"საკუთარ თავს და საკუთარ სუს-ს ვერავინ გამოიძიებს - "ქართული ოცნება" უსმენს ყველას, ვისაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება შეუძლია"
პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ფარული მოსმენა "ქართული ოცნების" მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია.
ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ტოტალურ მოსმენა - მიყურადებას აწარმოებს.
"ცხადია, ეკლესია, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი გავლენა აქვს, "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, რათა აკონტროლოს და საკუთარ პოლიტიკურ მოკავშირედ ჰყავდეს. სრულიად დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" უსმენს ყველას, ვისაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება შეუძლია, მათ შორის ეკლესიის შიგნითაც", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილი იხსენებს, რომ არაკანონიერი მოსმენის ჩანაწერი მასთან დაკავშირებითაც გამოქვეყნდა, რაზეც არავის არანაირი გამოძიება არ დაუწყია.
"საკუთარ თავს და საკუთარ სუს-ს ვერავინ გამოიძიებს. "ქართული ოცნება" გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას სწორედ ამ მეთოდებით ცდილობს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.