"ჩემი კლასელი გარდაიცვალა. ბავშვობის მეგობარი, იშვიათი ვირუსით..."
"სა ხარ, კეკელო, ამდენი ხანი, რომ გადაყეი ამ აბდლურ წიგნებს!" - რას წერს გიორგი კეკელიძე გარდაცვლილ კლასელზე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ მისი კლასელი, ბავშვობის მეგობარი იშვიათი ვირუსით გარდაიცვალა.
"ჩემი კლასელი გარდაიცვალა. ბავშვობის მეგობარი. სერგო. იშვიათი ვირუსით. იშვიათივე ადამიანი. სკოლიდან რომ ვაგვიანებდი, მამაჩემმა იცოდა სად მოვეძებნე - ზაქარიაძეებთან. "ერთად გავიზარდეთ" მეტაფორა არ ყოფილა, მართლა ერთად ვიზრდებოდით. ერთად გვიტყავდებოდა მუხლები ფეხბურთის თამაშისას და მეორე დღეს, ენა - ფეხბურთზე ლაპარაკისას.
ერთად ვსწავლობდით ისტორიას და ერთადვე ვერაფრით ვსწავლობდით მათემატიკას. ერთად ველოდით ზაფხულის არდადეგებს და მერე, ერთად ველოდით სკოლის დაწყებას.
ის დრო სხვას არაფერს ნიშნავდა, მხოლოდ ლოდინიდან ლოდინს. ზოგან ავცდით - მას მამა ჩემამდე გარდაეცვალა... და თვითონაც ჩემამდე წავიდა. სახლში რომ არ გვხვდებოდა, დედამისი თამრიკო გამოგვძახებდა: აგერ იქნება ბაღნებო, შესახოვში! და შესახვევიდან გამოჩნდებოდა სერგო, უცნაური, ფართო ღიმილით. ახლაც შესახვევშია.
ზუსტად ვიცი. მალე გამოჩნდება და დამიძახებს, ისე როგორც მირეკავდა ხოლმე: "სა ხარ, კეკელო, სა, ამდენი ხანი, რომ გადაყეი ამ აბდლურ წიგნებს!" - წერს გიორგი კეკელიძე.