"მთელი არჩევნები სუს-მა გადაიბარა"
"დღეს პრაქტიკულად, მთელი არჩევნები სუს-მა გადაიბარა. საარჩევნო ადმინისტრაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას არჩევნებზე აზრს არავინ ეკითხება, მთლიანად ჩაბარებული აქვს სუს-ს, რადგან "ქართულ ოცნებას" წაგების შიში აქვს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს მხრიდან მცხეთის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმის" სტუმრობისას განაცხადა.
ამასთან, უდუმაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიები ერთმანეთს შეადარა და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან პირისპირ საუბარი.
"ჩემს "ფეისბუქ" გვერდს რომ გადახედოთ, დღეს ვერ ნახავთ, რომ ჩაგდებული იყოს, რადგან მუდმივი შეხვედრების რეჟიმში ვარ. ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, რომ ტელევიზორში ყოველდღიურად გამოვჩნდე. ჩემთვის მთავარია ყოველდღიურად რამდენ ადამიანს შევხვდები პირადად. მაგალითად, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ადგილზე მივლენ, საკუთარი მანქანებით ხალხს მიიყვანენ, დადგებიან, ფოტოებს გადაიღებენ, კომენტარს მისცემენ და მერე იშლებიან. მათ ადგილობრივებთან კონტაქტი პრაქტიკულად არ აქვთ. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ მეტ ადამიანს მოვუსმინო, ხელი ჩამოვართვა და პირადად გავეცნო. რაც უფრო მეტს გავიცნობ, მით უფრო მეტს გავიგებ რეგიონის პრობლემებზე.
ჩემი მთავარი ამოცანაა ბევრ ადამიანს შევხვდე და საბოლოო ჯამში მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიიღებს ქვეყნისთვის ინტერესებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას", - განაცხადა უდუმაშვილმა.
როგორც მან განაცხადა, მისი პარტია ბილბორდებს გამიზნულად არ იყენებს. მისივე თქმით, ქუჩის სარეკლამო ბილბორდებზე "ქართული ოცნების" კანდიდატების გარდა არავინ არის წარმოდგენილი, რაც მმართველი პარტიისთვის წამგებიანია.
"რატომ აიღეს მათ ბევრი ბილბორდი? იმიტომ, რომ ეგონათ ჩვენც ასე ვიზამდით და მათ ეს უკეთესად გამოუვიდოდათ, მაგრამ ოპოზიციამ ბილბორდებზე საერთოდ უარი თქვა და "ქართული ოცნება" დარჩა მარტო. ეს ხომ უფრო გამაღიზიანებელია მოსახლეობისთვის? წარმოიდგინეთ, მხოლოდ თბილისში აქვთ 10 მილიონის ბილბორდები", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.