"ყოველწლიურად მივუახლოვდებით დიდ მიზანს, როცა დაძლეული იქნება სიღარიბე და უმუშევრობა - 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები"
"ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ საქმეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი ქვეყანაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანოვარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნინოწმინდაში ბევრი მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში, რომელთა პრივატიზება და დამუშავება უნდა მოხდეს.
"ნინოწმინდაში მართლაც უნიკალური სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოგყავთ, თქვენი შრომით, თქვენი მშრომელი ხელით. აქ არის ძალიან დიდი მიწები, მათ შორის ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, რომელიც აუცილებლად უნდა დამუშავდეს, მოხდეს პრივატიზება და დამატებითი ღირებულება შეიქმნას ამ მიწაზე, მეტი დოვლათი შეიქმნას, მეტად გაძლიერდეს თქვენი ოჯახები, ეს მხარე და ეს ქალაქი. 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ბიზნესთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ, ჩვენ თვითონ გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი სახელმწიფო და ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი მოსახლეობა და მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, როგორ განვავითაროთ გზები, ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობა და გაზმომარაგება, რომ ყველა ქალაქში და სოფელში იყოს 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება. ის გეგმა, რომელიც შევიმუშავეთ, პასუხობს ამ გამოწვევას, რომელიც ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში - სიღარიბე და უმუშევრობა. ამ გეგმის მიხედვით, ჩვენ ეტაპობრივად, ყოველწლიურად მივუახლოვდებით იმ დიდ მიზანს, როცა ქვეყანაში დაძლეული იქნება სიღარიბე და უმუშევრობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და საქმე და არა უაზრო დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის, უაზრო დებატები და პოლიტიკური ბატალიები. ჩვენ აღარ გვჭირდება, ხალხი დაიღალა ამდენი პოლიტიკური შოუებით და უსაგნო, უსაფუძვლო საუბრებით. ჩვენ გვჭირდება განვითარება, ხალხს სჭირდება პროგრესი, მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ მშვიდობას და სტაბილურობას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, განვითარება შევა ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
"ქართული ოცნება" დღეს არის უალტერნატივო ძალა, ჩვენ დღეს ქვეყანაში ალტერნატივა არ გვყავს, - მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი ჩაატარებს ძალიან მშვიდად არჩევნებს, მტკიცედ მივა არჩევნებამდე, 2 ოქტომბერს გაიმარჯვებს ძლიერად და გააგრძელებს ქვეყნის მშენებლობას.
"მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი, იდეალურები, არა, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმით, ჩვენი ჰუმანურობით, ჩვენი სწორი, პრაგმატული, გონივრული პოლიტიკით დავამტკიცეთ და ვუჩვენეთ ჩვენს ხალხს, რომ შეგვიძლია მართვა სწორად, დემოკრატიულად და ჰუმანურად და არა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით და ათასი უბედურებით, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა და ომებით და ტერიტორიების დაკარგვით. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და მეორედ ამის გაკეთების უფლებას არ მივცემთ. "ქართულმა ოცნებამ" მოსვლის დღიდან გახსნა ბაზრები. გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთის ბაზარი იყო დაკეტილი, ჩვენი მშრომელი ხალხი, ფერმერები ვერ ყიდიდნენ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე. ამ დროს, ძალიან დიდი ბაზარია და მთელი ევროპა და განვითარებული სამყარო მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად. ჩვენ მოვახერხეთ და გავხსენით ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ეს ბაზარიც. გავხსენით ევროკავშირის ბაზარიც, 500-მილიონიანი უზარმაზარი ბაზარი, რომელიც მართლაც ძალიან დიდი მიღწევა იყო. ჩვენს მოსახლეობას მოვუტანეთ უვიზო რეჟიმი. ევროკავშირში საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე საკუთარი პასპორტით, ყოველგვარი ბარიერის გარეშე გადაადგილდება. თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენმა მშრომელმა ხალხმა ეს ინსტრუმენტები გამოიყენოს და კარგად აითვისოს ყველა ის სიკეთე, რაც ამ ბაზრების აგხსნით არის ხელმისაწვდომი. ჩვენ ახლა ჩავატარებთ ძალიან მშვიდად არჩევნებს, მტკიცედ მივალთ არჩევნებამდე, 2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძლიერად და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას. 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, ამიტომ, მეტი საქმე, მეტი პროგრესი, მეტი განვითარება უნდა მოვუტანოთ ყველა ქალაქს და ყველა მუნიციპალიტეტს", - აღნიშნა პრემიერმა.
"ამ რეგიონში და ამ ქალაქში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, იქნება ეს გზების მშენებლობა, წყლის პროექტები, გაზიფიცირების სამუშაოები, სკოლების, ბაღების მშენებლობა, ჰოსპიტალების, საავადმყოფოების მშენებლობა, ასევე ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი"
მისი თქმით, ხალხს მთავარი გამოწვევა აქვს, ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, ამიტომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა მთავრობამ, რათა ბოლომდე დაუდგეს გვერდში მოსახლეობას.
"მეტი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ, მეტი პროექტები განვახორციელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ოჯახები და ჩვენი მთლიანი დიდი ოჯახი - ჩვენი საქართველო. ეს რეგიონი გამოირჩევა ძალიან შრომისმოყვარე ხალხით, მშრომელი და პატრიოტი ხალხით, რომლებიც ქმნიან ძალიან დიდ დოვლათს, შრომობენ, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებს ,უვლიან საკუთარ მიწა-წყალს და ამით აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ჩვენ გამორჩეული ქვეყანა გვაქვს მართლაც, მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, სადაც ყველა ეთნოსის, ყველა ხალხი ქმნის და აძლიერებს საერთო დიდ ოჯახს, ჩვენს საქართველოს. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ,ჩვენ ვქმნით საერთო აწმყოს და ჩვენს მომავალს, ასე ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები, ასევე ემსახურებოდნენ დიდი გულით და დიდი სიყვარულით ჩვენს საერთო ქვეყანას. ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, არის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც მართლაც გამორჩეულია ,რომელიც მანამდე არ იყო. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ ჩვენ ყველამ ერთად, დაწყებული 90-ანი წლებიდან, როცა განუკითხაობის წლები იყო ქვეყანაში მთლიანად და მათ შორის, ამ რეგიონშიც, როგორ ძლიერად იდგა ეს მხარე და ეს რეგიონი. შემდეგ ომები, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომი და ათასი უბედურება, რომელიც ჩვენ ყველამ წარსულს ჩავაბარეთ. შემდეგ ომი იყო 2008 წელს, რამაც ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას გაუჭირდა ძალიან და ახლა პანდემიაა და მჯერა, რომ ამასაც ძალიან ღირსეულად, მოთმინებით და ძალიან გაბედულად ვაჟკაცურად გადავიტანთ. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები, პროექტები, გზების მშენებლობა, ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, ჩვენ, მთავრობამ და ბიზნესმა ერთად, ერთობლივი ძალისხმევით", - განაცხადა პრემიერმა.