"არ მსიამოვნებს, როდესაც ქართველების სალანძღავ პოსტებს ვკითხულობ... საკუთარს არავის და არაფერს ვაფასებთ"
"ლონდონში ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანია და ყველას აქვს ამბიცია, მეტს მიაღწიოს. 10 მილიონამდე მოსახლეა და წარმოიდგინეთ, რამხელა კონკურენციაა. თუ ჩამორჩი, წინ ვეღარ წახვალ"
ირინკა გუჯაბიძე ლონდონში პირველად თინეიჯერობის ასაკში ჩავიდა. მას შემდეგ 13 წელი გავიდა. იქ გატარებულმა წლებმა ბევრი რამ ასწავლა, უპირველესად - დროის ფასი და საკუთარი თავის რწმენა. უფრო ბრძოლისუნარიანიც გახდა, რადგან კარგად იცის, რომ იქ ვერავინ დაგეხმარება - თუ ისწავლი და იშრომებ, აუცილებლად დაგიფასდება. სოციალურ ქსელში ხშირად გვანებივრებს ულამაზესი ფოტოებით. პროფესიით მარკეტოლოგს, ძირითადად, რეჟისორებსა და ფოტოგრაფებთან ურთიერთობა უწევს და მათთან მეგობრობის გამო უარს არ ამბობს ფოტოსესიებზე. ვიდრე ლონდონური წარმატების შესახებ ვისაუბრებდით, ბუნებრივია, გვერდი ვერ ავუარეთ პანდემიის თემას და ბრიტანეთის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითაც დავინტერესდით.
- ორი წელია, საქართველოში პანდემიის გამო ვერ ჩამოვდიოდი. ამ ზაფხულს შევძელი და მოვინახულე ჩემი ქვეყანა, ახლობლები, მეგობრები.
ბრიტანეთმაც, სხვა ქვეყნების მსგავსად, რთული პერიოდი გაიარა. გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ევროპაში ყველაზე მკაცრი რეგულაციები, მგონი, ჩვენთან იყო. სხვაგან თუ გარკვეულ პერიოდში კეტავდნენ და შემდეგ ხსნიდნენ ქვეყანას, ბრიტანეთში იყო სრული კარანტინი - ყველაფერი დაკეტეს, არსად გასვლა არ შეგვეძლო, ოჯახის წევრებთანაც კი ვერ მივდიოდით, პარკებში მხოლოდ სავარჯიშოდ შეგვეძლო გასვლა. თუ დასასვენებლად დაჯდებოდი, მოვიდოდა პოლიცია და შენიშვნას მოგცემდა. რეგულაციების დარღვევაზე დიდი ჯარიმები იყო.
თებერვალში რომ ჩაგვკეტეს, ივნისის ბოლოს მხოლოდ ორი კვირით მოხსნეს შეზღუდვები. მოვასწარი იტალიაში წასვლაც და უკან დაბრუნებაც. დაგვპირდნენ და საშობაოდ თითქოს ისევ ორი კვირით გახსნეს ყველაფერი, მაგრამ სამ დღეში ჩაგვკეტეს.
5 იანვრიდან გამოცხადებული ლოკდაუნი 19 ივლისს მოიხსნა. გაუქმდა სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებული ყველა სავალდებულო წესი, მოიხსნა რაოდენობრივი შეზღუდვა შეკრებებზე, დახურულ სივრცეში ერთზე მეტი მეტრის დისტანციის დაცვისა და პირბადის ვალდებულება; გახსნეს ღამის კლუბებიც, რომლებიც მთელი პანდემიის მანძილზე დახურული იყო. ეს ყველაფერი წარმატებული ვაქცინაციის და ამ უმკაცრესი შეზღუდვების შედეგი იყო.
ვაქცინაცია დაიწყო დეკემბერში, სახელმწიფო გიგზავნიდა შეტყობინებას. თავდაპირველად 70 წელს გადაცილებულები და ქრონიკულად დაავადებულები აიცრნენ.
