"მან გადმომცა წერილი. თუ ერთხელ ადამიანმა მოიტყუა, შეიძლება მოიტყუოს მეორედ..." - რას ამბობს ჯაფარიძე გახარიაზე? - კვირის პალიტრა

"მან გადმომცა წერილი. თუ ერთხელ ადამიანმა მოიტყუა, შეიძლება მოიტყუოს მეორედ..." - რას ამბობს ჯაფარიძე გახარიაზე?

გახარიას დღეს ეპარება ეჭვი სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, ობიექტურობაში და ამ დროს ის იყო დიდი ხნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი და როცა სჭირდებოდა სრულიად დაუბრკოლებლად იყენებდა სამხარაულის დასკვნებს. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც იცვლის თავის შეხედულებებს იმისდა მიხედვით როგორი პოზიციები აწყობს დაიკავოს იმ კონკრეტულ მომენტში. ეს ძალიან ცუდია, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა ნარკოტესტთან დაკავშირებით.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იმისთვის, რომ გიორგი გახარიასთან ითანამშრომლონ, აუცილებელია მან აღიაროს, რომ ე.წ. მუქარის წერილი მას თავად გადასცა.

"მე მგონია, რომ აუცილებელია ნებისმიერ ურთიერთობის დამყარებისას მოხდეს აღიარება სინამდვილის, სიმართლის თქმა საზოგადოების მიმართ და შემდგომ საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. მე მოვითხოვ სიმართლის თქმა მისგან, დაადასტუროს ის, რაზეც აქამდე იყო საუბარი. მან გადმომცა წერილი. თუ ერთხელ ადამიანმა მოიტყუა, შეიძლება მოიტყუოს მეორედ, მესამედ და რამდენჯერაც დასჭირდება ამიტომ სანამ მივალთ ამ მომენტამდე, რომ შეიძლება თუ არა თანამშრომლობა, აუცილებელია, შეწყდეს ტყუილის გავრცელება მისი მხრიდან და მან დაადასტუროს ის უტყუარი ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა "ლელო" გახარიას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია პროდასავლური ტიპის პოლიტიკოსი არაა და მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.

"ჩვენ დაველოდებით პირველი ტურის შედეგებს. არცერთ შემთხვევაში ჩვენ "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ. თუ ასეთი რამ მოხდა. ხოლო გახარია არ არის ჩვენთვის დასავლური პარტიის წარმომადგენელი, რამდენადაც ის არის "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გამოირჩეოდა ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებით. მაგალითად, მან უწოდა ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სისტემური გადამზღვევი. მეხსიერება ადამიანებს არ ღალატობს. როცა ასეთი ხედვა გაქვს, რომ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს ქვეყნის სისტემური გადამზღვევი და არა ინსტიტუციები და რამდენიმე თვეში ამბობ, რომ თურმე ქვეყანაში ყვავის ნეპოტიზმი და კორუფცია, გულწრფელობა დიდ ეჭვს ბადებს. მე მის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"