"არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა გლდანში ცხოვრობ თუ საბურთალოზე - ცხოვრების პირობები თანაბარი უნდა იყოს"
"არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა გლდანში ცხოვრობ თუ საბურთალოზე - ცხოვრების პირობები უნდა იყოს თანაბარი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მან მოსახლეობას პარტია ,,საქართველოსთვის" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნათია მეზვრიშვილი წარუდგინა.
გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან გლდანისა და თბილისის განვითარების პრობლემებზე, უბნებსა და რაიონებს შორის რესურსებისა და ყურადღების სამართლიანად განაწილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"თბილისში და მთლიანად საქართველოში ცოტა უფრო მეტი სამართლიანობის განცდა უნდა გვქონდეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ სად ვცხოვრობთ: მუხიანში, ვაკეში, საბურთალოზე, პლეხანოვზე, ვარკეთილში - თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის, თითოეული თბილისელისთვის ყველაფერი უნდა ნაწილდებოდეს თანაბრად, ყველაფერი, რაც ამ ქალაქში ნორმალური, კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო, ერთმანეთთან ძალიან ახლოს უნდა იყოს და არ უნდა განსხვავდებოდეს.
ფულიც ბიუჯეტიდან უნდა იხარჯებოდეს იმისდა მიხედვით, რომელი რეგიონი, რომელი უბანი უფრო დიდია, რომელი უფრო ნაკლებია. ამას ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ მოქალაქეს, იმისდა მიუხედავად სად დაიბადება ეს ბავშვი და სად გაიზრდება სხვაობა არ უნდა ჰქონდეს, ის ამას არ უნდა გრძნობდეს" - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდული რესურსების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები და ამ გადაწყვეტილებაში მთავარი მოსახლეობის ხმა უნდა იყოს.
"რა თქმა უნდა, თბილისში ბევრი პრობლემაა. სანამ ქალაქში პირველადი, საბაზისო ინფრასტრუქტურა არ იქნება მოწესრიგებული - ეს არის გზები, წყალი, კანალიზაცია, წყალარინები, ელექტროგაყვანილობა, ლიფტები, ამორტიზებული საცხოვრებელი სახლები, ელემენტარული საბავშვო ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები - სანამ ეს ყველაფერი მინიმალურ დონეზე მაინც არ იქნება მოწესრიგებული, კიდევ უფრო მიუღებელია ეს სხვაობა და დისბალანსი სხვადასხვა უბნების განვითარებაში, ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. მესმის, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ქალაქის, ქვეყნის სტუმრები ჩამოდიან და ცენტრალურ უბნებში სეირნობენ, მაგრამ ჩვენთვის სტუმრებზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც უნდა იყოს ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი თბილისელები. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა გლდანში ცხოვრობ თუ საბურთალოზე - ცხოვრების პირობები უნდა იყოს თანაბარი. ეს იქნება ძირითადი პრინციპი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს თქვენმა მაჟორიტარმა დეპუტატმა. ეს უნდა იყოს ძირითადი პრინციპი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს მერმაც, საკრებულომაც და ყველამ.
ჩვენ სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სამწუხაროდ, დღეს ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ, ღარიბი ეკონომიკის შვილები ვართ. უახლოესი 10 წლის განმავლობაში არ გვექნება საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ ყველა პრობლემა ერთ წელიწადში, ერთ დღეში და ერთად მოვაგვაროთ. ამიტომ, საკითხი იქნება როგორ გადავანაწილოთ პრიორიტეტებით ის მწირი შემოსავალი, რომელიც გვაქვს - რა გავაკეთოთ და რა მოვაგვაროთ პირველი, მაგალითად, გზის პრობლემა თუ ლიფტების პრობლემა, წყალარინების პრობლემა თუ სკვერების მოწყობის პრობლემა, ფასადების პრობლემა ქალაქის ცენტრში თუ ამორტიზებული საცხოვრებელი ფონდის პრობლემა სხვადასხვა უბნებში. ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ - ეს არ უნდა იყოს მხოლოდ კაბინეტებში მიღებული გადაწყვეტილება, ეს უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომლის მიღებაშიც თითოეული თბილისელი პირდაპირ იქნება ჩართული. ასე შენდება სამართლიანი სახელმწიფოები და ძლიერი სახელმწიფოები. როდესაც ადამიანს აქვს განცდა და პირდაპირ გრძნობს, რომ რაღაც გადაწყვეტილებები შერჩევითობის პრინციპით არის მიღებული - რა თქმა უნდა მისთვის ეს მიუღებელია და მყარი უსამართლობის განცდა უჩნდება. დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეს ხდება." - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ გლდანში თბილისის მოსახლეობის 30% ცხოვრობს , მაღალი სიმჭიდროვის დასახლებაა და მუნიციპალური სერვისების განვითარებას და ცხოვრების დონის უზრუნველყოფას აქ მეტი ყურადღება სჭირდება.
,,გლდანს, უზარმაზარ რაიონს, სადაც თბილისის თბილისელების დაახლოებით 30 პროცენტი ცხოვრობს, რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და ბიუჯეტიც განსაკუთრებული სჭირდება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს რა ინფრასტრუქტურა კეთდება, როდესაც ამხელა კონცენტრაცია და სიმჭიდროვეა, მეტი რესურსია დასახარჯი ინფრასტრუქტურაშიც, საყოფაცხოვრებო საკითხებშიც, მუნიციპალური სერვისების განვითარებაც აქ ბევრად უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს. თბილისის პრობლემა დღეს იმაშია, რომ თბილისი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მას მუნიციპალური სერვისების განვითარება ეწევა",-ამბობს გახარია.