"დაჯგუფების მეთაური იყო და სწორედ ის ნიშნავდა სხვადასხვა ქალაქის "მაყურებელს" - ვინ იყო ქუთაისელი "შოშია", რომელიც რუსეთში დიდი გავლენით სარგებლობდა
საინფორმაციო სააგენტოს - "პრაიმ კრაიმის" ცნობით, ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" ნოდარ ჯინჭველაშვილი, იგივე "შოშია" რუსეთის ქალაქ ვოლოგდას საპატიმროში გარდაცვლილი იპოვეს.
63 წლის "კანონიერი ქურდი" სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ 2019 წელს, ახალი კანონის მიხედვით დააკავეს, რომელიც კრიმინალური სამყაროს იერარქიაში მაღალი საფეხურის დაკავებას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, 90-იან წლებში ქუთაისელმა "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" დატოვა საქართველო და რუსეთის ქალაქ ჩერეპოვეცში გადავიდა საცხოვრებლად. ის სწორედ აქედან აკონტროლებდა ვოლოგდის ოლქს.
2019 წელს რუსმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ოპარაცია ჩაატარეს, რათა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი და კიდევ ოთხი პიროვნება დაეკავებინათ. როგორც სამართალდამცველები ამტკიცებდნენ, დაკავებული ჯინჭველაშვილი დაჯგუფების მეთაური იყო და სწორედ ის ნიშნავდა სხვადასხვა ქალაქის "მაყურებელს".
პროკურატურამ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც დაადგინეს, რომ დაკავებულები, მათ შორის, ჯინჭველაშვილი 2019 წლამდე ქურდული სამყაროს იერარქიის სათავეში იდგა.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, "შოშია" კანონიერ ქურდად 24 წლის ასაკში, 1982 წელს, ჯერ კიდევ საქართველოში "მონათლეს". 2014 წელს ის რუსეთში ქალაქ ვოლოგდას "მაყურებელი" გახდა და ამის შემდეგ, კრიმინალური სამყაროს ყველა წევრს აკონტროლებდა ვინც ქალაქში იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა რამდენიმე წლის წინ "შოშია" გამოძალვის ბრალდებითაც დააკავეს:
"კრიმინალური ავტორიტეტი ქურდული იდეოლოგიისა და ტრადიციების გავრცელებაში აქტიურად მონაწილებდა; ასევე, პირადი და კრიმინალური დაჯგუფების ფინანსური გამორჩენის მიზნით, მონაწილეობდა კრიმინალურ გარჩევებში. სამართალდამცველებმა ის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს", - განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძრვანელმა.
როგორც ცნობილია, ჯინჭველაშვილი 7-ჯერ იყო ნასამართლევი, მათ შორის ქურდობის, ძარცვის, ნარკოდანაშაულის და იარაღის უკანონოდ ტარების გამო.
მოამზადა ნიკა გულუამ