ბრიტანეთში ძალიან ცოტა ანტივაქსერია - ყველა ხედავდა, რომ ერთადერთი გამოსავალი ეს იყო. ახლა უკვე 18 წლამდე ბავშვებიც შეძლებენ აცრას. მედიაში არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ვაქცინაციის შედეგად ვინმე გარდაიცვალა ან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. ყოველდღიურ სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ინფიცირების შემთხვევა ახლაც ბევრია, მაგრამ სიკვდილიანობა დაახლოებით 80%-ით შემცირდა.
სახელმწიფო დღემდე ეხმარება მოსახლეობას და მათ, ვინც სამსახური დაკარგა, ხელფასის 80%-ს უხდის. ოქტომბრის ბოლომდე ასე იქნება. იმედია, მალე ყველა დაუბრუნდება სამსახურს. გარდა ამისა, ბიზნესსაც უწყობდნენ ხელს, დიდ კომპანიებსა და სტარტაპებსაც გამოუყვეს თანხა, რის გამოც ეს რთული პერიოდი უფრო მსუბუქად და უმტკივნეულოდ გადაიტანეს.
- ირინა, დიდი ბრიტანეთის ბიზნესასოციაციის წევრი გახდით, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობით. საინტერესოა, როგორი იყო გზა წარმატებისკენ და რა არის მთავარი ამისთვის? - ბრიტანეთში ჯერ სანდერლენდის უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ბაკალავრიატი დავამთავრე, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი ავიღე ბრიუნელის უნივერსიტეტში მარკეტინგის განხრით. სტუდენტობის პერიოდში უხელფასო სტაჟიორად დავიწყე მუშაობა კომპანიაში APPY Food&Drinks, რომელიც აწარმოებს ბიოპროდუქციას ბავშვებისა და მოზარდებისთვის და თანამშრომლობს არაერთ ცნობილ კომპანიასთან. ჩემ გარდა ყველა ბრიტანელი იყო და მათ მეტი შანსი ჰქონდათ დასაქმების, მაგრამ 10 სტუდენტიდან მე ამირჩიეს. აღნიშნეს, რომ სხვა სტაჟიორებისგან განსხვავებით, მე არასდროს მაეჭვებდა ჩემი შესაძლებლობები და ყველა პროექტს მონდომებით ვასრულებდი. ლონდონში ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანია და ყველას აქვს ამბიცია, მეტს მიაღწიოს. 10 მილიონამდე მოსახლეა და წარმოიდგინეთ, რამხელა კონკურენციაა. თუ ჩამორჩი, წინ ვეღარ წახვალ. დრო სწორად უნდა გაანაწილო - ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რვა წელი ვითანამშრომლე მათთან და შემდეგ გადავედი ბრენდინგისა და მარკეტინგის სააგენტო ONO Brands-ში სტრატეგიული მარკეტინგის სამსახურის უფროსად. ეს არის საერთაშორისო კლინიკების ქსელი, რომელიც სამედიცინო მომსახურებას უწევს პოსტოპერაციული საჭიროების პაციენტებს. ამ კომპანიაშიც მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი ვარ.
ძალიან იშვიათია, ბრიტანეთში ვინმე ერთ კომპანიაში 10 წელი მუშაობდეს. თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, ან საქმიანობის სფერო უნდა შეცვალო ან - კომპანია. კომპანიაში, სადაც რვა წელი ვიმუშავე, გავაკეთე ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. აქ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აკადემიურ ცოდნას - რომელი უნივერსიტეტი დაამთავრე და როგორი ქულებით, რეიტინგულია თუ არა ეს უნივერსიტეტი და ა. შ. სამსახურის დასაწყებად აუცილებელია გამოცდილება, ამიტომ ყველა სტუდენტი ცდილობს, სტაჟიორად მოხვდეს თავის საოცნებო კომპანიაში. ეს მეტ ცოდნასაც გაძლევს და გამოცდილებასაც, რაც კარიერული წინსვლისთვის აუცილებელია. ამ ქვეყანაში სწავლობს მხოლოდ ის, ვისაც ნამდვილად უნდა სწავლა და არა - მხოლოდ დიპლომის აღება. დიდი კონკურენციაა მოტივაცია, განსაკუთრებით - 10-მილიონიან ლონდონში, სადაც სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოდიან სამუშაოს საძებნად.
