"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს გუშინწინდელი დღეა და იქ უნდა დარჩეს, "ოცნება" არის გუშინდელი დღე, ჩვენ უნდა ვიყოთ ხვალინდელი დღე" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს გუშინწინდელი დღეა და იქ უნდა დარჩეს, "ოცნება" არის გუშინდელი დღე, ჩვენ უნდა ვიყოთ ხვალინდელი დღე"

"ნაციონალური მოძრაობა" არის საქართველოს გუშინწინდელი დღე და იქ უნდა დარჩეს, "ოცნება" არის საქართველოს გუშინდელი დღე, ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოს ხვალინდელი დღე, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ის დღეს ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, გალაქტიონ (გაგა) ღუდუშაური წარუდგინა.

"სამი თვის წინ ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ზუსტად 1 წლის წინ მე აქ ვიდექი და თქვენთან ერთად ამ ქვეყნის მომავალზე ვსაუბრობდი, ოღონდ ოცნების მხრიდან", - მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" პარტიული ინტერესები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე სახელმწიფოებრივი.

"მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ ავხსნა, განსაკუთრებით აქ და დღეს. პრობლემა ის იყო, რომ რაღაც მომენტში, ერთმა, ცალკე აღებულმა პარტიამ ჩათვალა, რომ პარტიული ინტერესები უნდა დაეყენებინა უფრო მაღლა, ვიდრე სახელმწიფო ინტერესები, ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ეს არის მთავარი, რის გამოც მე მომიწია ამ ნაბიჯის გადადგმა", - განაცხადა გახარიამ.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ლანძღვა და დაპირისპირება ქვეყანაში უნდა დასრულდეს.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ნაძალადევის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატიც "ქართული ოცნების" რიგებიდან მოდის.

"სხვათაშორის, ეს ბიჭიც, ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი, გალაქტიონ ღუდუშაურიც იქიდან მოდის და ჩვენ ბევრნი მოვდივართ იქიდან. დღესაც ვამბობთ, "ოცნებაში" დღეს ჩვენი ბევრი ღირსეული მეგობარია, მაგრამ სამწუხაროდ, "ოცნების" დღევანდელმა ბოსებმა გადაწყვიტეს აირჩიონ ზუსტად იგივე მეთოდები, რასაც იყენებდა "ნაციონალური მოძრაობა". ფაქტობრივად, ამით გვაბრუნებენ წარსულში და ჩვენ წარსულში არ გვინდა. "ნაციონალური მოძრაობა" არის საქართველოს გუშინწინდელი დღე და იქ უნდა დარჩეს. "ოცნება" არის საქართველოს გუშინდელი დღე. ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოს ხვალინდელი დღე. ოღონდ, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც ბოლო წლების განმავლობაში გაგვიკეთებია, იქ ბევრი შეცდომაც დაგვიშვია, მაგრამ ბევრი კარგიც არის. ეს კარგი უნდა შევინარჩუნოთ და იმაზე უნდა გავაგრძელოთ უკეთესის დაშენება. ეს არის ჩვენი მიზანი. ამიტომ არ გვინდა გუშინწინდელ დღეში დაბრუნება და არც გუშინდელ დღეში ცხოვრება არ გვინდა",- განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა ააშენოს ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო.

"ისეთი სახელმწიფო, რომელმაც უნდა იზრუნოს ჩვენს ბავშვებზე, ჩვენს ხანდაზმულებზე, ჩვენს სოციალურად დაუცველებზე. სახელწიფო, რომლის განსახიერებაც უნდა იყოს კეთილსინდისიერი მასწავლებელი, პოლიციელი, ექიმი, საჯარო მოხელე. რაც შეეხება თბილისს, ყველა ხომ ვხვდებით, რომ ძლიერი სახელმწიფოს გარეშე ძლიერი თბილისი ვერ იქნება და პირიქით, ძლიერი თბილისის გარეშე სახელმწიფო ვერასოდეს ვერ იქნება ძლიერი", -განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა რომ ქალაქის განვითარებაში შერჩევითობა არ უნდა იგრძნობოდეს.

"იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ გაკეთდა, დღეს თბილისში ბევრი პრობლემაა. მთავარი პრობლემა და ძირითადი გულისტკივილი არის ის, რომ თბილისში რაღაც თუ კეთდება, თბილისს რაღაც რესურსი თუ აქვს, არათანაბრად არის ეს გადანაწილებული და რაღაც შერჩევითობა იგრძნობა უბნების მიმართ, ამ უბნებში გარკვეული ქუჩების მიმართ. ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისში უნდა დასრულდეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ამ შერჩევითობასთან. არ უნდა არსებობდეს არანაირი კორუფცია, არანაირი ნეპოტიზმი და ეს გაუთავებელი ბიუროკრატია უნდა დასრულდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა რომ ქალაქის რესურსების განკარგვაზე გადაწყვეტილებების მიღებაში ძირითადი ხმა მოქალაქეებს ეკუთვნით და არა თანამდებობის პირებს.

"თბილისში ელემენტარული საბაზისო ინფრასტრუქტურა არის დასალაგებელი ბევრ უბანში: გზა, კანალიზაცია, წყალარინება, წყალი, ელექტროენერგია... ბაღი, სკოლა, საავადმყოფო. სანამ ეს არ მოგვარდება, მანამდე აი, ამ რაღაც ფუფუნების თემებზე საუბარი არ შეიძლება, ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა. არ შეიძლება მაგალითად, თემქაზე და გლდანში იყოს ერთი მდგომარეობა და სადღაც სხვა უბანში იყოს მეორე მდგომარეობა. ამის უფლება არც მთავრობას აქვს და არც მუნიციპალიტეტს არ უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, დიდი ხანი კიდევ არ გვექნება ყველაფრისთვის საკმარისი რესურსი და საკმარისი ფული. მთავარი პრობლემა ყოველთვის იქნება პრიორიტეტები როგორ გავანაწილოთ: აქ გზა გავაკეთოთ, თუ იქ წყალგაყვანილობა, აქ ელექტროენერგია მოვაწესრიგოთ თუ იქ ბაღი ავაშენოთ და ამ გადაწყვეტილებაში პრიორიტეტები როგორი უნდა იყოს, ძირითადი ხმა უნდა ეკუთვნოდეთ მოქალაქეებს და არა თანამდებობის პირებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ადგილზე რა ხდება. ასეთი შეცდომები მეც დამიშვია, მე არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ, ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი გადადგომიდან იყო ხალხთან სიარული და სულ სხვანაირად ჩანს ეს ყველაფერი. ასე ღია საუბარს როგორც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ძალიან დიდი ფასი აქვს", - მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს.