"ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება"
ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება - ფაქტებიც ცხადყოფს, რომ ეს ინფორმაციები არათუ გროვდება, არამედ სახელმწიფო უწყებები იყენებენ ადამიანების დევნისა თუ ზეწოლისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ მასალებმა გაჟონა".
ლომჯარიას თქმითვე, მოსმენები არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ზოგადად, სახიფათო პრაქტიკაა და უნდა შეწყდეს.
"ზოგადად, ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ეს არის ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს. საკონსტიტუციო სასამართლოშიც გვაქვს გასაჩივრებული მოსმენების დღევანდელი მექანიზმი იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო კონტროლი. არაერთი შემთხვევა ყოფილა, თუნდაც მედიის მიერ გავრცელებული ფაქტები, რაც შეეხება სკოლის პედაგოგების თუ დირექტორების პირად ცხოვრებაში ჩარევას.
თუნდაც ეს ფაქტი არაა ჯერ გადამოწმებული და დაზუსტებული, თუმცა ამ ფაქტების ერთობლიობა და ინფორმაცია, რასაც სახალხო დამცველი საქმეების შესწავლის შედეგად იღებს, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება. არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ზოგადად არის უკიდურესად სახიფათო პრაქტიკა და ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში. ეს არის ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევა. ამაზე რეაგირებაა განსახორციელებელი. ასეთი პრაქტიკა უნდა შეწყდეს.
იგივე მასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენც გვქონია საქმეები, როდესაც მოუმართავთ ჩვენთვის და დაგვიდგენია დარღვევა, როდესაც, სავარაუდოდ, ესა თუ პირი ან მათი ოჯახის წევრი იყო კონკრეტული ოპოზიციური პარტიის აქტივისტი ან მხარდამჭერი და ამის გამო არ დაუნიშნავთ ან გაუთავისუფლებიათ თანამდებობიდან. ამიტომ ფაქტებიც ცხადყოფს, რომ ეს ინფორმაციები არათუ გროვდება, არამედ სახელმწიფო უწყებები იყენებენ საჯარო სამსახურებში თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადამიანების დევნისა თუ ზეწოლისთვის",- განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, ნინო ლომჯარიამ შეაფასა წინასაარჩევნო გარემო და საარჩევნო სიებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, საარჩევნო სიები ქართული არჩევნების სუსტი წერტილია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ომბუდსმენის აპარატი მიშაობს "ზეწოლების უპრეცედენტო ფაქტებზე".
"საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვიღებთ, თუმცა საინტერესო იქნება ნახვა. ეს ყოველთვის იყო ერთ-ერთი სუსტი წერტილი ქართული არჩევნების, თუმცა ამ ეტაპზე რაზეც ვმუშაობთ ეს არის ზეწოლების უპრეცედენტო ფაქტები, რაც წინა არჩევნებისგან განსხვავებით კიდევ უფრო გახშირებულია, პოლიტიკურ ოპონენტებთან კავშირში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები, რაც გამოიხატება როგორც სამსახურიდან გათავისუფლებაში, ასევე პირების იძულებაში, მოხსნან საკუთარი კანდიდატურა",- განაცხადა ლომჯარიამ.