"მივმართავ კახა კალაძეს და ნიკა მელიას, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები - ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო, ამიტომ ივარჯიშეთ, მოემზადეთ"
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ტელეკომპანია "იმედზე", ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს ნიკა მელიას "მთავარ არხზე" დებატებში მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ერთი ბიძინა ივანიშვილის პროექტს გვეძახის, მეორე კი მიხეილ სააკაშვილთან კავშირში გვადანაშაულებს. მათ ფაქტობრივად შეცდომაში შეჰყავთ საქართველოს მოქალაქეები და აწყობენ ცირკს იმის მაგივრად, რომ შინაარსიან დებატებში შემოვიდნენ.
ამიტომ მივმართავ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს კახა კალაძეს, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს ნიკა მელიას, მოდი, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები პირისპირ, ერთი ერთზე იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ სწორი და ინფორმირებული არჩევანი. როგორც ჩანს, როგორც ბოლო გამოსვლებში მოვისმინე, კახა კალაძეს სხვა ტელევიზიებში სიარულის გარკვეული დისკომფორტი აქვს, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო "იმედის", პარტიულ ტელევიზაში დებატები, იმედი მაქვს, რომ ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს. ნიკა მელიას კი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ არხზე "მთავარ არხზე" ვთავაზობ დებატებს.
მოგეხსენებათ, რომ დებატები, ყველა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის არჩევნების განუყოფელი ნაწილი. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა პატივი ვცეთ ჩვენს ამომრჩევლებს მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება. დღეს არის 13 რიცხვი, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო, ამიტომ ივარჯიშეთ, მოემზადეთ. მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ თქვენთვის კომფორტულ ფორმატში ასეთი დებატები ჩავატაროთ. ეს იქნება პირველ რიგში, თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების პატივისცემა, მივცეთ მათ შესაძლებლობა ნორმალური არჩევანი გააკეთონ", - განაცხადა გახარიამ.