- ირინა, გადატვირთული გრაფიკის გამო თუ ახერხებთ მეგობრებთან შეხვედრას, მოგზაურობას? - მეგობრების გარეშე არ შემიძლია. ყოველთვის ვცდილობ, ერთი საათით მაინც გამოვიქცე მათთან შესახვედრად. ძალიან კარგი და წარმატებული გოგონები არიან, ქართველები, რაც უზომოდ მახარებს. ბევრჯერ მითქვამს, რომ აქ ჩამოსვლისას ყველაზე მეტად გამაოცა ურთიერთობებმა - მეგობარი რომ ნახო, ეს ერთი თვით ადრე მაინც უნდა დაგეგმო. თავდაპირველად მიკვირდა, მაგრამ ახლა მეც ასე ვიქცევი. მოკლედ, წინასწარ ვუგზავნით ერთმანეთს მოწვევას. მაგალითად, თუ დაბადების დღე გაქვს, სამი თვით ადრე უნდა შეატყობინო, რომ დაპატიჟებულია; ქორწილი თუ გაქვს, ექვსი თვით ადრე უნდა გააფრთხილო... საქართველოში უფრო ახლო და თბილი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ლონდონში კი შეიძლება წლების მანძილზე ისე იცხოვრო, კარის მეზობელსაც არ იცნობდე, შეგხვდეს ქუჩაში და ვერ მიხვდე, რომ შენი მეზობელია.
სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდები ქართველების პოსტებს, ძირითადად, უარყოფით კონტექსტში რომ მოიხსენიებენ თანამემამულეებს. ამ ცოტა ხნის წინ ასეთი ამბავი შემემთხვა, მეგობარს უნდა შევხვედროდი ერთ ძალიან ხმაურიან უბანში. იმ ქუჩაზე ბევრი მაღაზია და რესტორანია, უამრავი ხალხი ირევა. შუქნიშანთან გაჩერებულმა დავინახე მოპირდაპირე მხარეს, სუპერმარკეტის წინ, ასაკოვანი ქალბატონი ქვაფენილზე უმოძრაოდ იწვა, ჩანთებიდან კი ბოსტნეული და სხვა სურსათი იყო მიმობნეული. არავინ დახმარებია. რამდენიმე შეჩერდა, რაღაც ჰკითხეს და გზა გააგრძელეს. სანამ ქუჩას გადავირბენდი, "სასწრაფოში" დავრეკე. მათ მოსვლას დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში არავინ შეჩერებულა მის დასახმარებლად. ბოლოს ორმა ბიჭმა გადმოირბინა წითელზე და როგორ არის, რით დაგეხმაროთო, მკითხეს. აქ იყავით, ვიდრე წყალს ვუყიდი-მეთქი, ვთხოვე. "სასწრაფოს" მოსვლამდე გავარკვიე, რომ ის ბიჭებიც ქართველები იყვნენ! ასეთ დროს ამაყი ვარ ხოლმე. არ მსიამოვნებს, როდესაც ერთმანეთის შესახებ ქართველების სალანძღავ პოსტებს ვკითხულობ. იმდენი კარგი თვისება გვაქვს, სჯობს, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. ნაკლზეც უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს. ყველა ქვეყანაში ხდება ცუდი ამბები, მაგრამ ამის გამო თავისი ხალხი და ქვეყანა არავის სძულს. აქ ვინც შემხვედრია, ყველა ძალიან განათლებული, კულტურული და კარგად აღზრდილი ადამიანია და ბედნიერი ვარ, მათ რომ ვიცნობ. ვფიქრობ, საკუთარი თავის რწმენა გვაკლია. სხვაზე ნაკლები არც მოტივაცია გვაქვს რამის მისაღწევად და საკეთებლად, არც - პატრიოტიზმი, არც - სხვა უნარ-ჩვევები, მაგრამ თავდაჯერება, მონდომება და ერთმანეთის გვერდში დგომა გვაკლია. საკუთარს არავის და არაფერს ვაფასებთ.
ნინო ჯავახიშვილი