაინც არ დაუშვებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. მმართველი გუნდის ასეთი განცხადებები ამომრჩევლის დემოტივაციას იწვევს. ბევრი ფიქრობს, რომ ამ პანდემიის დროს თავის საფრთხეში ჩაყენება მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ ღირს. თუმცა ჩვენ, არა მარტო "მესამე ძალა", მთელი ოპოზიციური ფლანგი ვცდილობთ დავარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ ქვეყანა მხოლოდ პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების საზრუნავი არ არის. თუ მათ არ მოსწონთ არსებული რეალობა, თავად უნდა მიიღონ მონაწილეობა მის შეცვლაში საარჩევნო ყუთთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით.

ხათუნა ბახტურიძე